76 ბავშვისა და 2 ზრდასრულის ჩონჩხი - პერუში, მსხვერპლად შეწირულთა სამარხი აღმოაჩინეს

პერუ

პერუში მდებარე 700 წლის წინანდელ გორასამარხში არქეოლოგებმა მსხვერპლად შეწირული 76 ბავშვისა და 2 ზრდასრული ადამიანის ჩონჩხს მიაგნეს.

ეს ადგილი Pampa La Cruz-ის სახელით ცნობილი მასობრივი სასაფლაოს ნაწილია, რომელიც ქალაქ ტრუხილიოსთან ახლოს მდებარეობს. ის ჩიმორის ცივილიზაციას ეკუთვნის, რომელიც ინკებზე ძველია, კერძოდ მისი აყვავების ხანა მე-12-მე-15 საუკუნეები იყო.

რაც შეეხება მსხვერპლად შეწირულ ბავშვებს, ისინი შიშვლად იყვნენ დამარხულნი, მაგრამ ტანსაცმელი ახლოშივე იყო დალაგებული. არქეოლოგებს მათი გულ-მკერდი გადახსნილ მდგომარეობაში დახვდათ, ლავიწიდან მკერდის ძვლის გავლით და ნეკნების ჩათვლით. ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ასე სხეულიდან გულის ამოღებას ცდილობდნენ.

ჩიმორის ცივილიზაცია სამეურნეო საქმიანობას ისეთ მიწებზეც ეწეოდა, სადაც ბუნებრივად მარცვლეული კულტურები არ ხარობდა. Pampa la Cruz-ის მიმდებარედ მათ რთული საირიგაციო სისტემა ჰქონდათ მოწყობილი და ვარაუდობენ, რომ ბავშვები მსხვერპლად სწორედ მისი გამართვის შემდეგ შესწირეს, რათა ნაყოფიერება მიეღოთ.

„ანდური კოსმოლოგიის თანახმად, მკვდრები წინაპრებად იქცეოდნენ, რომლებიც მიწების საკუთრებას განამტკიცებდნენ და მის ნაყოფიერებას უწყობდნენ ხელს", — ამბობენ მეცნიერები.

 გორასამარხში მიაკვლიეს ვერცხლისა და სპილენძის კვადრატული ფორმის არტეფაქტებსაც, რომლებიc შესაძლოა, ბავშვების ტანსაცმლის ნაწილი ყოფილიყო. ასევე, მიაგნეს საყურეებსა და სპონდილუსებისნიჟარებსაც.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩიმორის ხალხისთვის სპონდილუსების ნიჟარები ოქროზე ძვირფასი იყო. ისინი მაშინ მხოლოდ ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში მოიპოვებოდა, ლამბაიეკეს ტერიტორიაზე.

შესაძლოა, მსხვერპლად შეწირული ბავშვები სწორედ ამ ქალაქიდან ყოფილიყვნენ, რაზეც მათი თავის ქალის ხელოვნურად წაგრძელების პრაქტიკა მიუთითებს. ჩიმორის ცივილიზაციაში, ლამბაიეკესგან განსხვავებით, ეს მანიპულაციები შედარებით მსუბუქი იყო. სამარხში ნაპოვნი ინდივიდების წარმომავლობაზე მიანიშნებს ნაშთების იზოტოპური კვლევის შედეგებიც.

სავარაუდოდ, მათი ოჯახები ჩიმორის ხალხმა დაიპყრო და Pampa la Cruz-ში წაიყვანა. ფაქტი, რომ ისინი უცხოები იყვნენ, ამ ბავშვებს მსხვერპლშეწირვის რიტუალისთვის სასურველს ხდიდა, რადგან სჯეროდათ, რომ ასე მიწები უფრო გაძლიერდებოდა.