პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არც თუ მცირეხნიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, "ბრავო რექორდსი" უნიკალურ მუსიკალურ პროექტს წარმოგვიდგენს. გამოვიდა ქართულ-აფხაზური ალბომი, თერთმეტი აფხაზური ჰიტით. სიმღერებს შორის არის როგორც ფოლკლორული, ისე თანამედროვე სიმღერები. როგორც ხმის ჩამწერი სტუდიის დამფუძნებელი, ზაზა შენგელია "პრაიმტაიმთან" ამბობს, აფხაზურ სიმღერებს, რომელთაც რუსული პაპსის გავლენა აქვს, ამ ალბომში მაქსიმალურად დახვეწილი ფორმითაა ორიგინალთან მიახლოებული.
სიმღერებს ქართველი შემსრულებლები ასრულებენ.
CD ალბომის გამოშვება, რომლის სახელწოდებაა "ერთ სიმღერას ვმღერით", ცხადია ემსახურება ჩვენსა და აფხაზებს შორის კულტურული ხიდების აღდგენასა და ჩვენს ქვეყანაში აფხაზური ენის პოპულარიზაციას. მუსიკალური პროექტი არაკომერციული ხასიათისაა. ალბომი სხვადასხვა მედიაპლათფორმაზე აიტვირთება, რათა მასზე წვდომა აფხაზეთის მოსახლეობაზე გაუჩნდეს.
ზაზა შენგელია: რახან არსებული ჰიტები (რუსული პაპსის გავლენის გამო) მდარე ხარისხის იყო, ჩვენი არანჟირების ავტორებს სერიოზული მუშაობა მოუწიათ, რომ ორიგინალი უფრო გაემდიდრებინათ და მრავალფეროვანი გაეხადათ; სიმღერებისთვის თანამედროვე ჟღერადობა რომ მიეცათ. პროექტზე სამუშაოდ ავიყვანეთ აფხაზური ენის საუკეთესო მცოდნე, მთარგმნელი და ჟურნალისტი, ქალბატონი ირმა ოსია და მომღერლებს ის ამეცადინებდა. მათაც თავი დააკლეს სიმღერის ტექსტებსაც, ისე იშრომეს. პროცესი საინტერესო და მომღერლებისთვის სახალისოც იყო.
ალბომში ორი ფოლკლორული სიმღერა შედის, ავთენტიკურია აფხაზური ხალხური სიმღერა "რირარა", რომელსაც ამ პროექტში ანსამბლი "შავნაბადა" ასრულებს. "შატილის ასულოს" ახლებური ვერსია, რომ ჩაიწერა, ხომ გახსოვთ? ასევე ახლებურად გაიჟღერს ეს სიმღერაც. რამდენიმე სიმღერა ავიღეთ 80-იანი წლებიდან და დანარჩენი თანამედროვე ჰიტებია.
ალბომს დართული აქვს ცნობილი ადამიანების მოგონებები აფხაზეთზე, რომელიც სპეციალურად ამ ალბომისთვის გაკეთდა. მათ - მომღერლებს, რეჟისორებს, მსახიობებს თუ სხვა, ყველას ემოციური ბმა აქვს აფხაზეთთან.
საპასუხისმგებლო პროექტია, მას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დიალოგი დაიწყოს. კულტურას დიდი როლის თამაში შეუძლია. ამდენად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია.
გიორგი ოვაშვილი (კინორეჟისორი): ორი ფილმი მივუძღვენი აფხაზეთს - "გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული". მჯეროდა, რომ ეს იყო ყველაზე მოკლე გზა მიმეტანა ჩემი სათქმელი მათ გულებამდე, ვისაც სიტყვით ვერ ვესაუბრებოდი. სიმღერას კიდევ უფრო მეტი შეუძლია, მით უმეტეს მაშინ, როცა მე ჩვენს ენაზე ვმღერი. "ერთ სიმღერას ვმღერით" - ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. დარწმუნებული ვარ მის ეფექტს მალე ვნახავთ. შევეცადოთ, რომ ყველამ ვიმღეროთ ერთი სიმღერა.
ნათია თოდუა (მომღერალი): აფხაზეთიდან 2013 წელს წამოვედი. მაგნოლიის ხე, რომელიც ჩემთვის სცენაც იყო, მაყურებელიც და ოვაციებიც, დღემდე იმის მოლოდინშია, რომ მე დავბრუნდები და მას ნამდვილად ვუმღერებ.
მიხარია ეს პროექტი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა...
სალომე დემურია (მსახიობი): აფხაზეთში ქორწილმა, რომელშიც მიწვეულები ვიყავით, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბევრი სხვადასხვა სიმღერა მოვისმინეთ, მაგრამ აფხაზურმა ფოლკლორმა საბოლოოდ მომნუსხა. გაცოცხლდა და გაერთიანდა წარსული, აწმყო და მომავალი. ეს უცნაური შეგრძნება არ მავიწყდება. "ერთ სიმღერას ვმღერით" მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ამცირებს მანძილს ჩვენს შორის.
ლანა ღოღობერიძე (კინორეჟისორი): სიმღერა აახლოებს ადამიანებს, ხალხებს. მოვუსმინოთ ერთმანეთის სიმღერას. ეს პროექტი გვაძლევს ამის შესაძლებლობას. მოვუსმინოთ იმისათვის, რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს.
ზაზა შენგელია: აღნიშნული უნიკალური მუსიკალური პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა - აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და მისი თავმჯდომარის, ბატონ რუსლან აბაშიძის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მინისტრის - ქალბატონ ნანა გაბელიას, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელის, ქალბატონ ლიკა კვარაცხელიას, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი სახელმწიფო მინისტრის, ბატონ გიორგი გაბედავას, აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, ქალბატონ ეკა წივწივაძის უშუალო მხარდაჭერითა და თანადგომით, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მათ.
ალბომის პრეზენტაცია 11 ივნისს შედგება.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ქართული გენია, როკვით განფენილი" - "ძველი სუხიშვილები" ახალი თაობის სამსახურში