აშშ-ში ნიუ-მექსიკოს სამხედრო ბაზასთან სროლის შედეგად ერთი სამხედრო გარდაიცვალა

აშშ

 23 თებერვალს სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში მდებარე კირტლენდის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად ერთი სამხედრო გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი დაშავდა.

სამხედრო პირების ინფორმაციით, ეს არ იყო ტერაქტის შემთხვევა ან უცხო პირების თავდასხმა ბაზაზე.

სამხედრო-საჰაერო ბაზის ოფიციალური განცხადების თანახმად, სამხედროები დაახლოებით ღამის 2 საათისთვის გამოეხმაურნენ ბაზის ერთ-ერთი შესასვლელის მახლობლად მომხდარ სროლას, რის შედეგადაც ერთი სამხედრო ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ხელში მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის მეორე ნახევარში გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სროლას წინ უძღოდა "ბაზის გარეთ დაწყებული დევნა". განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის არ არსებობდა არანაირი საფრთხე.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მომხდართან დაკავშირებით მცირე დეტალები გაავრცელეს და არ დაუზუსტებიათ, არის თუ არა ვინმე დაკავებული. პრესსპიკერს ასევე არ დაუდასტურებია, იყვნენ თუ არა მსროლელები თავად სამხედრო პირები.

დაჭრილი სამხედროების სახელები ამ ეტაპზე არ გამოქვეყნებულა.

საქმეს სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალური გამოძიებების სამსახური იძიებს,

პოლიციის სპიკერის, გილბერტ გალიეგოსის ინფორმაციით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ FBI-ის აგენტები, რომლებსაც ალბუკერკის პოლიცია ეხმარებოდა. მისი თქმით, პოლიცია ამ ეტაპზე ეჭვმიტანილებს არ ეძებს.