ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა

ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა

ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო პროცესი შეჩერებული იყო.

ხან იუნისში მძევლების გადაცემისას ადგილზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა, რამაც ქაოსი გამოიწვია და ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდათ, უკან, ციხეებში დაბრუნების ბრძანება მიეცათ. მოვლენები განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც 80 წლის ისრაელელი მძევალი შენიშნეს ხალხის მასაში.

პარალელურად, ისრაელის მხრიდან მძევლების კოორდინატორმა განაცხადა, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზისთვის ემზადება. გალ ჰირშმა აღნიშნა, რომ ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყველა მძევალი სახლში დააბრუნოს.

„ჩვენ ახლა ვემზადებით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად შეთანხმების მეორე ფაზის დასაწყებად“, – განაცხადა ჰირშმა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“. ეს ფაზა უნდა დაიწყოს მე-16 დღეს; მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზის რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს, ასევე დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას.