ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
2024 წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე დიდი საარჩევნო წელი. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 60-ზე მეტ ქვეყანაში, წელს არჩევნებზე მიდის - ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიც ინდოეთია და ისეთ პატარაში, როგორიც მაკედონია. მათი გადაწყვეტილებით დარჩებიან ან შეიცვლებიან ხელისუფლებები, პრეზიდენტები და საკანონმდებლო ორგანოები. ამდენ სახელმწიფოში ერთდროულად ასეთი მასშტაბური გადალაგება ისტორიაში პირველად ხდება. შეცვლილი გეოპოლიტიკის ფონზე ეს კიდევ ახალ რეალობას გააჩენს.
წელს მსოფლიოს ყურადღება მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშის, ამერიკის შეერთებული შტატებისკენაა მიმართული, სადაც რიგით მე-60 პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ერთმანეთს, სავარაუდოდ, ისევ ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.
აშშ-ის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი ბაიდენი, მეორე ვადით იყრის კენჭს. მეორე წრეზე სურს წასვლა ტრამპსაც. დემოკრატების და რესპუბლიკელების შეჯიბრი მარტივი რომ არ იქნება, ეს უკვე ჩანს. ამას ადასტურებს ერთის მხრივ ტრამპის სასამართლო პროცესები და მეორეს მხრივ, ბაიდენის შვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც. პარტიების ჭიდილი ყველაზე კარგად კონგრესში ჩანს, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსის არარსებობის გამო გაჭიანურდა.
წელს, ამერიკელები აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის მესამედს. კონგრესის განაწილებას დიდი გავლენა ექნება როგორც საშინაო, ისევე საგარეო პოლიტიკაზე.
არჩევნებისთვის ემზადება ვაშინგტონის მთავარი პარტნიორი - ბრიუსელიც. მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში ჯამში 705 ევროდეპუტატს აირჩევენ. ყველა ქვეყანას თავისი კვოტა აქვს - მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
აქამდე ევროპარლამენტში მანდატების უმრავლესობას სამი უდიდესი ჯგუფი ფლობდა - სახალხო პარტია (მემარჯვენე-ცენტრისტები), სოციალ-დემოკრატები და ლიბერალები. სავარაუდოა, რომ წელს პოზიციებს კონსერვატორები და ნაციონალისტი მემარჯვენეები გაიმყარებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ გავლენები მოიპოვეს, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ევროკავშირის პოლიტიკას, პირველ რიგში, საიმიგრაციო მიმართულებით.
ევროპარლამენტის არჩევნებს ცვლილებები მოჰყვება ევროკავშირის აღმასრულებელ შტოშიც - ევროპულ საბჭოში, რადგან მოქმედ პრეზიდენტს, შარლ მიშელს, დეპუტატობა აქვს გადაწყვეტილი და თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება უწევს.
არჩევნებია ევროპის ქვეყნებში - ბელგიაში, პორტუგალიაში, ავსტრიაში, ბალკანეთის და ბალტიის ქვეყნებში, ჩეხეთში, ასევე ფინეთში, სადაც არჩევნებს გარდამტეხი როლი ექნება ქვეყნის "ნატოში" გაწევრიანების კუთხით.
წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ბრიტანეთშიც. 14-წლიანი მმართველობისა და ხუთი პრემიერ-მინისტრის შემდეგ, კონსერვატიულ პარტიას, შესაძლოა, მორიგი ვადით ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდეს.
პოტენციურმა ცვლილებებმა ამერიკასა და ევროპაში შეიძლება გადამწყვეტად შეცვალოს გეოპოლიტიკური ბალანსი, რაც გავლენას მოახდენს კონფლიქტებზე - ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში, სადაც 2024 წელი წესით, საარჩევნო წელია, თუმცა დიდი ალბათობით, უკრაინაში წელს არჩევნები არ ჩატარდება, იმის მიუხედავად, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა ეწურება. სამხედრო მდგომარეობა, რომელიც იქ რუსეთის შეჭრის შემდეგ მოქმედებს, არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. სწორედ ამიტომ არ გამართულა საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშიც. ზელენსკი ამბობს, რომ იარაღისთვის განკუთვნილ ფულს არჩევნებს არ მოახმარს.
აი, რუსეთში კი საქმე სულ სხვაგვარადაა. პუტინმა პრეზიდენტობა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა და ტრადიციას წელსაც არ ღალატობს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა დეკემბერში გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს. ის უპარტიო, ე.წ. დამოუკიდებელი და უკონკურენტო კანდიდატიც იქნება.
საარჩევნო სეზონია აზიაშიც, სადაც ერთდროულად არსად მოუწევს იმდენ ადამიანს წასვლა არჩევნებზე, რამდენსაც ინდოეთში. გაეროს 2023 წლის მონაცემებით, ინდოეთმა მოსახლეობის რაოდენობით უკვე გადაასწრო ჩინეთს. ტაივანში კი დღეს საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარდა, სადაც მმართველი, დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. ის ღიად უჭერს მხარს ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რასაც ოპოზიცია ზედმეტად აგრესიულ ნაბიჯად მიიჩნევს.
ხელისუფლება პოტენციურად შეიძლება შეიცვალოს ინდონეზიაშიც. თითქმის 280 მილიონი ადამიანით, ინდონეზია ამჟამად მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით. ინდოეთის მეზობლად, არჩევნებს გამართავენ პაკისტანსა და ბანგლადეშშიც.