რა დაგვხვდება ლეგენდარული მაჩაბლის სამკითხველო დარბაზში რეაბილიტაციის შემდეგ

biblioteka

"უკაცრავად, საჯარო ბიბლიოთეკა ხომ არ გადაუტანიათ?" "ისევ იქ არის, კეცხოველის ქუჩაზე" - ფრაზა ფილმიდან "თოჯინები იცინიან", მაყურებელს ღიმილს გვრიდა.

ბიბლიოთეკა სტუდენტების (და არა მხოლოდ) თავშეყრის ადგილად, განსაკუთრებით გამოცდების წინა პერიოდში იქცეოდა. ეს ლეგენდარული ადგილი, კი წლებია რესტავრაციას საჭიროებდა.

"ოცნება, რომელიც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში მუშაობის დაწყებისას მქონდა - ლეგენდარული პირველი კორპუსის ათწლეულებია დაკეტილი სამკითხველო დარბაზების რესტავრაცია, მოდერნიზაცია და გახსნა - ასრულებას იწყებს. ახლა დამირეკა ზაზა გოგოტიშვილმა, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელმა - გუშინწინ გვქონდა მოლაპარაკება და დღეს უკვე დასტურია - ივანე მაჩაბლის ჯადოსნური დარბაზის სრულ რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია "ანაგი" განახორციელებს" - გიორგი კეკელიძე საზოგადოებას ისტორიულ და ძალზე სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. 

როგორც ის ამბობს, გამაგრების სამუშაოები სახელმწიფოს დახმარებით ჩატარდა.

"სახელმწიფო გასწევს მოსამზადებელ ხარჯებსაც და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სამკითხველო დარბაზი გვექნება."

კომპანია, რომელიც ამ საეტაპო პროექტს ახორციელებს, "პრაიმტაიმთან" საუბარში თავის პოზიციას აფიქსირებს, რომ ამ ლეგენდარული ბიბლიოთეკის რესტავრაციაში მონაწილეობა მათთვის დიდი პატივია. 

ირაკლი გოგოლიშვილი, "ანაგის" გენერალური დირექტორი: ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული სამკითხველო დარბაზი, რომელიც ათწლეულებია დაკეტილი იყო და მისი რესტავრაცია არასდროს მომხდარა.

ეს სივრცე უამრავი ადამიანისთვის ასოცირდება ეროვნულ, ყოფილ საჯარო ბიბლიოთეკასთან. თაობები სწორედ მაჩაბლის დარბაზში იღებდნენ ცოდნას და ის ქვეყნის უმთავრესი სამკითხველოა.

"ანაგისთვის" ამ დარბაზის რესტავრაციის პროცესის წარმართვა ერთდროულად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა (ფუნქციურად დატვირთული იქნება) მართლაც ისტორიული მოვლენა იქნება.

მაჩაბლის დარბაზი იქნება სამკითხველო სივრცე, სადაც წიგნებზე ღია წვდომა ექნება ერთდროულად ათობით მკითხველს. იქნება კომფორტული, კომპიუტერიზებული, მყუდრო გარემო და ამავდროულად დამაკავშირებული გზა წიგნის მუზეუმთან.

სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ აღდგება დარბაზის პირველსახე, ხოლო საკუთრივ მკითხველის მაგიდები თანამედროვე და ტექნოლოგიური იქნება.