„ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში

zura

მსოფლიო კინოფესტივალებზე ფილმ "ტყვიის" წარმატებული "მოგზაურობის" შემდეგ, ხათუნა ვაშაძემ ახალ სურათზე დაიწყო მუშაობა. ფსიქოლოგიური დრამის სცენარს გუგული ქებურიას პიესა უდევს საფუძვლად.

"ეშმაკის სამოთხე" ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც საპროდიუსერო კომპანია "VITIS PRODUCTION"-ი იღებს.

წარმატებული კინოდებიუტის შემდეგ, ხათუნა ვაშაძემ გადასაღებ მოედანზე, თავი ვარსკვლავებს მოუყარა: რეზო ჩხიკვიშვილი, ზურა ყიფშიძე, ალეკო მახარობლიშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, რამაზ იოსელიანი, რომა რცხილაძე, ახალი თაობიდან - აპოლონ კუბლაშვილი, ია სუხიტაშვილი, ნინო მუმლაძე... ფილმში ასევე იხილავთ - ზვიად დოლიძესა და ლაშა ონიანს. 

"არ მინდა, მაგრამ ეპიზოდურ როლს მათამაშებს ხათუნა, რეჟისორის, წინ ვერ წახვალ" - ამბობს გიორგი აზნაური

როგორც "პრაიმტაიმს" ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი უყვებიან, სპეციალურად გადაღებებისთვის გერმანიიდან რეზო ჩხიკვიშვილი მეუღლესთან ერთად ჩამოდის.

ხათუნა ვაშაძე: რეზო ყოფილ კაპიტანს თამაშობს და მისი სცენების გადაღება ბათუმში გვექნება. რეზოს ცოლის როლს მისი მეუღლე, ხათუნა ჩაგელიშვილი შეასრულებს.  უსიტყვო, ეპიზოდური როლი ექნება. 

ფილმი ადამიანურ ურთიერთობებზეა. გაუაზრებელ ნათქვამს, ტყუილს, რა გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოჰყვეს. სიუჟეტი უპროგნოზოდ იცვლება. მაყურებელს საფიქრალს უტოვებს. მე მიყვარს ფილმები, რომლებიც რაღაცას გასწავლის, დაგაფიქრებს... 

ფილმის კულმინაციური ეპიზოდი საავადმყოფოში, სამი დღეში, უკვე გადავიღეთ. ისე ითამაშეს ზურა ყიფშიძემ და ალეკო მახარობლიშვილმა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ისეთი სცენებია, ვაი-მეეე, რა!  იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები. ბავშვობის მეგობრების როლში არიან. ამ ტანდემის ხილვა ეკრანზე, მაყურებლისთვის, ძალზე სასიხარულო იქნება.

გიორგი აზნაური: ისეთი რთული სცენებია ფილმში, რომ ზურა ყიფშიძის და ალეკო მახარობლიშვილის გამოცდილების და პროფესიონალიზმის მქონე მსახიობები გვჭირდებოდა. ამიტომ ძველ გვარდიაზე შევაჩერეთ არჩევანი. თანაც კარგა ხანია კინოში არ გამოჩენილან - ზურაც, ალეკოც, რეზო ჩხიკვიშვილიც... ჩვენთვის ამ ძველი გვარდიის ფილმში დაბრუნება დიდი პატივია. მათ კიდევ ერთხელ (და არა ერთხელ) უნდა შეახსენონ თავი მაყურებელს. არიან არაჩვეულებრივ ფორმაში.

ხათუნა: იმდენად რთული როლებია, წარმოიდგინეთ, ამ გამოცდილების მსახიობებმაც კი იკითხეს, როგორ უნდა ვითამაშოთო. ბევრი იშრომეს, იკითხეს, იმუშავეს, მოირგეს როლები. გავიარეთ რეპეტიციები. სცენარი გაიცხრილა, ფრაზები დაიწურა. 

გიორგი: და გეტყვით, რომ ამ ფილმში მათი ეს როლები, მათსავე გამოცდილებაზე დგას. კულმინაციური სცენები გადაღებულია და კმაყოფილი ვართ.

ხათუნა: დიახ, ძნელი სცენები გადავაგორეთ. როგორც "ტყვიას" გადაღების დროს, ჯერ ბოლო სცენები გადავიღეთ და ვნახეთ, ჰქონდა თუ არა აზრი ფილმის გადაღების გაგრძელებას, ისე მოვიქეცით ახლაც. ეს გამოცდილება გავიზიარეთ. ასე რომ, არ გვეშინია.

ფილმის დამდგმელი ოპერატორია ბესო კვარაცხელია. ფილმს მუსიკალურად კაკო ვაშალომიძე აფორმებს. მხატვარი პაატა მძინარიშვილია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  „შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

👉 "ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა

👉 "ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე