1735251416
შექმნეს ელექტროგამტარი მიწა, რომელშიც მცენარეები 50%-ით სწრაფად იზრდება
შვედეთში მომუშავე მეცნიერებმა ელექტროგამტარი მიწა შექმნეს, რომლითაც მცენარეების გაზრდა ტრადიციული ნიადაგის გარეშე შეიძლება. ამისათვის მათ მეთოდი, სახელად ჰიდროპონიკა, გამოიყენეს.
ჰიდროპონიკა მცენარეების გაზრდის ერთ-ერთი ტექნიკაა. ამ დროს ნიადაგის ნაცვლად წყლის ბაზაზე შექმნილი ხსნარი გამოიყენება, რომელიც საკვებ ნივთიერებებს შეიცავს. ეს მიდგომა წყლის მოხმარებას მინიმუმამდე ამცირებს და სისტემაში საჭირო ნუტრიენტების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რაც ტრადიციულ ფერმერობაში შეუძლებელია.
ჰიდროპონიკას ვერტიკალურ ფერმებშიც იყენებენ სალათის, მცენარეებისა თუ ბოსტნეულის გასაზრდელად.
მეცნიერთა მიერ შექმნილი მიწა, სახელად eSoil, ელექტრობას ატარებს და სპეციალურად მცენარეების უნიადაგოდ გაზრდისთვისაა შექმნილი. ექსპერიმენტის ფარგლებში ამ მიწაში ქერი 15 დღეში ჩვეულებრივზე 50%-ით სწრაფად გაიზარდა, როდესაც ფესვებში ელექტრულ სტიმულს აძლევდნენ.
„ასე შეგვიძლია, ნათესები უფრო სწრაფად გავზარდოთ ნაკლები რესურსით", - განაცხადა ელენი სტარვრინიდუმ, კვლევის მთავარმა ავტორმა და ლინკოპინის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - "ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა პრინციპით მუშაობს ეს, რომელი ბიოლოგიური მექანიზმებია ჩართული. აღმოვაჩინეთ ის, რომ ნათესები აზოტს უფრო ეფექტიანად ამუშავებს, თუმცა ჯერ დაზუსტებული არაა, როგორ ზემოქმედებს ელექტრული სტიმულაცია ამ პროცესზე".
მკვლევართა განცხადებით, ჰიდროპონიკაში ხშირად მინერალურ შალს იყენებენ მცენარეების გასაზრდელად. ეს გარემოსთვის საზიანოა და ბევრ ენერგიას მოითხოვს.
მეორე მხრივ, eSoil ცელულოზისა და გამტარი პოლიმერისგანშედგება. ეს ნარევი ახალი სულაც არაა, თუმცა იგი მცენარეების გასაზრდელად პირველად გამოიყენეს.
მანამდე მკვლევრები მაღალ ძაბვას მიმართავდნენ, რათა ზრდისთვის ხელი შეეწყოთ. მიუხედავად ამისა, eSoil მცირე ენერგიას მოიხმარს და უსაფრთხო მეთოდია. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მათი ნაშრომის გავლენით ჰიდროპონიკის კუთხით კიდევ არაერთი კვლევა ჩატარდება.
მსოფლიოში მოსახლეობის ზრდისა და კლიმატის ცვლილების გამო მწვავე კრიზისია. გონივრულია ვივარაუდოთ, რომ საჭირო რაოდენობით საკვების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ტრადიციული მეურნეობა არ იქნება საკმარისი.
მეორე მხრივ, ჰიდროპონიკის მეშვეობით ქალაქშიც შესაძლებელია საკვების მოყვანა, მკაცრად კონტროლირებად პირობებში. შეიძლება, იგი საკვებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის გადაჭრაში ვერ დაგვეხმაროს, თუმცა იმ ადგილებში მაინც იქნება გამოსადეგი, სადაც მეურნეობისთვის ცოტა ადგილი ანდა შეუსაბამო ამინდია.
ასევე წაიკითხეთ:
როგორ გავაცილოთ ძველი წელი, რომ ახალმა წარმატება მოგვიტანოს
რატომ ჩნდება სახლში ჭიანჭველა, ობობა, მორიელი - ნახეთ ეზოთერიკოსის ახსნა