10 ცენტად შეძენილი 1938 წლის კომიქსი, რომელშიც სუპერმენი პირველად გამოჩნდა, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა

კომიქსი

10 ცენტად შეძენილი 1938 წლის კომიქსი, რომელშიც სუპერმენი პირველად გამოჩნდა, $6 მილიონად გაიყიდა. შედეგად, Heritage Auctions-ის ინფორმაციით, ის ყველაზე ძვირად ღირებული კომიქსის წიგნი გახდა. სააუქციონო სახლი მას "კომიქსების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანსა და გავლენიან ნაშრომს" უწოდებს.

როგორც Heritage Auctions-ის ვიცე-პრეზიდენტი, ბარი სანდოვალი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ კომიქსი 86 წლის წინ გამოიცა, ის ჯერ კიდევ ძალიან კარგ, ფაქტობრივად, პირვანდელ მდგომარეობაშია. როგორც ცნობილია 1938 წელს Action Comics-ის 200 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა, მაგრამ დღეისათვის მხოლოდ 100-ია შემორჩენილი.

კომიქსის ავტორები მეგობრები, ჯერი სიგელი და ჯო შუსტერი არიან. სწორედ მათ შექმნეს პირველად სუპერმენი, რომლის მისიაც განადგურების საფრთხისაგან პლანეტის დახსნაა. სუპერმენის გულშემატკივრებმა სხვადასხვა დროს კომიქსის მხოლოდ ყდაც კი შეიძინეს, რომლის ფასმაც $60 000-ს მიაღწია. მთლიანი ეგზემპლარი პირველად 2021 წელს გაიყიდა - $3.25 მილიონად, რამაც Action Comics ყველაზე ძირადღირებულ კომიქსად აქცია. ამჯერად მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

სუპერმენი ამერიკული პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული გმირია, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. იგი სხვადასხვა ფილმის, წიგნისა თუ სათამაშოს შექმნის შთაგონების წყარო არაერთხელ გახდა. სუპერმენი უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელია. მისი პლანეტა კრიპტონი აფეთქდა, მაგრამ მშობლებმა ბავშვი კაფსულაში ჩასვეს და დედამიწისკენ გაამგზავრეს. მისი დედამიწელი მშობლები მართა და ჯონათან კენტები არიან.