პაციენტმა დონორის ორგანოს მიღებამდე ტიტანის გულით 100 დღე იცოცხლა

ტიტანის გული

 ავსტრალიაში ისტორიული მომენტი აღინიშნა - BiVACOR-ის სრულად ხელოვნურმა გულმა გაამართლა.

კაცს გასული წლის ნოემბერში ექვსსაათიანი ოპერაციის დროს ტიტანის გული გადაუნერგეს. გულმა 100 დღის განმავლობაში გამართულად იმუშავა მანამ, სანამ კაცმა გული დონორისგან არ მიიღო.

პროცედურა სიდნეის სენტ-ვინსენტის ჰოსპიტალში ჩატარდა, სადაც ოპერაციას დოქტორი პოლ იანსი ხელმძღვანელობდა. გული ტიტანისგან იყო დამზადებული, როგორც დროებითი გამოსავალი, სანამ დონორის გული არ გახდებოდა ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, ექიმები თვლიან, რომ ტიტანის გულს აქვს პოტენციალი ადამიანს მთელი ცხოვრება მოემსახუროს.

"თავიდან ყველა ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ფაქტია, ტიტანის გულმა გაამართლა", — თქვა იანსმა.

საინჟინრო ინოვაცია: მაგნიტური ლევიტაციის როლი


BiVACOR-ის ხელოვნური გული იყენებს მაგნიტით ლევიტირებულ როტორს სისხლის სატუმბად, რაც გამორიცხავს მექანიკურ ცვეთას და ზრდის მოწყობილობის გამძლეობას. შედეგად, ინოვაციამ უზრუნველყო გლუვი, უწყვეტი სისხლის მიმოქცევა, შეამცირა თრომბის წარმოქმნისა და სტრუქტურის დეგრადაციის რისკები.

მოწყობილობა არის ავსტრალიელი ინჟინრის, დენიელ ტიმსის შემოქმედება, რომელმაც თავისი კარიერა ხელოვნური გულის განვითარებას მიუძღვნა. მისი შთაგონება მომდინარეობდა ბავშვობის გამოცდილებაზე — დენიელი მუშაობდა სანტექნიკოს მამასთან, წყლის ტუმბოების მოწყობილობებზე.

"ჩვენ ტუმბოების მიმართულებით ტექნოლოგიებს ვტესტავდით. ეს ჩემთვის ნამდვილი ინსპირაცია იყო", — იხსენებს ტიმსი.

ამას დაემატა ისიც, რომ ტიმსის მამა გულის უკმარისობით მოკვდა.

ხელოვნური გული აშშ-ში
პაციენტი, რომელმაც BiVACOR-ის გული მიიღო, 40 წლის კაცია ახალი სამხრეთ უელსიდან. მას გულის მძიმე უკმარისობა ჰქონდა. ტიტანის გულის იმპლანტაციამდე კაცს სააბაზანოში დამოუკიდებლად გასვლაც არ შეეძლო და ნაკლებ სავარაუდოა, რომ დონორის გულის მიღებამდე ეცოცხლა.

მან ტიტანის გულით 100 დღეზე მეტი გაატარა და ამ დროს ის თავს კარგად გრძნობდა.

"გადანერგვის მოლოდინში ადამიანების მეოთხედი (ნაადრევად) კვდება. ჩვენ მოწყობილობას ამ ადამიანების გადარჩენა შეუძლია", — ხაზგასმით აღნიშნა იანსმა.

ტიტანის გულის გამოცდა აშშ-იც არის დაწყებული. შტატებში ტიტანის გული პირველმა პაციენტმა 2024 წლის ივნისში მიიღო. მას კიდევ ოთხი პაციენტი მოჰყვა, მაგრამ არცერთი არ გაუწერიათ საავადმყოფოდან, როგორც ეს ავსტრალიელი კაცის შემთხვევაში მოხდა.

ტიმსი თვლის, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ხელოვნური გული უფრო პოპულარული გახდება. ის და მისი გუნდი ახლა მოწყობილობის წარმოების გაზრდაზე ფიქრობენ.

პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მოწყობილობა


ტიტანის გული მხოლოდ 650 გრამს იწონის და ის საკმარისად პატარაა, რათა 12 წლის ბავშვის სხეულშიც მოთავსდეს. მოწყობილობა იკვებება გარე დატენის ბატარეით, რომელიც აკავშირებს მავთულს გულმკერდში. ბატარეა ოთხ საათს ძლებს და უკვე ამის შემდეგ ის დამუხტვას საჭიროებს.

სამომავლო გაუმჯობესებამ შესაძლოა პაციენტებს საშუალება მისცეს დატენონ მოწყობილობა უსადენოდ, მობილური ტელეფონის დამტენების მსგავსად.

მთელს მსოფლიოში ორგანოებზე მოთხოვნა სულ უფრო მატულობს. ათასობით ადამიანი მუდმივად ახალი ორგანოების მოლოდინშია. BiVACOR-ის მსგავსმა ტექნოლოგიებმა შეიძლება რევოლუცია მოახდინოს ორგანოების ტრანსპლანტაციის მიმართულებით.