1738307861
ევროკავშირიც და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც დარწმუნებული არიან, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, რადგან აგრესორი სწორედ ისაა - კაია კალასი
ევროკავშირსა და აშშ-ის უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთნაირი შეხედულება აქვთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კალასის თქმით, ევროკავშირიც და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც დარწმუნებული არიან, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, რადგან აგრესორი სწორედ ისაა.
„ომი რუსეთმა დაიწყო. რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტით და უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანით. ამიტომ, მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“, – აღნიშნა კალასმა.
კალასმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონსაც ესმის ეს გარემოება.
„გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინის მისამართით ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა. ასე რომ, ვფიქრობ, სიტუაციის მსგავსი ხედვა გვაქვს“, – აღნიშნა კალასმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ვაშინგტონს, ისევე როგორც ბრიუსელს, სურს მდგრადი მშვიდობა უკრაინაში და არა დროებითი ზავი.
„ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი მშვიდობა, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის ცხრა პროცენტს სამხედრო ინდუსტრიაში დებს. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ ძლიერი, რათა სწორი სიგნალები გავაგზავნოთ“, – აღნიშნა კალასმა.