19:55
„ნიუ იორკ თაიმსი“ - კომპანია „ამაზონმა“ „ტიკ ტოკის“ ამერიკული წილის შესყიდვის განაცხადი გააკეთა

კომპანია „ამაზონმა“ „ტიკ ტოკის“ ამერიკული წილის შესყიდვის განაცხადი გააკეთა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული წინადადების შემცველი წერილები გაეგზავნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლატნიკს.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ „ამაზონის“ მიერ წარდგენილ განაცხადს ამ საკითხზე მოლაპარაკების მონაწილეები სერიოზულად არ აღიქვამენ. თავად „ამაზონში“ კომენტარზე უარი განაცხადეს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უახლოეს ხანში აპირებს გამართოს შეხვედრა თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, რომელზეც „ტიკ ტოკის“ მომავალი იქნება განხილული.
გამოცემის ცნობით, სოციალური ქსელის ამერიკული წილის გაყიდვის შესახებ, შესაძლო სამომავლო გარიგებაში, შესაძლოა ახალი ამერიკული ინვესტორები ჩაერთონ და ფორმალურად საკუთრების სტრუქტურა აღარ შეიცვლება.
ცნობისთვის, 2024 წლის გაზაფხულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც აშშ-ში „ტიკ ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, თუ სოციალური ქსელი არ გამოეყოფა ჩინურ კომპანია „ბაითდენსს“. კანონმდებლებმა ჩათვალეს, რომ „ტიკ ტოკი“ აშშ-ის უსაფრთხოებას ემუქრება, რადგანაც ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს სოციალური ქსელის მფლობელ კომპანიას ინფორმაცია ამერიკელი მომხმარებლების შესახებ.
2024 წელის აპრილში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანონს ხელი მოაწერა, ხოლო იანვარში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღის ადრე, დოკუმენტს მხარი სენატმაც დაუჭირა.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის ფარგლებში გენერალურ პროკურორს დაავალა ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის ამოქმედების 75 დღით გადავადება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ტიკ ტოკი“ შეძლებს აშშ-ში ფუნქციონირების გაგრძელებას, იმ პირობით, რომ კომპანიის ამერიკული დანაყოფის აქციების 50%-ი ამერიკულ კომპანიას გადაეცემა.