Disney ლიონელ მესიზე გადაღებულ ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს

მესი

Variety-ს ინფორმაციით, Disney Channel-მა ლიონელ მესიზე გადაღებული ანიმაციური სერიალი შეიძინა. სერიალის, სახელწოდებით “მესი და გიგანტები” პრემიერა ახლო მომავალში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არაა ცნობილი. როგორც გამოცემა წერს, გადაღებები ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო.

პროექტის განმავლობაში გადამღებ ჯგუფთან ლეგენდარული ფეხბურთელი, ლიონელ მესი თავადვე თანამშრომლობდა.

“ყოველთვის ვოცნებობდი, საკუთარი წვლილი შემეტანა პროექტში, რომელიც სპორტის დატვირთვასა და ღირებულებებს ნათლად წარმოაჩენს. მჯერა, ახალგაზრდა თაობის შთაგონებისთვის მსგავსი პროდუქტის არსებობა აუცილებელია. ანიმაციური სერიალი განპირობებულია იდეით, რომ შეუპოვრობით, დისციპლინითა და შრომისმოყვარეობით შეუძლებელი არაფერია”,-ამბობს მესი.

სერიალის პროდიუსერი Sony-ია. ოფიციალური აღწერის მიხედვით, სათავგადასავლო სერიები მოგვითხრობს “ერთ ჩვეულებრივ 12 წლის ბიჭ ლეოზე, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი გააჩნია, თუმცა პარალელურად უამრავ გამოწვევას უმკლავდება”. ანიმაციური სერიალის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ პროექტი გლობალურ პოპულარობასა და აღიარებას მოიპოვებს.