CNN: 20-ზე მეტი ამერიკელი უკრაინაში ფრონტის ხაზზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ნკ

აშშ-ის მოქალაქეობის მქონე 20-ზე მეტი ადამიანი, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად იყო ჩასული, ფრონტის ხაზზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია უცხოელების და პირველ რიგში ამერიკელების როლის შესახებ უკრაინულ ომში. სტატიაში აგრეთვე საუბარია იამზე, რომ აშშ-ის ხელისუფლება სირთულეებს აწყდება მისი დაღუპული მოქალაქეების გადმოსვენების პროცედურების დროს.

CNN-ის მტკიცებით, ბოლო ნახევარ წელიწადში ბრძოლის ველიდან ხუთი დაღუპული ამერიკელის ცხედრის გამოყვანა გახდა შესაძლებელი. ორი მათგანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოსვენებული.

ტელეარხის ჟურნალისტებმა კიევში გაიცნეს და ჩაწერეს ლორენ გიომი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია RT Weatherman Foundation-ში მუშაობს. ორგანიზაცია ეხმარება ოჯახებს საკუთარი წევრების მოძებნაში. გიომის განცხადებით, დღესდღეობით მისი ორგანიზაცია 88 გარდაცვლილი ან დაკარგული უცხოელის საქმეებით არის დაკავებული, რომელთაგან ნახევარი ამერიკელები არიან.