„არ ვიცი, კიდევ როდის ვიმღერებ" - ადელი მსმენელს დაემშვიდობა

ადელი

ადელი ემოციურად გამოემშვიდობა ლას-ვეგასის კოლიზეუმის თეატრის სცენას, სადაც ის ორი წლის განმავლობაში ყოველკვირეულ კონცერტებს მართავდა. „არ ვიცი, ამის შემდეგ კიდევ როდის ვიმღერებ,” – თქვა მან. „საშინლად მომენატრება და თქვენც საშინლად მომენატრებით.”

„სხვა არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ,” – დაამატა მომღერალმა. „ამ ეტაპზე არანაირი გეგმა არ მაქვს.”

საუბრის დროს ადელმა იხუმრა: „რეალურად რეზიდენციის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მძულს ტურნეებში სიარული,”-  რის შემდეგაც თვალცრემლიანმა მომღერალმა აუდიტორიას მიმართა, რომ სინამდვილეში ეს მისი ვაჟისთვის გააკეთა, რათა მას სტაბილური რეჟიმი ჰქონოდა. „რეზიდენცია იმიტომ ავირჩიე, რომ მას ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა და ეს მოვახერხე.”

კონცერტების სერია Weekends With Adele 2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც ყოველ შაბათ-კვირას ადელის ორი კონცერტი იმართებოდა.

„ძალიან ემოციურად ვარ, მაგრამ ჩემი ემოციების პიკი იმ დღეს იყო, როცა ჩემს შოუზე სელინ დიონი მოვიდა,” – უთხრა მან აუდიტორიას და გაუმხილა, რომ იმ დღის შემდეგ ერთი კვირა ტიროდა. „ეს ჩემთვის წრის შემკვრელი მომენტი იყო, რადგან ეს იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ყოფნა ოდესმე მნდომებია.”

 

 

 

დიონი, რომელმაც ლას-ვეგასის კოლიზეუმის თეატრი 2003 წელს თავისი რეზიდენციით გახსნა, ადელის შოუს 26 ოქტომბერს თავის ვაჟებთან ერთად დაესწრო. ადელმა, რომელმაც When We Were Young-ის შესრულების დროს პოპის ლეგენდა დარბაზში შენიშნა, ცრემლები ვერ შეიკავა. შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა: „კოლიზეუმი ერთადერთი ადგილი იყო ლას-ვეგასში, სადაც გამოსვლა მინდოდა, რადგან ეს სცენა მისთვის აშენდა. მე მისი ფოტო მაქვს სცენის გვერდით, რომელსაც ყოველ ღამე ვეხები, სანამ სცენაზე გამოვალ. ის კი ჩემს შოუზე მოვიდა და ეს ჩემთვის სიურპრიზი და უდიდესი მომენტი იყო!!”

ცოტა ხნის წინ ადელმა განაცხადა, რომ დასვენება სჭირდებოდა და რეზიდენციის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით მუსიკალური პაუზის აღებას გეგმავდა. „დიდ შესვენებას ავიღებ და ალბათ ცოტა ხნით სხვა შემოქმედებითი აქტივობებით დავკავდები,” – თქვა პოპვარსკვლავმა.