პაპ ფრანცისკეს სუნთქვის მწვავე უკმარისობა განუვითარდა, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

რომის პაპი

არსებული ინფორმაციით, დღის მანძილზე პაპ ფრანცისკეს ორჯერ განუვითარდა სასუნთქი გზების მწვავე უკმარისობა, რის შედეგადაც, მას ჩაუტარდა ბრონქოსკოპია.

პაპი ამ დროისთვის კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.

88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, 22 თებერვალს წმიდა საყდარმა  განაცხადა, რომ რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

„წმიდა მამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მას საფრთხისთვის თავი არ დაუღწევია". - წერია განცხადებაში.

ვატიკანის ცნობით, პაპმა გადაიტანა "ასთმის მსგავსი განგრძობადი რესპირატორული კრიზისი".

„პაპი გონზეა, დღე სავარძელში გაატარა, თუმცა თავს სუსტად გრძნობს. ექიმების პროგნოზი თავშეკავებულია". - ეწერა ვატიკანის განცხადებაში.

გარდა ამისა, ვატიკანის ცნობით და 22 თებერვლის მონაცემებით, ჩატარებულმა სამედიცინო ანალიზმა თრომბოციტოპენია გამოავლინა, რაც ანემიასთან არის ასოცირებული და რის გამოც პაპს სისხლის გადასხმა დასჭირდა.

ექიმების თქმით, პაპ ფრანცისკესთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სეფსისის დაწყება წარმოადგენს, რაც, შეიძლება, პნევმონიის გართულების შედეგად მისი სასუნთქი სისტემიდან სისხლის მიმოქცევაში ბაქტერიების შეღწევამ გამოიწვიოს.

პაპის მკურნალმა გუნდმა თქვა, რომ ამჟამად სეფსისი ნიშნები არ აღინიშნება და ის მედიკამენტებზე დადებითად რეაგირებს.