1744027214
გარღვევა მედიცინაში - მეცნიერებმა გულის ყველაზე პატარა ელექტროსტიმულატორი შექმნეს

მეცნიერებმა ყველაზე პატარა ელექტროკარდიოსტიმულატორი, იგივე "პეისმეიკერი", შექმნეს. ის ბრინჯის მარცვალზე მცირე ზომისაადა შეიძლება, ორგანიზმში ინიექციის გზით მოთავსდეს. მოწყობილობა სინათლით იმართება და ბოლოს მთლიანად იშლება.
ადამიანებზე მისი ტესტირება ჯერ კიდევ მომავლის პერსპექტივაა, თუმცა ეს უკაბელო ელექტროსტიმულატორი შეფასდა, როგორც "ტრანსფორმაციული გარღვევა". შესაძლოა, ის მედიცინის სხვა სფეროებშიც მნიშვნელოვანი წინსვლის მიზეზი გახდეს.
მსოფლიოს მასშტაბით მუდმივი ელექტროსტიმულატორი მილიონობით ადამიანს აქვს. ის ელექტრული იმპულსებით გულის სტიმულირებას უზრუნველყოფს, რათა ორგანომ ნორმალურად იმუშაოს. აშშ-ის მკვლევართა გუნდი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მოტივაცია ამ ორგანოს თანდაყოლილი დეფექტების მქონე პაციენტების დახმარებაა. მოწყობილობის გამოყენება ზრდასრულებშიც შეიძლება, რათა გულის ოპერაციის შემდეგ ნორმალური პულსაცია აღუდგეთ.
ამჟამად დროებითი კარდიოსტიმულატორის ჩადგმა ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. ამ დროს ელექტროდები გულის კუნთებზე მაგრდება, ხოლო სადენები პაციენტის გულმკერდზე მოთავსებულ ენერგიის წყაროს უერთდება. როდესაც მოწყობილობა საჭირო აღარ არის, პაციენტს სადენებს აშორებენ, რაც ზოგჯერ დაზიანებებს იწვევს.
ნილ არმსტრონგი — პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე გაიარა — 2012 წელს დროებითი კარდიოსტიმულატორის მოშორების შემდეგ წარმოქმნილი შინაგანი სისხლდენის შედეგად მოკვდა. ახლად შექმნილი მოწყობილობა უკაბელოა. მისი სისქე სულ ერთი მილიმეტრია, ხოლო სიგრძე — 3.5 მილიმეტრი. ეს მას საშუალებას აძლევს, შპრიცის წვერს მარტივად მოერგოს. გარდა ამისა, მოწყობილობა ისეა შექმნილი, რომ როცა საჭიროება აღარ იქნება, თავისით დაიშალოს. შესაბამისად, პაციენტები დამატებითი ქირურგიული ჩარევისგან თავისუფლდებიან.
გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს ელექტროსტიმულატორი სპეციალურ რბილ პლასტირს უერთდება, რომელიც პაციენტის გულმკერდზე მაგრდება. არარეგულარული გულისცემის დაფიქსირებისას ის სინათლეს ავტომატურად ასხივებს, რაც მოწყობილობას საჭირო რიტმის სტიმულირებას უბრძანებს.
ელექტროკარდიოსტიმულატორი ენერგიას ე.წ. გალვანური ელემენტისგან იღებს, რომელიც სხეულის სითხეებით ქიმიურ ენერგიას ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის. რაც შეეხება ტესტირებას, ის ვირთხებზე, თაგვებზე, ღორებზე, ძაღლებსა და ადამიანის გულის ლაბორატორიულად შექმნილ ქსოვილზე ჩაატარეს. ამ პროცესმა წარმატებით ჩაიარა.
კვლევის წამყვანმა ავტორმა და ჩრდილოეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ჯონ როჯერსმა, განაცხადა, რომ ადამიანზე მოწყობილობის გამოცდა, სავარაუდოდ, 2-3 წელიწადში დაიწყება. მისი ლაბორატორია ამ მიზნის მიღწევაზე უკვე მუშაობს.
ჯონ როჯერსის თქმით, მომავალში ამ ტექნოლოგიის საფუძველზე შესაძლებელია, "უნიკალური და ძლიერი სტრატეგიების შექმნა, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მოაგვარებს".
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერმა ბოჟი ტიანმა ეს სიახლე "მნიშვნელოვან წინსვლად" შეაფასა. სინათლით გააქტიურებადი ელექტროკარდიოსტიმულატორი მისმა ლაბორატორიამაც შექმნა, თუმცა ამ კვლევაში თავად არ იყო ჩართული.
"ახალი მოწყობილობა მედიცინის ტექნოლოგიაში ტრანსფორმაციული გარღვევაა", — განაცხადა მან — "ეს ცვლილება კარდიოსტიმულაციისა და ბიოელექტრული მედიცინის სფეროში ახალ შესაძლებლობებს აჩენს ისევე, როგორც ნერვების რეგენერაციაში, ჭრილობების შეხორცებასა და ჩაშენებული ჭკვიანი იმპლანტების განვითარებაში".
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გულის დაავადებები მსოფლიოში სიკვდილის უმთავრესი მიზეზია.