„შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, თვითონ კი დაგლეჯილით ევლო; არავის ჰგავდა“ - 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

chxei

2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 69 წლის გახდებოდა. 53 წლის მეტი ვერ იცოცხლა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი და დასატოვებელი… მაგრამ მეტი ვერ გაძლო, ხორცის სამოსში ამოიხუთა.

ადამიანთა სევდის შემგროვებელს, მუდმივად სულის გათავისუფლება სურდა… სურდა და გაფრინდა კიდეც. დაგვიტოვა სევდით გაჯერებული შემოქმედება. საფიქრალით და ნააზრევით მაძღარი. გულიდან წამოსული სუფთა სიტყვებად დაწერილი და გადაღებული დატოვა და მარადისობას შეერწყა… თუმცა მაინც აქ არის და იქნება მანამ, სანამ მისი შემოქმედება იარსებებს.

"პრაიმტაიმის" მკითხველისთვის გოდერძის მისი მეგობარი, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე იხსენებს.

ეთერ თათარაიძე: – გოდერძი ჩემმა ქმარმა, ამირან არაბულმა გამაცნო. თუმცა იმ დროს, ამირანსაც ჯერ კიდევ "ნახევრად" ვიცნობდი. მე რომ უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩავირიცხე, ამირანი უკვე ასპირანტი იყო. სტუდქალაქში, ასპირანტების ქალაქში ცხოვრობდა.

უგამოცდოდ ჩარიცხული "პოპულარული" ვიყავი უნივერსიტეტში (იცინის). ყველა მიცნობდა.

გოდერძი და ამირანი სხვადასხვა კორპუსებში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღე და ღამე ერთად იყვნენ.

პირველი ხალხური პოეზიის საღამო რომ ჩატარდა, მეორე დღიდან ჩემთან, სახლში ხალხის უწყვეტი დენა დაიწყო. მომსვლელთა შორის იყვნენ ამირან არაბული, ტარიელ ხარხელაური…

ბინა სოლოლაკში მქონდა დაქირავებული. ამირანი მეუბნებოდა, მეც იქით მაქვს საქმეო, ყოველთვის “ამთხვევდა” და სოლოლაკისკენ საუბრებით მივდიოდით. ძალიან სანდო ადამიანი იყო და სულ არ მიშლიდა ხელს, რომ მომეტყუებინა, ახლა სხვაგან უნდა წავიდე-მეთქი. არაფერში არ მჭირდებოდა ეს ტყუილი.

გზადაგზა მიამბობდა, ისეთი მწერალი უნდა გაგაცნო, გაგიჟდებიო. თან რეჟისორია და თან წერს. ძალიან მალე მთელი საქართველოსთვის ცნობილი და ძვირფასი შემოქმედი გახდებაო.

ისე აღმიწერდა გოდერძი ჩოხელს, ფიზიკურადაც მართლა შთამბეჭდავი და ბუმბერაზი მეგონა. ერთ დღესაც გამოვედი უნივერსიტეტიდან, ამირანიც დამხვდა გარეთ, იმ დღესაც სოლოლაკში ჰქონდა "საქმე". მივდივართ და ჩაის სახლსა და პეტრიაშვილის ასახვევს შორის, მოდის გოგო-ბიჭი, ხალხისგან გამორჩევით.

აი, გოდერძი მოდის და უნდა გაგაცნოო, ამირანმა მითხრა. გავხედე და დაბალი ბიჭი მოდიოდა. მე გოდერძი ჩოხელს ველოდი… და ხალხში დავუწყე თვალებით ძებნა, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიახლოვდა ეს წყვილი და უცებ ბიჭმა დაიყვირა, ეთეროოო. გიჟმაჟი იყო, სრულიად საყვარელი…

ჩემს წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა, მეგობარ გოგონასთან ერთად. შავი დერმატინის ქურთუკი ეცვა. ეს დრო იყო, ოქტომბერი. მარცხენა ხელით დამჯუჯგნა, მიმჯუგნა, მაგრამ მარჯვენა ხელი ჯიბიდან არ ამოაქვს. ოდნავ ნასვამი ჩანდა. (მერე, როცა გავიცანი, უკვე ვიცოდი, როგორი იყო სევდების შემგროვებელი ნასვამიც, შეზარხოშებულიც, ფხიზელიც.) იყო ოდნავ გათამამებული განწყობით. საით მიდიხართო, გვეკითხება და აღარ ასუნთქებს ამირანს. აქეთ მე დიდი ნაცნობივით რაღაცებს მეუბნება.

უცებ მარცხენა ხელი დაირტყა თავზე, უი, როგორ დამავიწყდა, ვინ უნდა გაგაცნოო. მარჯვენა ხელის ამოძრავება დაიწყო: ისეთი მაგარი ტიპია გაგიჟდებიო. ხელი ამოიღო და ხელში უჭირავს ცოცხალი ბაყაყი. ეს ჩემი და ამირანის საზიარო ბაყაყია, დღეს ჩემი მორიგეობაა, მე ვასეირნებ. უბრალოდ, შესცივდა და ჯიბეში ჩავისვიო. ახლა ბაყაყს ეუბნება, ეს არის ეთერო, გაიცანი, იცი, რა მაგარი ლექსები აქვსო. ვაიმე… რამდენი სიგიჟე და ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული.

მას შემდეგ სულ ჩვენთან ერთად იყო და უალტერნატივოდ, მისივე განცხადებით, ამირანის მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ამ "თანამდებობაზე", სხვა აღარავინ არ განიხილებოდა. მერე მე და ამირანი დავქორწინდით. ჩვენი სამივე შვილი გოდერძიმ მონათლა. საამისოდ სპეციალურ კურთხევას იღებდა.

თუშეთი არ მინახავსო, მითხრა. ამირანსაც უნდოდა იქ მოხვედრა, დავგეგმეთ და სამივე წავედით. ცნობილი ფოტო, მე ალუმინის "ლახანკაში" მაქვს ხელები ჩაყოფილი და რაღაცას ვრეცხავ, გოდერძი უკან ზის, ფეხი ფეხზე გადადებული, იმ დროს არის გადაღებული.

ეთერო, რა არის? რა დაბალი კარებები გაქვთ, ამ თუშებს, რა რკალივითო? შევალ თავს ავახლი, გამოვალ – თავს ავახლიო. მე ვუთხარი, შენი სიმაღლის კაცისთვისაც ჭკუის სასწავლებლად არის ეს კარებები მოგონილი-მეთქი. სტუმრად რომ მიდიხარ სხვის სახლში, თავი უნდა დახარო და თავდახრილი უნდა შეხვიდე-მეთქი. მერე სულ ამას იგონებდა.

ჩვენთან სულ ხალხი იყო. დედამ თქვა, ბიძის სახლში გაგიშლით საწოლებსო. ლამფით წავედით. დედამ მანამდე დალაგება ვერ მოასწრო და მოგვიბოდიშა, აივანზე ობობების ქსელების ჩამოწმენდა ვერ მოვასწარი, ლამფა მომინათეთ და ახლა ცოცხით ჩამოვწმენდო. გოდერძიმ იყვირა, ხელი არ ახლო, დავიხაროთ, გავძრეთ ქსელების ქვეშ, ლამფა მივანათოთ და ვუყუროთ, როგორ ქსოვენ ქსელებსო. მეც მომეწონა იდეა. ერთი ჭკუისანი ვიყავით.

მე წავედიო, დედამ, თუ გინდათ მთელი ღამე ქსელების ქსოვას უყურეთო. ხოხვით გავძვერით აივანზე, ისე რომ ქსელები არ ჩამოგვეწყვიტა. ვისხედით და ვუყურებდით საოცარ პროცესს. თუშეთში ყოფნის დროს, ხელი არ გვიხლია ქსელებისთვის, გავძვრებოდით, გამოვძვრებოდით. ქსელები ფრიალებდა ქარში.

ერთხელ მოვიდა და მოიტანა ჟურნალი, სადაც მისი მოთხრობა "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს ძალიან მაგარი მოთხრობა. ღამე მოვიდა და ჩემს სამივე შვილს მოუტანა "ცასწავალა". და სამივეს გაუკეთა წარწერა. “მინდია, შენი ნათლია მთვრალია.” “ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია”. “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია.” ფლომასტერით დააწერა და თანდათან ხუნდება და გული მისკდება. არ მინდა, რომ გახუნდეს.

ფანტასტიკურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თავის შექმნილში. ჩემი და ამირანის თვალწინ გამოიგონა, როგორ შეუყვარდა ერთი გოგო. მონოსპექტაკლების დიდოსტატი იყო. ეს ყველაფერი ხომ გამოიგონე, როგორ ახერხებ ამას-მეთქი? ეს შენ გამაგებინე, როგორ წერ და როდინდელს წერ შენს ლექსებში, რა იცი, რომ ეგრე წერო? ერთმანეთის გვიკვირდა. ახლა უფრო ვხვდები, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო კიდევ.

როგორ ვერთობოდით…

სულ სევდიანი იყო, მაიმუნობის დროსაც კი. ბევრს ვგიჟობდით, არც კი დაიჯერება, ისეთ რამეებს. ამირანი ხომ ჩუმია და პირველი წამომწყები ეგ იყო.

მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…

დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება.

სანამ ავად არ გახდა, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გამოვლილ-გადავლილი. მისი ოჯახის შემდეგ, მგონია, რომ ჩვენ აღარ გვყავს გოდერძი, ჩვენ დაგვაკლდა… ალბათ, ბევრს აკლია ასე…

ვგიჟდები მის მოხევე და ხევსურ მეგობრებზე. ხელისგულზე ატარებდნენ. მაგრამ დეპრესიულ სივრცეში რომ ხვდები, მერე ეტყობა, ძნელია მას გაუმკლავდე.

აქ ყოფნით დაიღალა.

ამქვეყნიური მატერიალური არ ადარდებდა. სიხარბე რა იყო, არ იცოდა. ფილმმა "ცოდვის შვილებმა" გრან-პრი რომ ამოიღო, 90-იანების ჩაბნელებულ დიდ დიღომში, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული. სოლიდური თანხა. ერთმანეთზე გადაბმული ოცი ჯიხურის მოვაჭრე ქალებს.

წინა ღამეს, როცა შეიტყო რომ პრიზი მიიღო, ღამით მოვიდა, სამ საათზე, მინდიას ეძახდა, აკვანში მყოფ ჩემს შვილს. შენ გეკუთვნის ის გრან-პრიო. მინდიას არ უტირია, დაჭყეტილი უყურებდა მთელი ღამე.

შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, მას დაგლეჯილი სამოსით ევლო. წარმოუდგენელი ადამიანი იყო. არც არავის ჰგავდა.

მისთვის სათქმელი დამიგროვდა. სამყაროს სხვანაირად ვხედავ. მენანება, რომ თვითონ ვეღარ ხედავს სამყაროს.

ვეტყოდი, რომ ადამიანებმა სიყვარულის უნარი უარესად დაკარგეს. გული არ დაგწყდეს, ჩვენ მხოლოდ დაღლა და ტანჯვა გამოვიარეთ-მეთქი. შენს შემდეგ უსიყვარულო საქართველოში ვიცხოვრეთ, ჩვენ თაობას როგორ გვიყვარდა ერთმანეთი-მეთქი, ვეტყოდი. ქართველებს კი ახლა ერთმანეთი ეჯავრება-მეთქი. ამას უეჭველად ვეტყვი, როცა ვნახავ. იქ იმდენი მაქვს სათქმელი, აქ რაღა დამრჩა თორემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო?" - მარხვის განმარტება გოდერძი ჩოხელის მოთხრობაში

"ანაფორა რომ ჩამაცვეს, ცახცახმა ამიტანა..." - რა სიახლეა მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძისკენ

"ხუთ მანეთიანების შეკვრა მიუცია მამასთვის და უთქვამს: პირობა მომეცი, ერთი თვე არ იტაქსავებო" - უცნობი ისტორია დოდო აბაშიძეზე

"ჩვენი სცენა იმდენად რომანტიკული და ამაღელვებელი გამოვიდა, რომ ცრემლი ბუნებრივად წამომივიდა..." - "ლიმონაზე" "პრაიმტაიმს" ნუნუ ექიმი უყვება