მეცნიერების პრიორიტეტულობა: რა როლს ასრულებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ქვეყნის განვითარების პროცესში?

ვლადიმერ პაპავა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს აკადემიის საქმიანობასა და მის მნიშვნელოვან როლზე თანამედროვე საქართველოს სამეცნიერო ცხოვრებაში. მისი თქმით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის ის სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სამეცნიერო სფეროს განვითარებას.

როგორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარი მიზნები და ამოცანები თანამედროვე საქართველოში?

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიზანი არის ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს, მის წარმოჩენას და საერთაშორისო არეალზე გატანას. მეცნიერებათა აკადემია არის ინსტიტუცია, რომელიც მუდმივად განახლებადი და ცვალებადია. ის შეიქმნა საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1941 წლის 10 თებერვალს. სიმბოლურია, რომ ეს თარიღი ძალიან ახლოს არის უნივერსიტეტის დაბადების დღესთან, რომელიც 8 თებერვალს არის, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

თავიდანვე მეცნიერებათა აკადემია გამოჩენილ მეცნიერთა გაერთიანების გარდა, იყო კვლევითი ცენტრი, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ინსტიტუტებს. ამ ინსტიტუტების რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა და 2000-იანი წლების დასაწყისში უკვე 50-ს აღწევდა. პრაქტიკულად, მეცნიერების ყველა დარგში მიმდინარეობდა კვლევები. მთლიანად მეცნიერებამ და კონკრეტულად მეცნიერებათა აკადემიამ სერიოზული დარტყმა მიიღო მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოვიდნენ. კერძოდ, ვგულისხმობ ე.წ. „ლომაიას რეფორმებს“, როცა ვითომდა „რეფორმების“ სახელით დაიწყეს ბრძოლა მეცნიერების წინააღმდეგ.

პირველი დარტყმა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როდესაც ერთ დღეს სრულიად გაუქმდა სამეცნიერო სექტორი. ამის შედეგად, რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, როცა უნივერსიტეტის მკვლევრები დაავადდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა კიდეც. პარალელურად აკადემიის სისტემიდან გაიტანეს ინსტიტუტები. დიდი ნაწილი დაექვემდებარა უნივერსიტეტებს, ზოგიერთმა მათგანმა ამ ინსტიტუტებს მოუარა, ისინი შემოინარჩუნა. სამწუხაროდ, სხვა უნივერსიტეტებმა მხოლოდ შენობების გამოყენების მიზნით შეიერთეს ეს ინსტიტუტები, რომლებიც უკვე როგორც ინსტიტუტები ფაქტობრივად აღარ არსებობენ.

მეცნიერებათა აკადემიაში დღეს შედის სამი სტრუქტურული ერთეული: „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტი (მოკლედ, „რუსთაველის კომიტეტი“), ქართული ენციკლოპედია, და  აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრი. სამივე სტრუქტურული ერთეული განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. „რუსთაველის კომიტეტი“ უშუალოდ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია. რაც შეეხება ენციკლოპედიას, აქ განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ყველა ერი ვერ დაიტრაბახებს ისეთი გამოცემით, როგორიც ენციკლოპედიაა. საქართველოში კი ენციკლოპედიის გამოცემას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩაეყარა საფუძველი, დღეს კი გარდა ბეჭდური გამოცემებისა, ინტერნეტში შექმნილია მუდმივად განახლებადი გვერდი.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის წევრების აირჩევა თავად აკადემიის მიერ მეცნიერებაში მიღწეული განსაკუთრებული შედეგებისთვის. მეცნიერებათა აკადემია დღეს წარმოადგენს მეცნიერთა იმ საპატიო პლატფორმას, სადაც არა მარტო აკადემიის წევრები, არამედ ნებისმიერი მეცნიერი დიდ პატივად მიიჩნევს კვლევის შედეგების გაცნობას კოლეგებისთვის და მათგან შეფასების მიღებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლში არის სპეციალური ჩანაწერი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ. ამ ჩანაწერით, მეცნიერებათა აკადემია პრაქტიკულად კონსტიტუციური ორგანოა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია კანონი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“, რომლის თანახმადაც მეცნიერებათა აკადემია არის მთავრობის მეცნიერული მრჩეველი. ამ კანონით ჩამოყალიბებულია აკადემიის ფუნქციები. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებათა აკადემიამ განსაზღვროს სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებები და მოახდინოს ქვეყანაში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ექსპერტიზა.

მეცნიერებათა აკადემიაში შექმნილია 9 განყოფილება, რომლებიც მოიცავს მეცნიერების ყველა დარგს. ამის გარდა, აკადემიაში შექმნილია დარგობრივი პრობლემური კომისიები, როგორიცაა, მაგალითად, ინოვაციების კომისია. ინოვაციები, როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერ სფეროში შეიძლება განხორციელდეს, და ყველა მეცნიერს - იქნება ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის თუ სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი - მისთვის პრესტიჟულია ამ და სხვა მსგავსი კომისიის სხდომაზე მოხსენების გაკეთება. აქ ხდება მიღებული სამეცნიერო შედეგების განხილვა და მათი შეფასება.

როგორც შეაფასებდით აკადემიის წვლილს საქართველოს მეცნიერების განვითარების ისტორიულ პროცესში?

ჩვენ კანონში წერია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე. ფაქტობრივად, ეს აკადემიები ისტორიულად იყვნენ პირველი უნივერსიტეტები.

როდესაც ევროპელები ამაყობენ თავიანთი უძველესი უნივერსიტეტებით, ჩვენ არანაკლებ საამაყო ისტორია გვაქვს, რადგან გელათისა და იყალთოს აკადემიების დაარსება XI-XII საუკუნეებით თარიღდება. სამწუხაროდ, ამ აკადემიების შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

საყურადღებოა, რომ თანამედროვე კვლევები დიდწილად დაკავშირებულია დაფინანსებასთან. სწორედ ფინანსების ოდენობა, სხვა თანაბარ პირობებში, განსაზღვრავს კვლევების ხარისხს. მიუხედავად ამისა, არაერთი ქართველი ცნობილი მკვლევარი მიწვეულია საზღვარგარეთ წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში.

რას წარმოადგენს აკადემია დღეს?

აკადემიის შესახებ ხსენებული კანონიდან გამომდინარე, ის არის „საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება“.

აკადემიაში გვაქვს წევრობის ორსაფეხურიანი სისტემა: აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და წევრ-კორესპონდენტი. წევრ-კორესპონდენტს მოეთხოვება მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში, ხოლო აკადემიკოსს მოეთხოვება საერთაშორისო დონის წვლილი ჰქონდეს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში. როგორც წესი, მეცნიერებაში ასეთი შედეგების მიღწევას საკმაო დრო სჭირდება, რაც ასაკთან არის დაკავშირებული. ადამიანმა შეიძლება ახალგაზრდობაში გააკეთოს სერიოზული აღმოჩენა, მაგრამ მის აღიარებას გარკვეული დრო სჭირდება. რაც ასაკში შედის, ესა თუ ის მეცნიერი, თუ კის მას ნამდვილად აქვს ღირებული სამეცნიერო შედეგები მიღებული, მით უფრო აღიარებული ხდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩემ სტუდენტებთან ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი: ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, რომელმაც 84 წლის ასაკში მიიღო ნობელის პრემია, ის გახდა ამ პრემიის ლაურეატი იმ ნაშრომისთვის, რომელიც მან 27 წლის ასაკში გამოაქვეყნა.

წევრ-კორესპონდენტების ინსტიტუტი სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაუქმდა, რაც ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. იმის დადასტურება, რომ ესა თუ ის მეცნიერი თუნდაც ქვეყნის მასშტაბითაა აღიარებული, უკვე გარკვეული სტიმულია მისთვის, რომ მან კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თუ არ ჩავთვლით „რუსთაველის კომიტეტს“, აკადემია დღეს არის ის სამეცნიერო პლატფორმა, სადაც ხდება სამეცნიერო შედეგების განხილვა, სამეცნიერო დაწესებულებების საქმიანობის შეფასება, კვლევის მიმართულებების დასახვა.

კანონიდან გამომდინარე ყოველი წლის დასაწყისში, წინა წლის გაწეული სამუშაოების ანგარიშებს შეფასებისთვის გვიგზავნიან საქართველოში საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები უნივერსიტეტები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები. ამ ანგარიშებში ასახული შედეგების ექსპერტიზა აკადემიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა არადამაკმაყოფილებლად იყო შეფასებული, რის საფუძველზეც მთავრობას შესაბამისი ადმინისტრაციული ზომებიც კი გაუტარებია.

რამდენად აქტიურად თანამშრომლობს აკადემია საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტებთან?

მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან და ინსტიტუტებთან. ჩვენს შორის არის მჭიდრო ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიებთან. ჩვენი აკადემიის წევრები ხშირად არიან სხვა ქვეყნების, თუ საერთაშორისო აკადემიების უცხოელი წევრები.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებთან და აქტიურად მონაწილეობს აკადემიების საერთაშორისო ასოციაციებების საქმიანობაში.

ჩვენ გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება CERN-თან (European Organization for Nuclear Research), რომელიც შვეიცარიაში მდებარე ძალიან დიდი სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციაა და თანამედროვე ფიზიკის პრობლემებს შეისწავლის.

მეცნიერებაში კონტაქტები უმთავრესად დამოკიდებულია ცალკეულ მეცნიერებზე, მათ საერთაშორისო აღიარებაზე. ინსტიტუციას, როგორც წესი, უჭირს სხვა ინსტიტუციებთან საქმიანი კონტაქტის დამყარება, თუ შესაბამის მეცნიერებს არ აქვთ ეს კონტაქტები. აკადემიის საერთაშორისო კონტაქტები არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ მეცნიერებს აქვთ საერთაშორისო ცნობადობა.

გარდა ამისა, ჩვენთვის საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტებთან მუშაობა პრიორიტეტულია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პერიოდულად ტარდება საერთაშორისო კონფერენციები. მაგალითად, შარშან ჩატარდა IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ქართული ენის, ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ის, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა, ზუმის მეშვეობით ჩაერთო. ჩვენთვის ფასეულია, რომ მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტებში მოღვაწეობენ ცნობილი უცხოელი ქართველოლოგები. კონგრესი სრულად დააფინანსა საქართველოს მთავრობამ, რისთვისაც აკადემია მისი მადლობელია.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით მეცნიერების თითქმის ყველა დარგში მსგავსი ფორუმები  გარკვეული პერიოდულობით ტარდება.

საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გამოსცემს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბეს“. წელიწადში მისი 4 ნომერი გამოიცემა. ეს ჟურნალი ინგლისურენოვანია და, რაც მთავარია, SCOPUS-ის სამეცნიერო ბაზაშია შესული. ეს ერთი გამორჩეული სამეცნიერო ბაზაა, სადაც გამოქვეყნებული ნაშრომები ძალიან პრესტიჟულია. ქართული მეცნიერების მიერ მიღებული სამეცნიერო შედეგების საერთაშორისო სარბიელზე გატანა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ სტატიებს ვიღებთ საზღვარგარეთიდან, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

რა როლს თამაშობს აკადემია გლობალურ სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და როგორ ხდება ქვეყნის პოტენციალის წარმოჩენა?

საქართველო მცირე ქვეყანაა, ამიტომ იმ მასშტაბის მეცნიერების შენარჩუნება, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს, პრაქტიკულად საქართველოსთვის ფინანსურად ვერ იქნება შესაძლებელი. ამის მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა კავშირი რესურსებთან ეკონომიკაზე იყო დაფუძნებული, რის გამოც ცენტრალური ბიუჯეტიდან საბჭოთა კავშირს შეეძლო მოკავშირე რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, შეენახა სპეციალიზებული სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები. დღეს საქართველოს ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ინტერნეტ-ტექნოლოგიებია განვითარებული, აღარ არის აუცილებელი, რომ კონკრეტული კვლევა უშუალოდ შენ სივრცეში ჩატარდეს.

დღეს საქართველოს განვითარებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა გადასაწყვეტი. ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანია. ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო დერეფანი, არამედ პრაქტიკულად ეკონომიკური დერეფანია. სატრანსპორტო დერეფანი გულისხმობს მხოლოდ ტრანსპორტის გადაადგილებას, ხოლო ეკონომიკური დერეფანი, სატრანსპორტო გადაადგილების გარდა, მოიცავს სავაჭრო დერეფანსაც და წარმოების დერეფანსაც, ანუ შენ თვითონ ხდები მწარმოებელი. კერძოდ, ისეთი რამე უნდა აწარმოო, რომელიც სხვა ქვეყნებს ენდომება და ამ დერეფანში გაატარონ. ამას სჭირდება ტექნოლოგიური სიახლეები. და რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის. ამ თვალსაზრისით სერიოზული კვლევების ჩატარება არის პრიორიტეტული. თანაც, საქართველოს აქვს გარკვეული ფუნქცია რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისითაც. მოგეხსენებათ, ჩვენ ორ მეზობელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დღესაც არ არის ბოლომდე დასრულებული კონფლიქტი. ჩვენთვის ორივე სტრატეგიული მეზობელია, ჩვენ ორივე ქვეყანასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. აუცილებელია, რომ ჩვენ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად ჩატარდეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები ხსენებული დერეფნის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.

რა არის თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას მეცნიერება საქართველოში?

სამწუხაროდ, მეცნიერება საქართველოში დღეს არ არის პრესტიჟული სფერო. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტებს ვასწავლი. ფაქტია, რომ დოქტორანტები გამორჩეული ახალგაზრდები არიან. მათ შორის შედარებით სუსტიც კი საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია. ერთი სიამოვნებაა მათთან ურთიერთობა და ეკონომიკის პრობლემური საკითხების განხილვა.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს. რატომ? იმიტომ, რომ დოქტორანტურაში სწავლა საქართველოში, სამწუხაროდ, ფასიანია, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა. ახალგაზრდა კაცი, თუკი გადაწყვეტს, რომ მეცნიერებაში დარჩეს, მას სტიპენდია იქით უნდა გადაუხადო, რომ მხოლოდ მეცნიერებით იყოს დაკავებული. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ვეუბნებით, წადი იმუშავე და სამსახურის მერე მოდი და ისწავლე. ლექციები იწყება საღამოს 7 საათზე, როცა პროფესორიც დაღლილია და დოქტორანტიც ძალაგამოცლილია, რადგან მთელი დღე მუშაობს. თუ არ იმუშავა, სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის.

აქ მივადექით ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. საბჭოთა კავშირის დროს უნივერსიტეტებში იყო სწავლების საღამოს დასწრებული ფორმა. ითვლებოდა, რომ ეს ცოდნის მიღების ყველაზე უხარისხო  ფორმა იყო. დამოუკიდებელ საქართველოში საღამოს დასწრებული გავაუქმეთ, მაგრამ შემდეგ „ლომაიას რეფორმებით“ შემოვიღეთ საღამოს დასწრებული მაგისტრანტებისთვის და დოქტორანტებისთვის, ანუ ის, ვინც გვჭირდება მეცნიერებაში, ისინი ყველაზე უხარისხო სწავლის რეჟიმში გადავიყვანეთ.

ყველა დოქტორანტი დასაქმებულია ან კერძო სტრუქტურაში, ან საჯარო სამსახურში – ცენტრალური ხელისუფლების, თბილისის საკრებულოს, თუ მერიის სამსახურებში. ყველას აქვს მაღალი ხელფასები, ბევრად მაღალი, ვიდრე ხელფასი ექნებოდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში.

კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, დღეს საქართველოში საშუალო ხელფასი თითქმის 2000 ლარია. ისეთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ადრე მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში იყო, ხოლო ამჟამად ამა თუ იმ სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია, მთავარი მეცნიერთანამშრომლის, ანუ სამეცნიერო თანამდებობების იერარქიაში უმაღლეს თანამდებობაზე მყოფი მეცნიერის ხელფასი 1200 ლარზე ნაკლებია, ანუ მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასი. წარმოიდგინეთ, ნიჭიერი ახალგაზრდა 300-400 ლარზე რატომ დაიწყებს სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობას, თუ კი საჯარო სამსახურში, რომ არაფერი ვთქვათ კერძო სექტორზე, ბევრად უფრო მაღალ ხელფასს მიიღებს.

მეცნიერება საქართველოში აუცილებლად უნდა გახდეს პრესტიჟული. ჩემ ბავშვობაში და სტუდენტობის დროს საქართველოში ახალგაზრდა კაცი თუ მეცნიერებაში დარჩებოდა, ეს იყო ოჯახის სიამაყე. დღეს ეს ასე არ არის. დღეს წარმატებად ითვლება, თუ ახალგაზრდა არის იურისტი, ბანკირი, სასტუმროს მენეჯერი, რადგან შესაძლებლობა აქვს შედარებუთ ხელფასი ჰქონდეს...

მეცნიერების პრესტიჟულობის ასამაღლებლად მარტო ხელფასების მატება არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ იყო კარგი ეკონომისტი ან კარგი იურისტი, კომპიუტერი საკმარისია, მაგრამ იმისთვის, რომ იყო კარგი ფიზიკოსი, ქიმიკოსი ან ბიოლოგი, მხოლოდ კომპიუტერი საკმარისი არ არის, შენ გჭირდება ლაბორატორია და რეაქტივები. თუ ბიოლოგი ხარ ან მედიკოსი, გჭირდება ეს ყველაფერი კი საკმაოდ ძვირია.

ერთი შეხედვით მეცნიერება საკმაოდ ძვირია, მაგრამ იმისთვის, თუ კი ჩვენ გვინდა, რომ გავხდეთ მდიდარი ქვეყანა, მდიდარი სახელმწიფო, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის იმ მოდელის საფუძველზე, რომელიც ცნობილია როგორც „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“ (Knowledge-based economy). მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში იქმნება ყველაზე მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონელი, რომლის ექსპორტი ამდიდრებს ქვეყანას.

ასეთ მაგალითს მოვიყვან: საქართველო აღიარებულია როგორც ღვინის სამშობლო, ამით ვამაყობთ კიდეც და ჩვენი ქვეყნის ცნობადობისთვისაც ეს ძალიან კარგია, მაგრამ ღვინოში არის დაბალი დამატებული ღირებულება. რამდენჯერ შეიძლება ღვინის წარმოება და ექსპორტი გავზარდოთ? ვივარიუმი. ორჯერ? სამჯერ? ხომ არის ზღვარი. ვინც ამ ბიზნესში იქნება, ის ბიზნესმენი კი გამდიდრდება, მაგრამ არა ქვეყანა, რადგანაც ღვინოში დამატებული ღირებულება არ არის მაღალი.

მაღალი ღირებულება კი არის იმ პროდუქტებში, რომელსაც მეცნიერება ქმნის. უმთავრესად ეს სფეროებია: ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ფარმაკოლოგია და სხვ. სხვა სიტყვებით, სწორედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ქმნიან ძალიან მაღალ დამატებულ ღირებულებას.

როგორია მეცნიერების დაფინანსების არსებული სისტემა და რამდენად ეფექტიანია იგი?

პირველ რიგში უნდა შეიცვალოს დაფინანსების სისტემა. მეცნიერებაში დასაქმება უნდა გახდეს პრესტიჟული. დღეს ახალგაზრდა კაცს არ უნდა მეცნიერებაში მოსვლა, იმიტომ, რომ დაბალია ანაზღაურება. თანაც რომც მოვიდეს ლაბორატორია თუ არ ექნება სათანადო დონეზე მოწყობილი მისი სამეცნიერო საქმიანობის შედეგიანობა  საკმაოდ დაბალ დონეზე დარჩება.

მე, როგორც ეკონომისტი, ჩემი დარგის დიდი პატრიოტი ვარ, მაგრამ ამდენი ეკონომისტი, იურისტი და მენეჯერი ქვეყანას არ სჭირდება. ქვეყანას სჭირდება მეტი ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბიოლოგი. განსაკუთრებით გვჭირდება სპეციალისტები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, სამედიცინო ფიზიკაში, ბიოტექნოლოგიებში, ფარმაკოლოგიაში. ეს სწორედ ის დარგებია, რომელთაც შეუძლიათ ქვეყნისთვის სიმდიდრის მოტანა. ამისთვის შესაბამისი ბაზები უნდა განვავითაროთ. ხელშესახები შედეგის დადგომას კი დრო სჭირდება. ამას ჩვენი მეცნიერები ზოგჯერ ღიმილნარევი სინანულით „ხეჭეჭურის ეფექტს“ ეძახიან. ხეჭეჭურის ჯიშის მსხლის ხეს ნაყოფის მისაღებად 10 წელზე მეტი სჭირდება. სხვა სიტყვებით, შენ მსხლის ნერგი უნდა დარგო, გაზარდო, ელოდო და პირველ ნაყოფს საკმაო დროის გასვლის შემდეგ მიიღებ.

ახალა, რომ გავააქტიუროთ მეცნიერებაზე ზრუნვა, ის შედეგს გაისად არ მოგვცემს, მას ბევრად დიდი დრო დასჭირდება. ტურიზმზე დანახარჯებმა შედეგი კი შესაძლოა იმავე წელს მოგცეს. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ხელშესახებ შედეგებს დიდი ხნის „ლოდინი“ სჭირდება. მაგრამ, თუ ამ ზრუნვას 2025 წელს დავიწყებთ, მაშინ შედეგი სავარაუდოდ 2040 წელს გექნება. ამიტომ რაც უფრო მალე დავიწყებთ მოქმედებას, მით უკეთესი იქნება.

მაგრამ მივადექით ასეთ მწვავე კითხვას: რატომ აქცევენ პოლიტიკოსები მეცნიერებას ნაკლებ ყურადღებას? პრობლემის არსი იმაშია, რომ პოლიტიკოსის „ცხოვრება“ შემოფარგლულია არჩევნებიდან არჩევნებამდე. პოლიტიკოსს უნდა რომ ამომრჩევლის პოზიტიური შეფასება ჰქონდეს, რომ ყოველ შემდგომ არჩევნებში გაიმარჯვოს, ხოლო მეცნიერებაზე გაწეული ხარჯები 4 წლიან ციკლში რეალურ შედეგს ვერ მოგცემს. ამიტომ ეს პოლიტიკოსების პრობლემა არის არა იმიტომ, რომ ისინი არიან ცუდი, არამედ პოლიტიკური ცხოვრება არჩევნებზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ საზოგადოებაში შეიცვლება ამომრჩევლის დაკვეთა, რომ მეცნიერება არის ქვეყნის სიმდიდრის ზრდის და განვითარების მიმართულება, მაშინ ამ კუთხით მნიშვნელოვანი აღარ იქნება პარტია „ანი“ გახდება მმართველი, ან პარტია „ბანი“ ან პარტია „განი“, თუ ისინი კოალიციას შექმნიან. თუ დაკვეთა მოსახლეობიდან მეცნიერების პრიორიტეტულობაზე იქნება მკაფიო, მაშინ პოლიტიკოსები იზრუნებენ ამ დაკვეთის შესრულებაზე. არ უნდა შეიქმნას იმის შთაბეჭდილება, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება...

ხშირად საუბარია განათლებაზე, რომ მასზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ განათლება მეცნიერების გარეშე დიდი შედეგების მომცემი არ არის.

ძალიან პოპულარულია დღეს საქართველოში (და არა მარტო საქართველოში), რომ განათლების და მეცნიერების რეფორმა უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღიდან. სხვა სიტყვებით განათლების რეფორმა უნდა ჩავატაროთ პრინციპით „ქვემოდან ზემოთ“. მე პრობლემას განსხვავებულად ვხედავ. ჩვენ თუ ზრუნვას განათლების გაუმჯობესებაზე ვიწყებთ საბავშვო ბაღიდან, მაშინ უფროს თაობებს „ვკარგავთ“. ჩემი აზრით, ჩვენ ზრუნვა განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა დავიწყოთ პირიქით - „ზემოდან ქვემოთ“. უნდა დავიწყოთ იმით, თუ როგორი მეცნიერება გვჭირდება, ხოლო აქედან გამომდინარე უნდა ჩამოვყალიბდეთ როგორი საუნივერსიტეტო, პროფესიული, სასკოლო და სკოლამდელი განათლება უნდა განვავითაროთ. ამ შემთხვევაში არცერთი თაობა არ „იკარგება“...

ჩემი რექტორობის დროს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასი სტუდენტი იყო. არაერთხელ მითქვამს, რომ გვყოლოდა 17 ათასი სტუდენტი, სწავლის ხარისხი ბევრად უკეთესი იქნებოდა. მაგრამ 5000 ათასი სტუდენტით შემცირება რამხელა ფულით დააზარალებდა უნივერსიტეტს? როცა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გაქვს გადასახდელი, როცა ხელფასები გაქვს გასაცემი, სამივლინებო ხარჯები გასაწევი, ტექნიკის შეძენა გჭირდება და ბევრი სხვადასხვა ხარჯი გაქვს დასაფარი, უბრალოდ ვერ წახვალ სტუდენტების რიცხვის შემცირებაზე. პირიქით გინდა რაც შეიძლება მეტი სტუდენტი გყავდეს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, არა რაც შეიძლება მეტი სტუდენტი, არამედ რაც შეიძლება კარგი სტუდენტი. კონკურენცია უნდა იყოს არა იმაზე ვინც უფრო მეტ ფულს მიიტანს უნივერსიტეტში, არამედ იმაზე, თუ ვინ უკეთეს ცოდნას გამოამჟღავნებს, ვინ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს მეცნიერებაში. ამისთვის კი საჭიროა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები უშუალო საბიუჯეტო დაფინანსებაზე იყვნენ გადაყვანილი.

ცალკე პრობლემაა, სასკოლო განათლება, როცა სკოლის დამამთავრებელ წელს, სამწუხაროდ, საბუნებისმეტყველო დარგები აღარ ისწავლება. ეს კი საუბრის ცალკე თემაა...

როგორ უჭერს მხარს აკადემია ახალგაზრდა მეცნიერებს და ახალი თაობის ჩართვას კვლევით საქმიანობაში?

რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, ჩვენ გვაქვს სტიპენდიატების ინსტიტუტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში შეიქმნა. დღეს აკადემიას აქვს 10 სტიპენდია. მეცნიერების შესაბამის დარგში ცხადდება კონკურსი და მის საფუძველზე შეირჩევიან საუკეთესოები. ამჟამად კანონში გვიწერია, რომ სტიპენდიატის ასაკი არჩევისას არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს ზღვარი უნდა ჩამოვწიოთ, კანონში შევიტანოთ ცვლილება, რომ სტიპენდიატის ასაკი არჩევისას არ აღემატებოდეს 40 წელს.

თუ მეცნიერი ხდება აკადემიის სტიპენდიატი, 5 წლის განმავლობაში ის თავის სამეცნიერო საქმიანობისთვის ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით. ეს საქართველოს მასშტაბით საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერაა ახალგაზრდებისთვის.

ამის გარდა, ახალგაზრდებთან მუშაობის ერთ-ერთი ფორმა ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოა, და დღესაც ვაპირებთ ჩამოვაყალიბოთ ახალი საბჭო, რომელსაც აკადემია დაეხმარება კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების ორგანიზებაში.

როგორია აკადემიის ხედვა მეცნიერების პოპულარიზაციისა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდისთვის? რა ინიციატივებია დაგეგმილი იმისათვის, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰქონდეთ საქართველოში მუშაობის მოტივაცია?

მეცნიერების პოპულარიზაცია მხოლოდ აკადემიის ფორმატით შეუძლებელია. ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური რესურსი და მხარდაჭერა. დღეს საქართველოს ეროვნულ აკადემიას სერიოზული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მთავრობისგან, რაც გამოიხატა კანონში ცვლილებების შეტანით და მისი როლის გაძლიერებით. მაგრამ მეცნიერებას მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. კარგი იქნება, თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გამონახავს შესაძლებლობას პოპულარული სამეცნიერო გადაცემებისთვის, სადაც წამყვან მეცნიერებს შეეძლებათ რიგითი მსმენელისთვის გასაგებ ენაზე მეცნიერების თანამედროვე მიღწევების შესახებ ისაუბრონ.

2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღისთვის სამეცნიერო შედეგების მიხედვით აკადემია შეარჩევს საუკეთესო ქალბატონებს და გოგონებს, და მათ 11 თებერვალს საზეიმოდ გადაეცემათ წლის საუკეთესო მეცნიერის სიგელი.

UNESCO-ს ეგიდით მეცნიერების საერთაშორისო დღე 10 ნოემბერს აღინიშნება. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ტრადიციულად აღნიშნავს ამ დღეს, წლის საუკეთესო მეცნიერის სიგელები გადაეცემა საქართველოს წარჩინებულ, მათ შორის ახალგაზრდა იმედის მომცემ მეცნიერებს.

რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ მეცნიერება კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობა რომ დაინტერესდეს მეცნიერებით?

პირველ რიგში, მეცნიერება ქვეყნისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტული და პრესტიჟული. საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მეცნიერების ხელშეწყობაა პრიორიტეტული. ამიტომ მეცნიერებაში დასაქმებულთა ხელფასები უნდა გაიზარდოს თუნდაც ეტაპობრივად, რომ ქვეყანაში არსებულ სასუალო ხელფასზე ნაკლები არ იყოს.

როგორია აკადემიის სამომავლო გეგმები?

აკადემიის სამომავლო გეგმები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარდა სხვადასხვა სტიქიური მოვლენები, რომლებმაც საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანას. ამ მიმართულებით მეცნიერებათა აკადემიაში გვყავს გამორჩეული წევრები, რომლებიც თავისი კვლევის შედეგებით საერთაშორისო დონეზე არიან აღიარებულნი. აკადემიამ საქართველოს მთავრობაში ამ თემებზე რამდენიმე წერილი გააგზავნა შესაბამისი რეკომენდაციებით, რაზეც მთავრობამ დადებითი რეაქცია გამოხატა. მე მხოლოდ ერთი მიმართულება გაგიზიარეთ, თუმცა აკადემიამ სხვა მიმართულებებითაც არაერთი საინტერესო წინადადებით მიმართა მთავრობას. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტად საჭირო გავხდეთ.