კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
დღეს, 5 ოქტომბერს, ლეგენდარული მიმი, ქორეოგრაფი, რეჟისორი და მსახიობი - გოგა ოსეფაშვილი 73 წლის გახდებოდა. არტისტი ორი წლის წინ, 5 თებერვალს, პოსტკოვიდური გართულებით (პნევმონიის შედეგად) კლინიკაში გარდაიცვალა.
ფართე საზოგადოება, სამწუხაროდ, სათანადოდ არ იცნობს, არადა, გოგა ოსეფაშვილს, საქართველოს თითქმის ყველა თეატრში, ქორეოგრაფიული თუ რეჟისორული ნამუშევრებით, თავისი ღვაწლი აქვს. შოუბიზნესშიც თავისი წვლილი ჰქონდა – წლების მანძილზე, ანსამბლ "ივერიის" ზე-პოპულარული მიუზიკლების ერთ-ერთი ქორეოგრაფი იყო.
როგორც პედაგოგს გამოზრდილი ჰყავს ბევრი თაობა.
უცხოეთში მის მიერ დადგმულ სპექტაკლებს ითხოვდა მაყურებელი…
"სადაც არ წასულა, ყველგან დარჩენას სთხოვდნენ, არსად არ დარჩა. დარჩა კი არა, გასტროლებიდან დაბრუნებული, როგორც კი საქართველოს მოუახლოვდებოდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა. აი, ასეთი ადამიანი გავუშვით დაუფასებელი…" - ამბობს "პრაიმტაიმთან" მსახიობი ქეთი ქიტიაშვილი.
გოგა ოსეფაშვილი ჩვენი საყვარელი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის უმცროსი ძმა გახლდათ.
არაჩვეულებრივი ძმობა ჰქონიათ. თავმდაბლობა და მოკრძალებულობა ორივეს ძირითადი მახასიათებელი იყო... თავადაც ცუდად მყოფს, გოგას გარდაცვალება გვიან შეატყობინეს, თუმცა თავისი სისხლისა და ხორცის გარეშე დიდხანს ვერც გაძლო...
ქეთი ქიტიაშვილი: – გურამ დოჩანაშვილს და მის უმცროს და-ძმას, გოგა ოსეფაშვილსა და გულიკო ემხვარს (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო) გენეტიკურად მოსდგამდათ თავმდაბლობა.
გურამი ათი წლით უფროსი იყო გოგაზე და მე რაც ვიცი, გოგას თავისი უფროსი ძმა, მეგობრებით, აბსოლუტურად გაღმერთებული ჰყავდა.
ძმები ერთად, ერთხელ ვნახე, როდესაც ზაზა მარჯანიშვილმა საოპერო ჟანრში "სამოსელი პირველი" დადგა. თანარეჟისორი იყო გოგა. ყველა ვღელავდით, ბატონ გურამს რომ უნდა ენახა. არადა, ის ისე მოკრძალებულად იჯდა, თითქოს მას არ დაუწერია ეს გენიალური ნაწარმოები.
გურამის ყველა ნაწარმოები, რომელსაც ქართული თეატრი შეეხო, გოგას ქორეოგრაფიითა და სასცენო მოძრაობით იყო გაკეთებული. ძირითადად, ნუგზარ ბაგრატიონი დგამდა, გოგა - ქორეოგრაფიაზე მუშაობდა.
"ჩემი დოჩანა" – ამას რომ იტყოდა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაცისკროვნდებოდა გოგას სახე. მისი ნაწარმოებების გმირები ყველა იცოდა და ჰყვებოდა, ის იმაზე დაწერა, ის ჩვენ სოფელზეაო…
გულნარა ემხვარს გურამი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. პეტრე დოჩანაშვილი ექიმი და არაჩვეულებრივი პიროვნება ყოფილა.
გოგას მამა – ზაქრო ოსეფაშვილი მუსკომედიის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. გიორგი შავგულიძე გოგას ნათლია გახლდათ. დედა, თეატრალი ქალი იყო, ემხვარების შთამომავალი…
გოგა რომ გარდაიცვალა, გურამს არ გააგებინეს, რადგან იმ დროს შეუძლოდ ყოფილა; გვიან გაიგო ეს ამბავი. თუმცა, ჩვენი ძვირფასი კლასიკოსი, თავის უმცროს ძმას, მალევე გაჰყვა მარადისობაში... ზუსტად ორ თვეში. რა მისტიკურია...
ისე მაკლია გოგა, ისეთი სიცარიელე მაქვს გულში იმ ადგილას, სადაც ის მყავდა. ის ქართულ თეატრს აკლია. აკლია მისი დახვეწილი გემოვნება და ინტელექტი, რომელიც დეფიციტია დღეს და გვჭირდება.
მას ისეთი აღიარება ჰქონდა უცხოეთში, როგორიც საქართველოში არ ღირსებია.
მის საფლავზე, მახათაზე წერია - ოსეფაშვილი გიორგი, რეჟისორი, მსახიობი. და ცოტა გული დამწყდა, რადგან ის შეუდარებელი მიმი იყო. ეს კაცი მიმად იყო დაბადებული.
მისი, როგორც მიმის ღვაწლი, თითქოს დაკნინებულია. მას ჰქონდა ის, რაც არ ისწავლება და ვერასოდეს ვერავინ ისწავლის. მაგალითად, პარტნიორთან ურთიერთობა. მას კარგ მწერალს ვადარებ. ვისაც გოგა სცენაზე ჰყავს ნანახი, არასდროს დაავიწყდება. გამორჩეული ხელწერა ჰქონდა. "ქართული პანტომიმის ბოდლერი" დავარქვი. ასეთი დრამატიზმისა და რომანტიზმის მატარებელი იყო.
მე ჩაპლინივით ჩავჯდები სავარძელში და შენ იცეკვებო – მეუბნებოდა…
მისი ხმა და დარიგებები ყურში მაქვს...
მაკლია მისი გამხნევება. როგორც კი ყურებს ჩამოვყრიდი, იმ წუთში ჩემი თვითშეფასების მომატებაზე იწყებდა ზრუნვას. ამ მხრივ დაობლებული ვარ.
მგონია, რომ საკმარისი მადლობა ვერ გადავუხადე…
ასევე დაგაინტერესებთ: