დააკავეს კაცი, რომელმაც ფრენის დროს Emergency კარის გაღება და ეკიპაჟის წევრის დახრჩობა სცადა

თვითმფრინავი

მამაკაცმა ფრენის დროს ეკიპაჟის წევრის დახრჩობა სცადა. იგი  ფრენის დროს, ოკეანის თავზე სავარაუდოდ, ცდილობდა გადაუდებელი გასასვლელის კარების გაღებასაც. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. 

„მამაკაცი შეაკავა ეკიპაჟმა და მგზავრებმა, რა დროსაც მან სავარაუდოდ შეურაცხყოფა მიაყენა ავიაკომპანიის პერსონალს", - განაცხადა პოლიციამ.

ფრენის დროს თვითმფრინავში დაახლოებით 200 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შემდეგ, პილოტი იძულებული გახდა უკან, სიდნეის აეროპორტში დაბრუნებულიყო. 

მამაკაცს ბრალი 2 მუხლით აქვს წაყენებული. თითოეული დანაშაული მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა AirAsia-ის რეისზე მოხდა. ავიაკომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენმა სალონის ეკიპაჟმა, რომელიც პროფესიონალურად არის გაწვრთნილი ასეთ სიტუაციებზე რეაგირებისთვის, გააკეთა ყველაფერი ბორტზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტუმრების ან ეკიპაჟის უსაფრთხოება არ დაზარალებულა“.

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, როგორც შადი ტაისერ აიედ ალსაიდე. პოლიციამ ის მაშინ დააკავა, როდესაც რეისი სიდნეის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მამაკაცი სასამართლოში 9 აპრილს უნდა გამოცხადდეს.