„უარყოფით პერსონაჟებს თამაშობდა, ცხოვრებაში კი ძალიან წესიერი კაცი იყო. ბოჰემაში ტრიალებდა და ხომ შეიძლებოდა, რაიმე ცუდი ეთქვათ მასზე, მაგრამ არასდროს გამიგია“ - გოგი მაღალაშვილი მამაზე

edisho

ცნობილი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი სახალხო არტისტის, ედიშერ მაღალაშვილის შვილია. ეს შესაძლოა ბევრმა იცით, თუმცა ის საინტერესო ფაქტები, რაც „პრაიმტაიმს“ მსახიობ მამაზე ექიმმა მოუყვა, არ გეცოდინებათ...

გოგი მაღალაშვილი: ჩვენთან სულ მსახიობები მოდიოდნენ სტუმრად. მე რეჟისორობა მინდოდა.

მეათე კლასში რომ ვიყავი, მამამ მიშა თუმანიშვილთან მიმიყვანა გასაუბრებაზე. მიშამ უცნაური შეკითხვები დამისვა, სილაში თამაში თუ გიყვარსო? აინტერესებდა, რეჟისორობა რომ მინდოდა, შემოქმედებითი ნატურა ვიყავი თუ მიწაზე მყარად მდგომი. როგორ მაკადრა, სილაში მეათე კლასელი როგორ უნდა ვთამაშობდე-მეთქი, გავნაწყენდი.

არ გირჩევო, მამას უთხრა. რეჟისორს ფანტაზია უნდა ჰქონდეს და უნდა "აფრენდესო". მერე, ვაჟაზე, სამედიცინო ინსტიტუტის წინ გადავედით საცხოვრებლად. პრაქტიკული და რეალისტი ვარ. პირდაპირ სამედიცინო ინსტიტუტი იყო, სადაც ძალიან ლამაზი გოგონები სწავლობდნენ. და სრულიად პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა.

მამაჩემი სამედიცინოზე, სამკურნალოზე სწავლობდა. მესამე-მეოთხე კურსზე იყო, როცა ვახტანგ ტაბლიაშვილმა „ქეთო და კოტეს“ ეპიზოდში გადაიღო და ისე მოეწონა, პირდაპირ უთხრა: შენ ჩემთან, თეატრში უნდა წამოხვიდეო.

თეატრალურში დაუსწრებლად, უგამოცდოდ მოაწყო. მერე მარჯანიშვილის თეატრში წაიყვანა. მამას დიპლომი არ აუღია. სულ გადაღებებზე იყო და ვერ მოახერხა. დიპლომი სამოცდაათს რომ იყო გადაცილებული, მაშინ მისცეს.

იმის დარდი, რატომ ექიმი არ გამოვედიო, ნამდვილად არ ჰქონდა. მშვენივრად რეალიზებული იყო. კინოსა თუ თეატრებში აბსოლუტურად დაკავებული იყო და პრობლემები არ ექმნებოდა.

დედა – ნატალია ყავრიშვილი პიანისტი იყო. მისი წყალობით მუსიკალური ათწლედიც მქონდა დამთავრებული, მაგრამ ნაძალადევად. ისე შემძულდა ინსტრუმენტი და ნოტები, მაშინ რომ დავხურე, დღემდე არ დავმჯდარვარ.

ბავშვობიდან მახსოვს, საგრიმიოროში რომ იყო მამა, როგორ იშორებდა გრიმს ვაზელინით. მამას კინოეპოპეა იმ დროს იყო, როცა მე პატარა ვიყავი. რომ წამოვიზარდე, უკვე თეატრალური პროფილით მუშაობდა. ამდენად, გადასაღებ მოედანზე არ ვყოფილვარ. თუმცა მახსოვს, კინოსტუდიაში გახმოვანების პროცესი. ჩუმად იყავი, გავახმოვანებ და მალე წავიდეთ სახლშიო, მეტყოდა.

როგორი იყო ედიშერ მაღალაშვილი სახლში?

– მკაცრი არ იყო. ხმამაღლა იტყოდა, მაგრამ… რომ მეტყოდა ამას გიკრძალავო, მე მაინც ვაკეთებდი. რბილი კაცი იყო, ცოტა უხასიათოც, შეიძლება ითქვას.

სულ შურდა იმ მსახიობების, რომლებიც ტექსტს ადვილად იმახსოვრებდნენ. ამბობდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე ათ გვერდს გადაიკითხავდა და უცებ ზეპირად იტყოდაო. სარკესთან ემოციებში ტექსტს რომ კითხულობდა, თუ შევუხედავდი, გადიო, უკან მაბრუნებდა.

უნდა გეჩვენებინა, რომ თითქოს მისი მიღებულია შენი გადაწყვეტილება და ყველაფერს გააკეთებინებდი. 

მე და ჩემ ძმას ტაქტიკა გვქონდა – მამა როგორ „დავაბათ“. დედა სულ ელოლიავებოდა. მამას გამო საკონცერტო კარიერა შეწყვიტა. 24 საათი როიალზე დაკვრა აღარ გამოსდიოდა. არადა, თავის დროზე წარმატებული პიანისტი იყო. რადიოში დღესაც არის მისი ჩანაწერები.

კინოში უარყოფით პერსონაჟებს ასრულებდა, ამ დროს, ცხოვრებაში ძალიან წესიერი და ოჯახის კაცი იყო. ბოჰემაში ტრიალებდა და ხომ შეიძლებოდა ყური მომეკრა, რაიმე ცუდი ეთქვათ მასზე, მაგრამ არასდროს გამიგია. ყველა აქებდა.

ერთი პერიოდი, მისი თაობის მსახიობებთან ერთად, ძალიან პოპულარული იყო. მაჩუქეს 1961 წელს გაკეთებული ნარდი, რომელზეც გარედან ზიჩის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციაა, შიგნით ლეილა აბაშიძისა და მამაჩემის პორტრეტებია დახატული.

ეს ნარდი ადრე სამტრედიაში მქონდა ნათამაშები. ედიშერის სურათები იყიდებოდა, გოგოები იტაცებდნენ. „სოიუზპეჩატის“ სალონებში იყო გამოკრული მისი ფოტო.

დედა ეჭვიანობდა?

– შეიძლება გულის სიღრმეში ეჭვიანობდა. მაგრამ მამა არ იყო ის ტიპი, ან რა ჰქონდა საეჭვიანო? ერთადერთი, ქეიფი უყვარდა და დედა ამაზე ბრაზობდა, თავს მოიკლავ, რამდენს სვამო.

ბოლომდე სვამდა, არ კადრულობდა ვინმეზე ნაკლების დალევას. ერთხელ, პეტერბურგში, იქაურმა ქართველმა რესტორანში დაგვპატიჟა. იმ კაცმა მიმტანს ორი ბოთლი არაყი მოატანინა, თითო-თითო დავიდგათო. 

დედამ ერთი ბოთლი ოფიციანტს შეუმჩნევლად წყლით შეაცვლევინა. მამამ გადაკრა და გადახედა დედაჩემს, მიხვდა ვისი ხელიც ერია ამაში, მაგრამ იქვე ხომ არაფერს ეტყოდა? ასე ვერ გათქვა და მამაჩემი მთელი საღამო წყალს სვამდა.

დედა იუმორით სავსე ქალი იყო და თავისი იუმორის წნეხის ქვეშ ამყოფებდა მამას. ნატა ისეთ ფრაზას არ ამბობდა, მასში რამე „ხოხმა“ არ ყოფილიყო.

განსაკუთრებულად მიყვარს მამას პირველი როლი „ქეთო და კოტეში“. ძალიან ახალგაზრდაა და სახასიათო პატარა მკვეთრი როლი აქვს. მღერის და ერთ ფრაზას ამბობს. თეატრში ჰქონდა სერიოზული როლები.

კინოში სახელმწიფოს წინააღმდეგ კარიერისტი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა და წესიერი ქალების „შემცდენელის“ როლებით დაშტამპეს. დღევანდელ დღეს ეს თემატიკა როგორი საყურებელია.

ჩემი ძმა, მიშა, კინოოპერატორია. მანამდე სამსახიობო დაამთავრა, მარჯანიშვილის თეატრში რამდენიმე სეზონი იმუშავა და მერე შეეშვა. ცოტა ძველი ბიჭი იყო და დარბაზში „პლეხანოვი“ რომ შემოდიოდა, მიშას თამაში „უტყდებოდა“.

მერე, გარკვეულწილად ჩემი გავლენით, კინოოპერატორობა გადაწყვიტა. ოპტიკა და ფოტოტექნიკა იცოდა. მე ბავშვობიდან ფოტომოყვარული ვარ. სახლში სულ იყო კარგი ფოტოაპარატი, აბაზანაში ვიკეტებოდი და ფერად ფოტოებსაც ვბეჭდავდი.

მერე, მედიცინაში მოსვლისას, მოხსენების დროს ამიტომ მქონდა ყველაზე კარგი სლაიდები. მიშა, გოგა ხაინდარავასთან, ავთო ვარსიმაშვილთან და დიტო ცინცაძესთან ერთად მუშაობდა. საუკეთესო ოპერატორის პრიზი აქვს აღებული.

მამა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა, რამდენიმე წლით ადრე. ძალიან გაუჭირდა ცოლის გარეშე. დედა პატარა ბავშვივით უვლიდა. მამას კუჭის წყლული ჰქონდა და გასტროლებზე ნატა მენიუთი მიჰყვებოდა.

მერე ჩემი მეუღლე ცდილობდა მისთვის დიეტური კერძების გაკეთებას, მაგრამ მაინც ისეთი ეჭირა, ეტყოდა – ნატა სხვანაირად აკეთებდაო.

„ხორცისტი“ იყო, ხორციანი კერძები უყვარდა. ზაფხულში სადღაც წავედით. ჩემმა მეუღლემ ჩანახი გაუკეთა და დაუტოვა. ქვევით იყო ხორცი, ზევით ბადრიჯანი და პომიდორი ფენა-ფენა ელაგა.

დავურეკეთ, მოვიკითხეთ, ჭამე რაც დაგიტოვეთო? ცოტა ვჭამე, არ მომეწონაო. სამი დღის მერე აღფრთოვანებულმა დარეკა, უი, ხორციანი ყოფილა და ძალიან გემრიელიაო. კერძი იმდენი იყო, ბოსტნეულიდან ხორცამდე მესამე დღეს ჩავიდა და მერე მოეწონა. ვერ წარმოიდგინა, რომ უხორცო კერძს დავუტოვებდით.

კაი ვინმე იყო, უცნაური და საინტერესო. უყვარდა რომ ემსახურებოდნენ. დისტანციურ პულტს ხელს თვითონ არ აჭერდა. ედიშო, გადამირთეო, შვილიშვილს ეტყოდა. ტანით დიდი არ იყო, ჩემი ტანის იყო, მაგრამ სცენაზე ახოვანი, მაღალი ჩანდა.

მნიშვნელოვანი და მამაკაცური იყო. მასზე მაღალ ხალხთან ერთად მდგარა სცენაზე, მაგრამ სანამ ერთად არ დამდგარან, ვერ იტყოდი იმათზე დაბალიაო. ფოტოგენური იყო. თავისი გარეგნობით მნიშვნელოვანი, კარგი ფაქტურა ჰქონდა.

ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა მე და ჩემ ძმას მშობლების მიმართ. ძალიან გვიყვარდა ორივე.

ეს იგივეა, რასაც მიშა თუმანიშვილი მეუბნებოდა – შენგან რეჟისორი არ გამოვაო. ფანტაზია არ მაქვს. მათი საფლავი ჩემთვის მხოლოდ ქვა და მიწაა. დედასთან და მამასთან კი ფიქრებში ვამყარებ სულიერ კავშირს. მახსენდება… ეს ყველაფერი ემოციურ დონეზეა, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

"საერთოდ არ ვუყურებ ფილმებს ჩემი მონაწილეობით. ვერც „დათა თუთაშხია“ გახდა გამონაკლისი...“ - რატომ იქცეოდა ასე თენგიზ არჩვაძე

„ისეთი თავმდაბალი, მოკრძალებული და უშუალოა, რომ გაოცებაში მოჰყავხარ. მასში სუფთა თვისებები ბუდობს“ - კოლეგები იუბილარ მერაბ ნინიძეზე

ყველა მედავებოდა, რატომ მოგეცი ეს როლი...“ - ნახეთ, რას პასუხობდა "დათა თუთაშხიას" რეჟისორი თენგიზ არჩვაძის ფანებს