KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში პროფესორმა გიორგი ნადარეიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორმა გიორგი ნადარეიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა.

გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესორმა წაიკითხა ლექცია თემაზე - „რამდენია ბევრი?“. ლექციის განმავლობაში გიორგი ნადარეიშვილი, მოსწავლეებთან ერთად, შეეცადა რაოდენობის უმარტივესი ინტუიციური ცნება უსასრულობაზე განეზოგადებინა და გაეცა პასუხი კითხვაზე - არსებობს თუ არა უფრო დიდი და პატარა უსასრულობები.

შემეცნებით საჯარო ლექციებს ახალგაზრდების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. შეხვედრებს მე-9 - მე-12 კლასების 700-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახალი პროექტი - „KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი‘‘ ხელს უწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, ეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.

სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.