რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. 2019 წლის 7 დეკემბერს, რეჟისორი მოულოდნელად, აუზზე, გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო შოკი ქართული კინოსამყაროსთვის. მაშინ ის 53 წლის იყო. ხელოვანის გახსენება, მის ნაცნობ-მეგობრებს, დღემდე ტკივილს აყენებს...
ზაზას კინოანგარიშზეა ფილმები: "მე მოვედი", "აქ თენდება", "ბოლო გასეირნება", "სამი სახლი", "მანდარინები", "დარჩი ჩემთან", "აღსარება," "ანტონი". სერიალი "ცხელი ძაღლი".
გთავაზობთ მის ფილმებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს, რომელიც შესაძლოა "პრაიმტაიმიდან" პირველადაც გაიგოთ.
რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ფილმი "სამი სახლის" ფაბულა ჟანრი ლოლაშვილის ნახატზე ააგო. სახელოსნოში ნანახმა "ბუებმა" ისე აღფრთოვანდა, რომ ტილომ სცენარი დააწერინა. საბოლოოდ კი, ფილმის საინტერესო სინოფსისი მივიღეთ.
ნახატი მოგზაურობს სამ სხვადასხვა დროში, აღმოჩნდება სამ სახლში. ჟანრი ფილმში კოლექციონერის როლშია, მხატვრის როლს კი ზურა ყიფშიძე თამაშობს.
ჟანრი ლოლაშვილი: - მე და ზაზა სულიერი მეგობრები ვიყავით. კინოს იქით ჩვენ სულს სხვა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სცენარებს, სინოფსისებს ვწერდით ერთად, გეგმები გვქონდა, უნდა გვეთანამშრომლა. მაგრამ… არ შედგა… ნეტა, ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არ გადაგვეღო რამე.
"ცხელი ძაღლის" გადაღების პერიოდში 4 წელი გავატარეთ ერთად. მერე იყო "სამი სახლი", რომელშიც ჩემი ნახატი გამოიყენა და სცენარი ამაზე ააგო. კინო ზედმიწევნით კარგად იცოდა. თავისი კინოესთეტიკა ჰქონდა. თავისებური, ატიპური ხედვით.
იუსტიციის სამინისტროში, პატარა გამოფენა იყო, ზაზა მოვიდა და მითხრა - ბუების ნახატი რატომ არ მაჩვენეო? იქ არის და ნახე-მეთქი. არა, ადრე რატომ არ მაჩვენეო? და ახლა ხომ ნახე-მეთქი, გავოცდი. ხვალ დაგირეკავო, მითხრა. მეორე დღეს დამირეკა და უკვე ფილმის სინოფსისი წამიკითხა. ამ ჩემს ნახატზე სცენარის დაწერა დაუწყია.
ასე შექმნა "სამი სახლის" სცენარი და 2008 წელს ფილმიც გადაიღო.
მერე ვუთხარი ჩიტის პორტრეტი მაქვს-მეთქი. ჩიტის პორტრეტის იდეა მოეწონა. რამე სხვა ტილოსაც ხომ არ დახატავო და დიდი, გამოგონილი ჩიტის პორტრეტი გავუკეთე, რომელიც სახლში დაკიდა...
გაოგნებული ვარ ზაზას ნაადრევი წასვლით...
მინდა გითხრათ, ძალიან ჩქარა იღებდა ფილმს, დროს არ კარგავდა. მაგრამ დიდი ხნის ნაფიქრს ჰგავდა. წყნარად, მშვიდად, თავისი გარკვეული ესთეტიკით იღებდა. სრულიად ახალი ხელწერა შემოიტანა ქართულ კინოხელოვნებაში, მაგალითად, დიალოგის კულტურა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხშირად უმადურები ვართ ადამიანები. ზაზასნაირ ადამიანს, სულ სხვა დაფასება უნდა, მაგრამ ასე არ არის. მხოლოდ მეგობრებისთვის კი არა, ის ქვეყნისთვის არის დიდი დანაკარგი.
მე ზაზას მადლიერი ვარ. მასთან გატარებული დრო ჩემთვის გაკვეთილებად დარჩება. მინდა მეგობრობისთვის მადლობა ვუთხრა და პატივი მივაგო მის ხსოვნას.
დიდი რეჟისორი დააკლდა ქართულ კინოს. ქართულ კინოხელოვნებას გამოაკლდა ადამიანი, რომელსაც თავისი ხელწერა ჰქონდა.
"სამ სახლში", მხატვრის ძმის როლს თამაშობს მურმან ჯინორია. ზაზას ისიც იხსენებს.
მურმან ჯინორია: – ზაზა ის რეჟისორი იყო, რომელმაც ღრმად იცოდა თავისი პროფესია. შედიოდა პერსონაჟის, ეპიზოდის, სცენის სიღრმეებში და ატმოსფეროს ქმნიდა ისევე, როგორც ქმნიდნენ ჩვენი დიდი რეჟისორები.
ზაზასთან შეგეძლო ხელოვნებაზე გესაუბრა, მის თაობაში მსგავსი დონის პროფესიონალი იშვიათად მეგულება.
თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მასთან არაერთხელ ვითანამშრომლე.
მწყინს, რომ ასე ადრე წავიდა.
"დარჩი ჩემთან"
დავით ბეჟიტაშვილი: ძალიან მინდოდა ფილმი ზაზა ურუშაძეს გადაეღო. იმ დროს ახალი გამოსული იყო მისი "სამი სახლი". მოკლედ, ვგიჟდები ამ ფილმზე, ვგიჟდები ზაზაზე. იმ დროს უკვე "მანდარინების" გადასაღებად ემზადებოდა, დეკორაციები მზად ჰქონდა, მაგრამ შეჩერებული იყო… და ბედად, თავისუფალი აღმოჩნდა.
შევხვდი კინო "რუსთაველში" და გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს წინადადებას მთლად აღტაცებით არ შეხვედრია. მელოდრამა ჩემი არ არის, არ გადამიღიაო, მითხრა, მაგრამ დავითანხმე და გადაწყდა, რომ ფილმი შესვენების გარეშე, 34 დღეში უნდა გადაგვეღო.
ნახა ირანული ვერსია, მისი ადაპტაცია თამარ ბართაიასთან ერთად გააკეთა, სცენარში ბევრი რამ შეცვალა კიდეც.
თქვენთან საჯაროდ ვამბობ პირველად, რომ ამ როლისთვის ზაზას ნატა მურვანიძე უნდოდა… მარწმუნებდა, რომ ამ ფილმში მას ხედავდა და ძალიან მაგარი იქნებოდა. ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩემი მხრივ, მეც ვარწმუნებდი, რომ ნატოს სხვა მომღერლის ნამღერზე პირი უნდა გაეღო, რაც მე არ მინდოდა.
პროდიუსერის უფლებები „ცუდად“ გამოვიყენე და ჩემი გავიტანე. ქალბატონი ქეთის (ლელას გმირი) პარტნიორი ბიჭის როლის შემსრულებელიც მე უნდა შევარჩიო-მეთქი, ვუთხარი. სხვაში არც არაფერში ჩავრეულვარ. ორი დღის გარდა, იმ 34 დღის მანძილზე, გადასაღებ მოედანზე არ მივსულვარ. ან როგორ შეიძლებოდა ზაზას გვერდით დავმჯდარიყავი და შენიშვნა მიმეცა. ამიტომ დასაწყისში გვქონდა პატარ-პატარა “ჭიდაობები”.
ლელამ დიდი შრომისუნარიანობა გამოავლინა. 34 სამუშაო დღიდან 30-ის გადაღება ღამით მიდიოდა. არც ერთი დასვენების დღე არ ჰქონია. მოასწრო და ჩადგა ფორმაში, ძალიან გახდა. როლისთვის თავგანწირვა ჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა ამ ფილმით.
პირველად ვამბობ იმასაც, რომ თავიდან ბიჭის როლზე ლაშა ჯუხარაშვილი მოიაზრებოდა.
ლაშას როლზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა კიდეც. დადიოდა კლინიკებში და სიმსივნით დაავადებულებს აკვირდებოდა. მერე გარკვეული მიზეზის გამო, სიტუაცია შეიცვალა და გავაგრძელე მთავარი გმირის შემსრულებლის ძებნა. რთული აღმოჩნდა.
ბოლოს, როლანდ ოქროპირიძემ რეკომენდაცია გაუწია პაატა ინაურს და „სამეფო უბნის თეატრსა“ და „მარჯანიშვილის თეატრში“, მე და ოთარ მიქელაძე (ის კონსულტანტობას მიწევდა), მის სპექტაკლებს დავესწარით, შემდეგ ის გავიცანით და დავამტკიცეთ კიდეც როლზე.
მართლა უნიჭიერესი ბიჭი აღმოჩნდა. ეს ფილმი მის მხრებზე დგას. იმდენად ორგანულია, რომ მისი გმირის მიმართ თანაგრძნობა გიჩნდება.
"მანდარინები"
ესტონურ-ქართული კო-პროდუქცია “მანდარინები” 2015 წელს ნომინირებული იყო “ოქროს გლობუსის” და “ოსკარის” საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციით.
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის პერიოდში ვითარდება, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ.
ომის დროს, ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. სოფელში ორი მოსახლეღა შემორჩა. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, ერთ-ერთი ესტონელი, ივო (ლემბიტ ულფსაკი) სახლში შეიფარებს სიკვდილის პირას მყოფ ერთმანეთის მტრებს: დაჭრილ ქართველ მოხალისე მეომარსა (მიშა მესხი) და დაქირავებულ ჩეჩენ ბოევიკს (გიორგი ნაკაშიძე). აღმოჩნდება, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა.
აი, თუ როგორი გარდასახვით მოხდება ქართველისა და ჩეჩენის დამეგობრება, ეს ფილმში გექნებათ ნანახი, თუ არადა, უნდა ნახოთ.
"ზაზა, ამ ფილმში, მთავარი როლის შემსრულებლად მე მთვლიდა" - ამბობს გიორგი ნაკაშიძე "პრაიმტაიმთან".
ასევე დაგაინტერესებთ:
საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას