პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორ ივნისს რაჭის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურში საბავშვო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა. "სახიობა რაჭაში" - ასე ჰქვია ფესტივალს, რომელმაც ჩვეული ჟრიამულით, აგერ უკვე, მესამედ ჩაიარა. საქართველოს 18 მუნიციპალიტეტიდან ჩასულ საესტრადო, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებს, სახელოვნებო, სამუსიკო და ქორეოგრაფიულ სტუდიებს, რაჭამ მზით უმასპინძლა.
ხუთასამდე მონაწილე კი ერთმანეთს, ამბროლაურის მუნიციპალური თეატრის სკვერში მდებარე ამფითეატრის სცენაზე ენაცვლებოდა. საბოლოო ჯამში, მათ შორის გამართული ფარული შეჯიბრება და უპირატესობის დამტკიცება სასიამოვნო სანახაობას ქმნიდა.
ფესტივალი დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებითა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტის ბოლოს კი ანსამბლებს სიმბოლური პრიზები - მედლები და დიპლომები გადაეცათ.
"სახიობაში" მონაწილეობდა რუსთავის წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი "გორგასალი". ოც წლიანი გამოცდილების მქონე ანსამბლი ქორეოგრაფიული ფესტივალების ძალზე ხშირი სტუმარია. "გორგასალს" ეპატიჟებიან ყველგან, სადაც ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი კონცერტი ტარდება. რუსთაველებმა იციან, რომ ამ სახალხო ანსამბლის პრიორიტეტი, ბავშვის პიროვნებად ქცევაა; არჩევანს ამიტომაც აკეთებენ "გორგასალზე".
ანსამბლის ხელმძღვანელები - ბადრი ბერაია და ლადო შაორშაძე "სუხიშვილების" მოცეკვავეები არიან. "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე მგონია რომ არ არსებობს; ეს მყვირალა "დამღა" ბოლომდე გადევს. ეს სტატუსი და რანგია. ჰოდა, ლეგენდარული ნაციონალური ბალეტიდან წამოღებული პროფესიონალიზმი და ეროვნული კოდია სწორედ ის უმთავრესი, რასაც ეს ქორეოგრაფები თაობებს გადასცემენ.
ლადო შაორშაძე: ანსამბლს რომ ვქმნიდით, სწორედ იმ დროს დაარსდა წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო. სამლოცველოს წინამძღვარმა - მამა კახაბერ ტაბატაძემ, პატრიარქის დაბადების დღეზე, საპატრიარქოში წაგვიყვანა. იმ ხანად სულ რაღაც შვიდი-რვა მოცეკვავე გვყავდა და უწმინდესს ცეკვით მივულოცეთ დაბადების დღე. პატრიარქმა გვაკურთხა და იქიდან მოყოლებული რელსებიდან არ გადავსულვართ. ქორეოგრაფიულმა კავშირმა ცხრა წლის წინ სახალხო ანსამბლის წოდება მოგვანიჭა. ვზრდით თაობებს და ჩვენს გამოცდილებას უშურველად ვუზიარებთ...
თაობები იცვლებიან, ანსამბლის პრიორიტეტები არ იცვლება. სახელიც ქართული, მამაცობასთან და სიძლიერესთან ასოცირებული შევურჩიეთ. ჩვენთან პრიორიტეტი კი, ჯერ მოსწავლის პატრიოტად ჩამოყალიბება და შემდეგ მოცეკვავედ ქცევაა. ჩვენს გუნდში უმთავრესია პატივისცემა, მასწავლებლის იქნება ეს, თანატოლის, მშობლის თუ ჩვენი ტრადიციების.
წლის განმავლობაში, რამდენიმე ფესტივალში ვმონაწილეობთ. გვაქვს სეზონური შეკრებები. აქტიურად ვართ ჩაბმული ქვეყნის ქორეოგრაფიულ ცხოვრებაში. გასვლები და შეკრებები დადებითად მოქმედებს ბავშვებზე.
მერე უკვე შინ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულნი, უკვე სულ სხვა დამოკიდებულებით ურთიერთობენ ერთმანეთში.
ერთ ოთახში რომ სძინავთ, ორი დღე თუ ერთი კვირა ერთად არიან, ერთად ჭამენ, თამაშობენ, უკვე სულ სხვაგვარად კონტაქტობენ, მერე უკვე ერთმანეთს ეხმარებიან, იცავენ და ასე შემდეგ. მოკლედ, ადამიანებად ყალიბდებიან.
"გორგასალში" ექვსიდან-თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები ცეკვავენ. შემდეგ უკვე საუკეთესოებს რეკომენდაციას დიდ ანსამბლებში ვუწევთ...
სურვილი ერთია და შესაძლებლობა - მეორე. სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდე. საქართველოში კონკურენცია დიდია. და ასეა უკვე წლებია. ჯერ საბავშვო ანსამბლში, ბატონ გოგი მარღანიასთან ვცეკვავდი, შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლში ვიცეკვე. ვვარჯიშობდი ინდივიდუალურადაც, "სუხიშვილების" ყოფილ სოლისტებთან - გია სარდლიშვილთან და მერაბ ლაბაძესთან. "სუხიშვილებში" ცეკვა მინდოდა და მითხრეს, კემბრიჯში უფრო ადვილად მოხვდები, ვიდრე მაგ ანსამბლშიო. მაგრამ შრომისმოყვარეობასთან ერთად, "სუხიშვილების" დიდი ოჯახის წევრი, მოტივაციამ და ჟინმა გამხადა. ამ ლეგენდარულ ანსამბლში ცხრა წელი ვცეკვავდი, ბადრი - 12 წელი.
მაგრამ მოხვედრა ერთია, შენარჩუნება და კარიერის აწყობა, კიდევ უფრო რთული. როგორ შეიძლება ფეხბურთელი იყო და არ გინდოდეს "ბარსელონას" გუნდის წევრობა, ცეკვავდე და არ გინდოდეს - "სუხიშვილებში"? გამორიცხულია. პირველი ექვსი თვე თვითონაც არ მჯეროდა, რომ ამ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდი. 19 წლის ვიყავი. მახსოვს, პირველად, გასტროლზე მოდიხარო, ნანუ სუხიშვილმა რომ მითხრა, შოკში ჩავვარდი! ეს მძაფრი ემოცია ეტყობა სახეზეც დამეტყო და ნანუმ გამამხნევა.
სუხიშვილებში ყველაფერი ზე ხარისხშია აყვანილი, მით უფრო ურთიერთობები ანსამბლის ხელმძღვანელობასა და მოცეკვავეებს შორის. იქ მისვლა ყველას უხარია. ეს ხარისხზე აისახება. ამიტომაც არიან მუდამ პირველები.
ბადრი ბერაია: - თენგიზ სუხიშვილი იყო ჩამოყალიბებული, რაფინირებული კაცი. შვილივით უვლიდა ანსამბლის წევრებს. იცით, როგორ ამინდს ქმნიდა? მის მოცეკვავეებს მუდამ გვერდში ედგა, ზურგს უმაგრებდა. რამე რომ მოხდებოდა, ჩვენი პირველი დამცველი ის იყო. ნამდვილი ჯენტლმენი გახლდათ და ვაჟკაცური ურთიერთობა ჰქონდა თითოეულ ჩვენგანთან. ჩვენც ჩვენი ანსამბლის იმედი მუდამ გვქონდა, ყველგან და ყველაფერში.
ერთ ისტორიას მოგიყვებით. მათემატიკური ნიჭი მაქვს, რიცხვებს, ტელეფონის ნომრებს, ქვეყნების კოდებს ვიმახსოვრებდი. სულ ზეპირად ვიცოდი. ბატონ თენგიზს ხან იაპონიაში ჰქონდა დასარეკი, ხან - ამერიკაში და... გამომიძახებდა, აბა, წავედითო და ანსამბლში ყველამ იცოდა, რომ დასარეკად მივდიოდით და გასტროლზე იქნებოდა საუბარი. თენგიზმა იცოდა ფრანგული, იტალიური, გერმანული ენები, მოლაპარაკებებს თავისუფლად, უთარჯიმნოდ აწარმოებდა.
ჩემი თაობის მოცეკვავეებმა იცოდნენ და ახლაც ემახსოვრებათ, რომ მე რაღაც ხერხითაც შემეძლო უცხოეთში უფასოდ დამერეკა და მთხოვდნენ, დაგვარეკინეო... ჩემით მივაგენი ციფრების კომბინაციებს, ბარათიდან ციფრებს გადავანაცვლებდი, გადმოვანაცვლებდი და... ანსამბლის წევრები "მახვევდნენ", როცა სადმე დარეკვა უნდოდათ.
- ეს მათემატიკური ნიჭი და გათვლები ქორეოგრაფიაში რამდენად გეხმარებათ?
- ბავშვების გადალაგება-განლაგებაში, ცეკვის დადგმაში ამ ნიჭს ნამდვილად ვიყენებ.
ლადო შაორშაძე: ბევრი რამ ვისწავლეთ მათგან, როგორც ბატონი თენგიზისგან, ასევე პირველი პედაგოგისგან, გოგი მარღანიასგან, თუ როგორ უნდა გამოავლინოს მოცეკვავემ მაქსიმალურად თავისი შესაძლებლობები. "სუხიშვილები" ოჯახია. ბუნებრივია, თუ თავს ვერ გრძნობ ისე, როგორც ოჯახში, ვერ იხსნები.
"სუხიშვილების" გასტროლები ცალკე თემაა. საოცარი გამოცდილება შეგვძინა.
2007 წელს ამერიკის 18 შტატში, 85 დღეში, 67 სოლო კონცერტი გვქონდა. ეს რომ შეძლო უმაღლესი დონის სუპერ ვარსკვლავი უნდა იყო. ეს არის ტოპი. ამაზე ბედნიერება ხელოვანს და მოცეკვავეს რა უნდა ჰქონდეს, ბიოგრაფიაში ასეთი ტურნეები რომ გაქვს და პროფესიაში ასეთი შემდგარი რომ ხარ! კონცერტები რომ მუდმივად გაქვს და შენი ანსამბლი ამ დონეზე მოთხოვნადია! ნიკარაგუაშიც კი სავსე იყო დარბაზი ჩვენს კონცერტზე. ბილეთებს ვერ შოულობდნენ. ვხედავდი, ჩვენი ვაჟკაცური ცეკვები მოსწონდათ. დიდ ეფექტს ახდენს ფარიკაობა, ხანჯლური, შეჯიბრი სადაც არის სოლოებზე, მუხლის, ცერის. მაყურებელი არ მიდიოდა და "ბისზე" რამდენჯერ გვიცეკვია.
დარბაზიდან რომ გამოვდიოდით და მაყურებლების რიგები გვხვდებოდა, ავტოგრაფებს იღებდნენ და სითბოს გამოხატავდნენ, სიამაყისგან გული გვიჩუყდებოდა. უკრაინის მაყურებელი მახსოვს; ხუთიათას-კაციან გადაჭედილ დარბაზში ფეხზე იდგნენ და სცენაზე ყვავილებს გვესროდნენ. ამ ემოციებს თუ არ შეესწარი და არ განიცადე, სიტყვებით ძნელია მიხვდე ეს განცდა...
- რა წამოიღეთ ლეგენდარული ანსამბლიდან და რით ასაზრდოებთ ახალ თაობებს?
ბადრი ბერაია: - პატარებს ვუნერგავთ სიყვარულს - ერთმანეთის, ერის, სამშობლოსი. აქ ჩვენთან იციან, რომ მარტო ჩოხა კი არ აცვია, არამედ რატომ და როგორ აცვია, რას უნდა განიცდიდეს, რა უნდა ამოძრავებდეს. უპირველესი კი პატივისცემა და სიყვარულია. ბავშვის აღზრდაში ეს უნდა ჩაიდოს, მნიშვნელობა არ აქვს ცეკვას ასწავლი თუ რამე სხვას. ყველა პედაგოგმა აღსაზრდელს ქვეყნის და ადამიანის სიყვარული უნდა ასწავლოს. თავი და თავი არის სამშობლო, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა და ფოლკლორი. ცეკვა ქართველის სულიერი საზრდოა. ის გამჯდარია ჩვენს გენში. არ უნდა დავკარგოთ იდენტობა, ჩვენში ჩადებული კოდი. თუ ჩვენი ანსამბლით ამ ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას ვახერხებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
- "ქართული გენია როკვით განფენილი" - "სუხიშვილებზე" ნათქვამი გრიგოლ რობაქიძის ეს საუკუნის ფრაზა, ჩვენს დღევანდელ ქორეოგრაფიას ისევ შეესაბამება?
- დიახ, ეს ფრაზა დღემდე აქტუალურია. საკმაოდ ძვირად ღირებული, ძვირფასი სიტყვებია. ანსამბლი "გორგასალი" თავის კურსდამთავრებულს აძლევთ დიპლომს, რომელსაც ეს ფრაზა ამშვენებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
დავიწყებული ვარსკვლავის ციმციმი - დღემდე უცნობი ფაქტები იური ცინცაძის შესახებ
ილიკო სუხიშვილის ულამაზესი ქალიშვილები, დარია და ლიზი - დაათვალიერეთ ფოტოები