„მგონი, პირველად გამიხარდა ინტერვიუს მიცემა... ხიფათიანი ბიჭია, ბევრს გადაურჩა ..." - რატომ მოისურვა გია ბურჯანაძეზე საუბარი ქეთევან კიკნაძემ

kiknadze

 როდესაც ნინო ლორთქიფანიძეს გია ბურჯანაძეზე სასაუბროდ დავურეკე და "თეთრი ბაირაღებიდან" ლიმონას და ნუნუ ექიმის სცენებს ვიხსენებდით, გიაზე საუბარი ქალბატონმა ქეთევან კიკნაძემაც მოისურვა და ქალიშვილს ტელეფონი გამოართვა.

მან "პრაიმტაიმს" მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ როგორც იქნა, გია ბურჯანაძეზე ორიოდ სიტყვის თქმის საშუალება მიეცა.

ქეთევან კიკნაძე: - მსახიობების ბუნებას კარგად ვიცნობ; ათი როლი რომ მისცე და მეთერთმეტეზე სხვა დააკავო, რეჟისორზე ისე ნაწყენდება, დამთავრებული ამბავია, მაგრამ იშვიათად მინახავს გიას მსგავსად მადლიერი მსახიობი. გიგა ლორთქიფანიძემ თავის სამ ფილმში მისცა როლი: "თეთრი ბაირაღები" თეატრშიც ითამაშა, არაჩვეულებრივად. გიგასთან საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა, მადლიერი იყო ბოლომდე. დღემდე დიდი სიყვარულით მოიხსენიებს გიგას და ისეთი წერილი გამოაქვეყნა მასზე, გაოცებაში მოგიყვანთ.

თეატრში რომ მოვიდა და პირველ პატარა როლს დიდი სერიოზულობით მოეკიდა, მაშინ ვთქვი, ნახეთ, ამ ბიჭს როგორი მომავალი ექნება-მეთქი. გიამ ეს თავისი პროფესიონალიზმით დაამტკიცა და ღმერთმა ასე გაუმარჯოს ყველას. 

გია შეუდარებელია ლიმონას როლში და განსაკუთრებით, იმ სცენაში, ნუნუ ექიმს "ტანო ტატანოს" რომ  უკითხავს, მხატვრული კითხვა, დრამატიზმი, მაღალ დონეზე აქვს შესრულებული.

დღემდე ძალიან მოთხოვნადი და პოპულარული მსახიობია.

ძალიან ხიფათიანი ბიჭია, ბევრს გადაურჩა და მჯერა, რომ ამ დაავადებასაც გაუმკლავდება.

არაჩვეულებრივი მეოჯახეა; იცით, თავის სახლში რა გააკეთა? მუშებთან ერთად რემონტს თავისი ხელით აკეთებდა; ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, არის ადამიანური - აბა, წარმოიდგინეთ, მსახიობი გია ბურჯანაძე, მუშებთან ერთად, იდგა და ფიზიკურად მუშაობდა.

ნაკითხი, განათებული და შინაგანი ინტელექტის მქონე არტისტია, ეს ყველა მის ნამუშევარს ემჩნევა.

მჯერა, რომ ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება.

მე მგონი, პირველად გამიხარდა ინტერვიუს მიცემა. მადლობა, რომ გია ბურჯანაძეზე საუბრის საშუალება მომეცით.

ასევე დაგაინტერესებთ: 

რა წერილი დაწერა დეპრესიაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა უკანასკნელად - აი, რას გვიამბობს უახლოესი მეგობარი

ხარის რქებზე რომ სალოცავად სანთლებს აანთებ, ყელთან მიტანილ დანას როგორ არ მიენდობა?!"- პოეტი, რომელიც გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს დაიბადა და მას ამსგავსებენ

"ანაფორა რომ ჩამაცვეს, ცახცახმა ამიტანა..." - რა სიახლეა მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძისკენ

"ჩვენი სცენა იმდენად რომანტიკული და ამაღელვებელი გამოვიდა, რომ ცრემლი ბუნებრივად წამომივიდა..." - "ლიმონაზე" "პრაიმტაიმს" ნუნუ ექიმი უყვება