კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
დღეს გავრცელდა წერილი, რომლითაც რუსი ხელოვანები (მსახიობები, რეჟისორები, თეატრალები) რუსეთის მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
აი, რა წერია წერილში:
„ჩვენ ახლა ვმოქმედებთ არა მხოლოდ როგორც კულტურის მოღვაწეები, არამედ როგორც უბრალო ხალხი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მოქალაქეები. ჩვენ შორის არიან დიდ სამამულო ომში მებრძოლთა შვილები და შვილიშვილები, ამ ომის მოწმეები და მონაწილეები.
თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს ომის გენეტიკური მეხსიერება. ჩვენ არ გვინდა ახალი ომი, არ გვინდა ხალხის სიკვდილი.
გასულმა მე-20 საუკუნემ კაცობრიობას ძალიან დიდი მწუხარება და ტანჯვა მოუტანა. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ 21-ე საუკუნე იქნება იმედის, გახსნილობის, დიალოგის საუკუნე, ადამიანთა შორის საუბრის საუკუნე, სიყვარულის, თანაგრძნობისა და წყალობის საუკუნე.
მოვუწოდებთ ყველას, ვისზეც ეს არის დამოკიდებული, შეწყვიტოს შეიარაღებული მოქმედებები, გაიყვანოს ჯარები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მოვუწოდებთ შევინარჩუნოთ უმაღლესი ღირებულება - ადამიანის სიცოცხლე“, - ნათქვამია წერილში.
ხელს აწერენ: ოლეგ ბასილაშვილი, მიხაილ ბიჩკოვი, იგორ ზოლოტოვიცკი, იგორ კოსტოლევსკი, დიმიტრი კრიმოვი, ევგენი მირონოვი, ანდრეი მაიტი, ევგენი პისარევი, კონსტანტინე რაიკინი, მარია რევიაკინა, ვიქტორ რიჟაკოვი, იური როსტი, ვლადიმერ სპივაკოვი, ვლადიმერ ურინი, ნინა უსატოვა, ვალერი ფოკინი, ალისა ფრეინდლიხი...
არსებობს თუ არა ორი რუსეთი, აქვს თუ არა პოლიტიკას და ხელოვნებას გადაკვეთის წერტილი, ამ კითხვებზე "პრაიმტაიმს" რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნანა ფაჩუაშვილი პასუხობს.
ნანა ფაჩუაშვილი: - როგორ შეიძლება მე განსხვავებული დამოკიდებულება მქონდეს ამ ომთან დაკავშირებით, თუნდაც ემოციურად და თუნდაც ჩვენი მომავლისთვის. მაგრამ აი, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, ამაზე რადიკალური შეხედულება არ მაქვს. ვფრთხილობ, რადგან რუსეთის მიმართ სიფრთხილე ნამდვილად გვჭირდება. შეიძლება ეს ჩემი სიფრთხილე, ჩემი წლოვანების ბრალია. მაგრამ რადიკალიზმი ნამდვილად არ გვჭირდება. რუსები შეუვალი ერია შეუვალი პრეზიდენტით, საშიში. მე ასე მგონია.
ამბობენ, რუსი რუსიაო. მე არა მგონია, რომ ყველა რუსი ერთნაირია, თუმცა რუსეთში, განსხვავებული აზრის მქონე, ძალიან ცოტაა. რუსეთი იმდენად დიდია, რომ მათი სიტყვა იკარგება, ზღვაში წვეთია.
ცოტა ხნის წინ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, რუს მაყურებელთან მქონდა შეხება. სულ ცხელია, ხუთი თვის წინ რუსთაველის თეატრი, რობერტ სტურუას ბოლო სპექტაკლით - "თამაშის დასასრული" (ოთხი მსახიობით) გასტროლით იყო მოსკოვში, ვლადივოსტოკში და კიევში. სტურუას წყალობით სპექტაკლი მოეწონათ და არაჩვეულებრივად მიგვიღეს. პირველად ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ვითამაშეთ, სადაც მთელი მსოფლიო მონაწილეობდა. იქ არ წასვლა, არ შეიძლებოდა.
ორივე ქვეყანაში - რუსეთშიც და უკრაინაშიც, მაყურებელი ერთნაირი სიყვარულით გვიღებდა, ერთნაირად გვასხამდნენ ხოტბას და ერთნაირი თაიგულებით მოდიოდა. მაგრამ მე არ შემიძლია ახლა უკრაინელი მაყურებელი, რუსი მაყურებლის გვერდით დავაყენო.
განვიცდი, რომ ბევრი ახლობლის შვილია წასული უკრაინაში. ეს ერი ახლობელი ერია ჩვენთვის. თბილები და კარგები არიან უკრაინელები.
ამ ხუთ თვეში, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. იმ 1800-კაციან დარბაზში, ვლადივოსტოკში, ის რუსი მაყურებელი, რომელიც ჩვენს სპექტაკლს ესწრებოდა, არ ვიცი, რას ფიქრობს დღეს. ჩვენ თბილად მიგვიღეს, მაგრამ დღევანდელ ომზე რას ფიქრობს, არ ვიცი, ვერ გეტყვით.
მე ამ ხელოვანების წერილი პირადად არ წამიკითხავს, არ ვიცი, რა წერია, თუმცა მითხრეს.
გეტყვით იმასაც, რომ ლია ახეჯაკოვა ყოველთვის სიმართლის მოყვარული იყო. ის პირველად არ გამოდის პროტესტით. მაგრამ მისი მსგავსი ხალხი, ამხელა რუსეთში ძალიან ცოტაა.
- ხელოვნება ემიჯნება პოლიტიკას თქვენი აზრით?
- მე მახსოვს, როდესაც 80-იან წლებში "რიჩარდ მესამე" ინგლისში წავიღეთ, პრესაში დაიწერა, ამ სპექტაკლით ურთიერთობა გალღვაო. მაშინ ეს რუსეთს ეხებოდა. ხელოვნებას ეს ძალა აქვს და კიდევ კარგი, რომ ჯერჯერობით, შემორჩენილია. მაგრამ რასაც ეს პარანოიით შეპყრობილი კაცი აკეთებეს, ეს სხვა რამეა. ამაზე რუსმა ერმა უნდა აგოს პასუხი. რუსმა ერმა თვითონ უნდა განკვეთოს ეს კაცი და საერთოდ უნდა გააქროს, მაგრამ რომ არ აკეთებენ ამას?
- გამოდის, რომ ორი რუსეთი არ არსებობს...
- ამაში არის უბედურება. ძალიან ცოტანი არიან ისეთები, რომლებიც არ იზიარებენ პრეზიდენტის პოზიციას. ზღვაში წვეთი არიან.