ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
მალხაზ ჯინორია მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი დროების უდიდეს წმინდა მამასთან ურთიერთობაზე, როგორც სხვას, მასაც არა ერთხელ უამბია.
აი, რას იხსენებს ის ერთ-ერთი ინტერვიუსას...
მალხაზ ჯინორია: მისგან სასწაულს არ ველოდი, მის ქმედებებში თავმდაბლობა და სიყვარული ჩანდა სულ და სასწაულს ნამდვილად არ დავუწყებდი ძებნას.
ერთ-ერთი წმინდა მამის ნათქვამია, აღსარება ბოროტს არ ესმისო. ვინც ზუსტად გეტყვით, რა თქვით აღსარებაში, ის ადამიანი ღვთისგან არისო. მეც ერთი წელი ველოდი, თუ მეტყოდა მამა გაბრიელი, რას ვამბობდი აღსარებაში, რომ ამით ჩემთვის მივმხვდარიყავი, რომ ეს ამხელა ძალა მას ღვთისგან ჰქონდა თუ ბოროტისგან. ამ ძიებაში რომ დავიღალე, ერთი წლის შემდეგ, მივედი ღვთისმშობლის ხატთან და ვთხოვე, დღეს უნდა ვნახო მამა გაბრიელი, გთხოვ, მანიშნო, თუ მამა გაბრიელი წმინდანია-მეთქი. თუ არადა, უნდა დავტოვო აქაურობა-თქო. ვაღიარე ჩემი უძლურება, დაღლა.
შევდივარ სამთავროს მონასტერში. შემხვდა მღვდელი და მამა გაბრიელზე მეუბნება, რად გინდა რომ დადიხარ ამ კაცთან, სვამსო. კიდე ეს მინდოდა ახლა-მეთქი? გავიფიქრე და მივედი კიბის თავში, სადაც იდგა მამა გაბრიელი და დამინახა თუ არა, ყვირის, შენ დამპალო, გაფუჭებულო, ჩემმა თვალებმა აქ აღარ დაგინახოსო. მეუფე დანიელი წირვას ატარებდა. სტიქაროსნები არ ჰყავდათ და მივედი მისახმარებლად. უძლურებაში მყოფი მონაზონი უნდა ეზიარებინათ. გვერდი ჩავუარე მამა გაბრიელს, ჩავედი კიბეზე და შუა კიბეზე ვარ, რომ მეძახის. უკვე სულ სხვა მამა გაბრიელია (და არა ის, რომელიც ცოტა ხნის წინ მიყვიროდა): - მალხაზ, მოდი, მოდი ჩემთანო. მივედი. გვერდით ჯორკოზე გოგონა ეჯდა და კიდევ რამდენიმე ადამიანი იჯდა. ამ გოგონას ადგილას დამსვა და მითხრა: მე ვიცი, შენი უძლურება, მე რომ ვერ გამიგე. გწამდეს ჩემიო თქვა და მკითხა, ის ცოდვა რატომ არ თქვი აღსარებაშიო და ამით ზუსტად ის მომენტი მაჩვენა, რაც მე ხატთან ვითხოვე. ღმერთმა მაჩვენა, რომ მამა გაბრიელი დიდი იყო.
ერთხელ, დილით, მასთან კელიაში სტუმრობისას შემწვარი კარტოფილი მომართვა დედა პარასკევამ და მივირთვი. დილის ათ საათზე. მერე მე და მამა გაბრიელმა ვილაპარაკეთ, გავიდა რამდენიმე საათი. დედა პარასკევა შემოდის - გადის, საქმიანობს. მერე მამა გაბრიელმა სთხოვა, მალხაზს შეუწვი კარტოფილიო. აღარ გვაქვს კარტოფილიო, დედა პარასკევა პასუხობს. როგორ, სტუმარი გვყავს და მზად არ უნდა იყოო? და გააგდო კელიიდან. მერე მე მეუბნება, მალხაზ, უფალმა ხუთი ათასი ადამიანი განაძღო და ეგ გაუჭირდება? ვთხოვოთ და გაგვიჩენსო. გავიფიქრე, ახლა აქ რაღაც რომ გაჩნდეს, ინფარქტი ზედვე მაქვს-მეთქი. და ხომ ვიცოდი, ფიქრებს რომ კითხულობდა და ხმამაღლაც ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. კარგი, კარგიო, მითხრა. მიხვდა რომ შემეშინდა. მერე მეუბნება, აბა, ნახე ვინ მოდისო და კარებისკენ მიმახედა. ორი მონაზონი მოვიდა-მეთქი, ვუთხარი. უი, მართალი ვყოფილვარო, თქვა. ვფიქრობდი, რაში სჭირდებოდა ახლა ეს რომ გააკეთა-მეთქი. კაი, ჭამე, ჭამეო, მითხრა. დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, ვჭამ, მაგრამ მერე გამახსენდა, კარტოფილი ხომ არ იყო! ახლა ურწმუნოება დამეწყო და ვფიქრობ, სადმე ხომ არ ჰქონდა ჩამალული ან კარისკენ რომ გავიხედე, იმ დროს ხომ არ დადო მაგიდაზე-მეთქი. მაგრამ ცხელი ტაფიდან ზეთის შხეფები ისხმებოდა, ვერსაიდან ასე უცებ ცხელ ტაფას ვერ გადმოდებდა, თან ხომ იწვა... ასე გადამატანინა მე ყურადღება კარისკენ და... ისე, სასწაულად გემრიელი კარტოფილი იყო.
ერთხელ სიწმინდეები დავიკიდე გულზე, გავიკეთე ქამრები ფსალმუნების წარწერებით. აბა, ეშმაკი ვერ მომეკარება, დაცული ვარ-მეთქი. და მივედი მასთან კელიაში, არაფერი მითქვამს, შიგნით მიკეთია, არ მიჩანს. და ამბობს, ზოგს ქამრები უკეთია, წარწერებით, ეს ბერმონაზვნების საქმეა, მაგრამ ზოგ ერისკაცს რომ უკეთია, ამპარტავნებაშია ჩავარდნილიო. მეთქი, სად ვარ... მიმახვედრა, რომ ღვთისწყალობის გარეშე, არაფერია, ვერც დაცული იქნები. ვერაფერიც დაგიფარავს.
ვერ იტანდა, ვინმე რომ ვინმეს განიკითხავდა. იქ მეორედ მისვლის შანსი აღარ გექნებოდათ. იცი, რატომ არ შეიძლება განკითხვაო? ადამიანი რომ ცოდვაშია დაცემული, უფალი უშვებს ამას, რომ მას უფრო მეტად მიეახლონ. შენ რომ დაცემულს განიკითხავ, ამით ღმერთს განიკითხავ, რატომ არის ეს კაცი ასეთ მდგომარეობაშიო. რამხელა სიბრძნეა!
თავმდაბლობა და სიყვარული ერთად არისო. თუ თავმდაბლობა არ გაქვს, არაფერიც არ გაქვსო. გიხაროდა მისი მორჩილება. გიხაროდა, რის გაკეთებასაც გავალებდა.
მამა გაბრიელ, მასწავლე როგორ ებრძვი ეშმაკებსო? - ჰკითხეს. მაგას 50 წელია ვსწავლობ და შენ ერთ დღეში გინდა გასწავლოო?
გვიხსნიდა: ყველაფერი ღმერთის განგებითაა. მისი ნებაა, როდესაც ვთქვათ, სოდომ-გომორი დაანგრია, მისი ნება შემოვიდა, რათა ცოდვები აღმოეფხვრა. ღვთის დაშვებაა რასაც გინდა, იმას რომ გაკეთებინებს და ბოროტს რაც უნდა, იმას რომ აკეთებინებსო. ღვთის განგებითაა ხან ნებას რომ შემოუშვებს, ხან დაშვებას, ამას კიდე, ვერაკაცი ვერ ჩასწვდებაო...
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი..."