ნაპოვნია ვაშინგტონთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთები“

ვაშინგტონთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი

ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის რაიონში, მდინარე პოტომაკში ნაპოვნია სამგზავრო თვითმფრინავის ორივე საბორტო თვითჩამწერი, ე.წ. შავი ყუთები.

ეს ინფორმაცია ამერიკულ მედიასაშუალებებს დაუდასტურეს შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში.

„შავი ყუთების“ მონაცემების გაშიფვრა მნიშვნელოვანია კატასტროფის მიზეზის დასადგენად.

ტელეკომპანიები CBS-ი და CNN-ი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სამძებრო ოპერაციისას უკვე ნაპოვნია, სულ მცირე, 40 დაღუპულის ცხედარი.

ვაშინგტონის აეროპორტთან სამგზავრო ავიალაინერის, Bombardier CRJ700-ის და სამხედრო ვერტმფრენის, UH-60 Black Hawk-ის შეჯახების დროს რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში საკმარისი რაოდენობის დისპეტჩერები არ იყვნენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times იუწყება, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს წინასწარ დასკვნას ეყრდნობა.

ამ დასკვნის მიხედვით, მორიგე ავიადისპეტჩერი ასრულებდა საქმეს, რომელსაც წესით ორი ადამიანი სჭირდებოდა.

ცნობისთვის, 29 იანვარს, საღამოს, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.

ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი მომხდარში დემოკრატიულ პოლიტიკას ადანაშაულებს.

მისი განმარტებით "მრავალფეროვნების წესების" გათვალისწინებით, საჰაერო მოძრაობის კონტროლისთვის დაქირავებული ადამიანები ყოველთვის კვალიფიციურები არ არიან.

თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.

30 იანვარს სამძებრო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაღამების შემდეგ შეჩერდა 31 იანვრის დილამდე.