1728156496
„ისეთი თავმდაბალი, მოკრძალებული და უშუალოა, რომ გაოცებაში მოჰყავხარ. მასში სუფთა თვისებები ბუდობს“ - კოლეგები იუბილარ მერაბ ნინიძეზე
3 ნოემბერს მერაბ ნინიძე 58 წლის გახდა. არტისტი გერმანიაში ცხოვრობს და ისევ აღფრთოვანებაში მოჰყავს სატელევიზიო სერიალის - "ექიმი ბალუზის" გერმანელი მაყურებელი, რომელმაც ქართველი მსახიობი ისე შეიყვარა, რომ მისი მონაწილეობით ახალ სეზონებს ითხოვს.
მხატვრულ კინოს რაც შეეხება, ედვარდ ბერგერმა თავის თრილერში - "კონკლავში" გადაიღო, სადაც ვატიკანის ერთ-ერთი კარდინალის როლში მყოფ მერაბს პარტნიორობას - რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი უწევენ.
მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი ერთმანეთთან ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის დრამაში - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - დაახლოვდნენ. გადაღების დაწყებამდე თვე-ნახევარი რეპეტიციებს გადიოდნენ, სწორედ მაშინ დამეგობრდნენ კოლეგები.
იამ მეგობარზე "პრაიმტაიმთან" ისაუბრა.
ია შუღლიაშვილი: უჩუმრად და უთქმელად გავუგეთ ერთმანეთს. ბუნებრივი და ადამიანური მომენტები აღმოვაჩინეთ და ერთმანეთთან ურთიერთობა გაგვიადვილდა.
საოცრად თავმდაბალი და გულშემატკივარი ადამიანია. ეს მაშინ, როცა პარტნიორი მოსწონს. ცდილობს, რომ საქმე ერთიანად სრულყოფილი გამოვიდეს. არ არის მხოლოდ თავის როლზე და წარმოჩენაზე ორიენტირებული, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება მსახიობებისგან. გეხმარება, თანაგიგრძნობს, რომ მთლიანობაში ფილმისთვის კარგი შედეგი დადოს. როცა პარტნიორი გეხმარება და როლზე შენს ნაფიქრს გიმყარებს, დიდი კომფორტია და საქმეც შედეგანად გამოდის. მერაბი სწორედ ამის ოსტატია.
კადრს მიღმა სულ აქტიურია, რაღაცას ჰყვება. იუმორი აქვს, განწყობას ქმნის და მის გარშემო სულ ინტერესია. ამხელა პროფესიულ საფეხურზე ასული, საერთაშორისო მასშტაბის ადამიანი ისეთი თავმდაბალი, მოკრძალებული და უშუალოა, რომ გაოცებაში მოჰყავხარ. მასში სუფთა თვისებები ბუდობს. ეტყობა, ჩემშიც იგივე აღმოაჩინა. მოკლედ, ადამიანურად კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
ინტერნეტის მეშვეობით ვკონტაქტობთ. სულ უცხოეთშია, ამიტომ ერთმანეთთან დაკონტაქტება ყოველთვის სასიხარულოა ჩვენთვის. როცა ჩამოდის, ვიცი, ყველასგან და ყველაფრისგან იმალება და არც მე ვაწუხებ.
არაჩვეულებრივი პარტნიორები იყვნენ მერაბი და ნინო კასრაძე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". მეტიც, მაყურებელი ითხოვდა მათი მონაწილეობით სერიებს. აი, რას ამბობს ნინო მერაბზე გადაცემაში "ტელესკოლა".
ნინო კასრაძე: ჩვენ ახალგაზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია. შემდეგ მერაბი უცხოეთში წავიდა. როცა ჩამოვიდა და მითხრეს, რომ ჩემი პარტნიორი უნდა ყოფილიყო, ერთმანეთს ისე შევხვდით, როგორც დიდი ხნის ნაცნობები. მერაბი ძალიან საინტერესო ადამიანია, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით. ძალიან საინტერესო ურთიერთობა გვქონდა. რომანტიკული გრძნობების გაჩენა მსახიობებში ძალიან ხშირია. ის ფაქტი, რომ მე ეს არ დამმართნია, არაფერს არ ნიშნავს. ეს სულაც არ არის ფიზიკური ურთიერთობა, ზოგჯერ მხოლოდ პლატონური გრძნობები უჩნდებათ მსახიობებს ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ნუ განვსჯით ნურავის.
ასევე დაგაინტერესებთ: