ვიქტორ სანიკიძე და მაიკო ბიწაძე შვილის ნათლობის კადრებს გვიზიარებენ
1732567016
კახი კავსაძის გარდა, უკანასკნელ წლებში, ნაკლებად მახსენდება არტისტი, რომლის გარდაცვალებასაც ისეთი გულიანი სინანული მოჰყოლოდეს, როგორც თენგიზ არჩვაძისას... როლები და პროფესიონალიზმი, კი ბატონო, მაგრამ თუ ადამიანური და კეთილშობილური არაფერი გცხია, მხოლოდ შემოქმედებით ასე ვერავის დასწყვეტ გულს... ჰოდა, იყო ეს კაცი ადამიანი, არსითა და ბუნებით... თავისი შინაგანი ინტელექტითა და სამშობლოსადმი სიყვარულით, პატივისცემით განაწყობდა გარშემო ყველას.
მუშნი ზარანდია მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინოსახეა. ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაში, გიგა ლორთქიფანიძემ მეღვინეთუხუცესის დათა თუთაშხიას მისი მუშნი დააპირისპირა. თუ რატომ მისცა მას ეს როლი, თავად რეჟისორის ნაამბობიდან შეიტყობთ, რომელიც ეთერ წეროძის წიგნიდან ამოვიღეთ.
გიგა ლორთქიფანიძე:
ჩემო თენგიზ! შენ ჩემთვის ყოველთვის იყავი უკომპრომისო პიროვნება, შესანიშნავი ადამიანი, ბრწყინვალე მსახიობი, რომელიც ყოველთვის მაოცებდა თავისი ერუდიციითა და ინტელექტით. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ რამდენჯერმე მოგვიხდა შეხვედრა სცენაზე, როგორც მსახიობსა და რეჟისორს. ეს გამოწვეული იყო შენი დიდი დატვირთვით კინოში.
...მე არ გადამიღია არც ერთი ფილმი, რომელშიც შენ მთავარი როლი არ გეთამაშოს.
ფილმში "დათა თუთაშხია" მუშნი ზარანდია განასახიერე. გადაღების დაწყებამდე ყველა მედავებოდა, რატომ მოგეცი ეს "უარყოფითი" როლი. მე ყოველთვის ვპასუხობდი, რომ მუშნი ზარანდია უარყოფით გმირად არ მიმაჩნია. ის თუთაშხიასთან დაპირისპირებული პიროვნებაა, რომელსაც თავისი რწმენა და შეხედულება გააჩნია ქვეყნის მომავალზე. მე სწორედ ყველაზე ჭკვიანი, მომხიბლავი და ძლიერი პიროვნება მინდოდა დამეპირისპირებინა თუთაშხიასთვის.
ფილმში "წიგნი ფიცისა" უმაღლესი ჯილდო - შოთა რუსთაველის პრემია მიიღე. ორი როლი განასახიერე - კახეთის მეფე ალექსანდრე და მეფე ერეკლე. მთავარი როლი ითამაშე ჩემს სატელევიზიო ფილმში ლ. როსებას "პრემიერა", ხოლო ჩემს ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარში - "ღამის ზარები" უტეხი კომუნისტის სახე შექმენი.
ასევე დაგაინტერესებთ:
"რაც მე ვერ შევძელი, ეს მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზე