„მას შემდეგ რაც სისხლი აუღეს, მედპერსონალმა გონება დაკარგა...“ - „ტოქსიკური ქალის" ბურუსით მოცული ისტორია

გლორია რამირესი

„მისი სისხლის აღების შემდეგ ექიმები და ექთნები ერთმანეთის მიყოლებით ცუდად გახდნენ. 20-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა", - ეს გლორია რამირესის , იგივე, „ტოქსიკური ქალის“ ისტორიაა, რომელსაც დღემდე ვერაფრით ხსნიან.

1994 წლის 19 თებერვალს კალიფორნიის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩვეულებრივი მორიგეობა ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სამედიცინო შემთხვევად იქცა.

31 წლის გლორია რამირესი კლინიკაში  სასწრაფო დახმარების მანქანამ  მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა. როდესაც ექიმებმა მისი სისხლის ნიმუში აიღეს,  უცნაური, ამიაკის მსგავსი სუნი იგრძნეს. სამედიცინო პერსონალი ერთმანეთის მიყოლებით ცუდად გახდა. ზოგს თავბრუსხვევა და პირღებინება დაეწყო, ნაწილმა კი გონება დაკარგა.  ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ჰაერში  ტოქსიკური ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. მოგვიანებით ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმაც ვერ დაადგინა, რა ნივთიერებამ გამოიწვია საავადმყოფოს თანამშრომლების ცუდად გახდომა,

რამირესი იმავე ღამეს გარდაიცვალა.  მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის რიტმის დარღვევა და თირკმლის მწვავე უკმარისობა დასახელდა.

რამირესის გაკვეთისთვის სპეციალისტებს დამცავი ეკიპირების გამოყენება დასჭირდათ, რადგან სხეული შესაძლოა საშიში ნივთიერების წყარო ყოფილიყო. თუმცა, მომხდარს საბოლოო პასუხი ვერც გაკვეთამ გასცა.

მეცნიერების ნაწილის თქმით, რამირესის ორგანიზმში არსებული ნივთიერებების ქიმიურ გარდაქმნას შესაძლოა ტოქსიკური ნაერთი წარმოექმნა. თუმცა, ნაერთი ქალის ორგანიზმში  არ აღმოჩენილა.

რა გახდა სინამდვილეში საავადმყოფოს პერსონალის ერთდროულად ცუდად გახდომის მიზეზი? იყო ეს იშვიათი ქიმიური რეაქცია, გარემოს ფაქტორი თუ რაღაც, რასაც მეცნიერებმა უბრალოდ ვერ მიაკვლიეს? - ამ კითხვებზე პასუხი დღემდე არ არსებობს...