ისრაელის მინისტრების პროვოკაციული განცხადებები თურქეთის მიმართ ისრაელის მთავრობის აგრესიულ პოლიტიკას ასახავს - თურქეთის საგარეო უწყება

თურქეთის საგარეო უწყება

ისრაელის მინისტრების პროვოკაციული განცხადებები თურქეთის მიმართ ასახავს ისრაელის ფუნდამენტალისტური და რასისტული მთავრობის აგრესიულ, ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, – ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, სირიის ფრონტზე რაიმე პროვოკაციის ან თავდასხმის არარსებობის მიუხედავად, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს გასულ ღამეს სხვა ახსნა არ აქვს, გარდა ისრაელის საგარეო პოლიტიკური მიდგომისა, რომელიც „იკვებება კონფლიქტით“.

განცხადების მიხედვით, შეუძლებელია, ისრაელის მინისტრებმა დამალონ გენოციდი, რომელიც ჩაიდინეს ღაზაში, ყოვლისმომცველი ომი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიის განზრახვა და ექსპანსიონისტური ამბიციების უკან მათი თავდასხმები სირიასა და ლიბანზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელი გახდა უდიდესი საფრთხე რეგიონული უსაფრთხოებისთვის თავისი თავდასხმებით, რომლებიც მიმართულია რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ.

განცხადებაში საუბარია ისრაელის მიერ ექსპანსიონისტური პოლიტიკის მიტოვების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლისა და სირიაში სტაბილურობის დამყარების მცდელობებისთვის ძირის გამოთხრის შეწყვეტის მნიშვნელობაზე.