"მოქალაქე წმინდანს" თბილისური პრემიერის შემდეგ, ამერიკაში ნახავენ

moqalaqe

"მოქალაქე წმინდანი" - თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის ნახვა უკვე დიდ ეკრანზე შეგიძლიათ.

2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს კანდიდატ ფილმად დასახელებული სურათის პრემიერა 26 ოქტომბერს კინოთეატრ "ამირანში" შედგა.

თინათინ ყაჯრიშვილის რიგით მესამე ფილმი საქართველო-საფრანგეთი-ბულგარეთის კო-პროდუქციაა;

სურათი 2021-2022 წლებში სამ ქალაქში - ჭიათურაში, რუსთავსა და მცხეთაში გადაიღეს;

დრამის სცენარის ავტორიც თინათინ ყაჯრიშვილია, თანაავტორი - ბასა ჯანიკაშვილი; დამდგმელი ოპერატორია კრუმ როდრიგესი; მხატვარია გიორგი გორძამაშვილი, მუსიკა კი თაკო ჟორდანიამ დაწერა;

ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაში გახლავთ.

მონაწილეობენ: ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარიამ კიტია, თემიკო ჭიჭინაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გია ბურჯანაძე, ჯანო იზორია...

როგორც რეჟისორი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ფილმი მაყურებელმა კარგად მიიღო. 

თინათინ ყაჯრიშვილი: რახან ფილმი შავ-თეთრია, ჰგონიათ, რომ დოკუმენტურია. გარდა იმისა, რომ შავ-თეთრ კინოს პატივს ვცემ, ფილმის კონცეფციიდან და სათქმელიდან, იმ მარადიული თემიდან გამომდინარე, რაც ამ სურათშია, მინდოდა, რომ შავ-თეთრი ყოფილიყო. 

ფილმი პრემიერაზე მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო, გულგრილი არავინ დარჩენილა. ჯგუფის წევრებსაც არ ჰქონდათ ნანახი. ყველა შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. 

ხვალ, მე და ლაშა ხალვაში, ჩემი მეუღლე და ფილმის პროდიუსერი, ამერიკაში მივფრინავთ და ჩვენებებს დავესწრებით. იწყება "ოსკარზე" ნომინირებული ფილმების წინა საფრომოუშენო კამპანია.

"მოქალაქე წმინდანს" ვაჩვენებთ ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, სან ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში. საქართველოს საელჩოებიც ჩაებნენ ფილმის ფრომოუშენში და ქართული დიასპორისთვის ცალკე შედგება კინო-ჩვენებები. ამერიკაში თითქმის ერთ თვეს დავყოფთ. იქიდან ინდოეთის კინოფესტვალზე, გოაზე უნდა ჩავფრინდეთ. 

ავსტრალიურ "ოსკარზე" "საუკეთესო ფილმის" და "საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის" ნომინაციებით ვართ წარდგენილი. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება. 

სინოფსისი

 მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, თუმცა დროისა და სივრცის კონკრეტიკას რეჟისორი თავს არიდებს; ქალაქში მრავალი საუკუნის წინ ჯვარცმული წმინდანის ქანდაკება დგას; ის ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობა და მოქალაქეთა მფარველია; მაღაროელები დიდ იმედებს ამყარებენ წმინდანის მფარველობაზე, მასზე ლოცულობენ და სწამთ, რომ თავიანთ სახიფათო საქმეს, ასე უფრო დაცულად ასრულებენ;

ერთ მშვენიერ დღეს, მაღაროელები ამ წმინდანის ჯვარცმის რესტავრაციას გადაწყვეტენ; დილით აღმოაჩენენ, რომ ჯვარი ადგილზეა, მასზე გაკრული წმინდანი კი - გაუჩინარებული; მთელი ქალაქი ეძებს, რადგან მათთვის ის უდიდესი სიწმინდეა; მერე აღმოაჩენენ ადამიანს, რომელიც არ საუბრობს, თუმცა ესმის მათი;

ხვდებიან, რომ ის სწორედ გაუჩინარებული წმინდანია, ოღონდ გაცოცხლებული; თავიდან უხარიათ, მაგრამ მერე უჩნდებათ კითხვები, რამდენად სწორია, რომ წმინდანი მათთან ერთად ცხოვრობს და მათ შორის თანაცხოვრებისას, იფარავს თუ არა მათ ძველებურად?

მოკლედ, უნდა ნახოთ!

ფილმის ნახვა შეგიძლიათ "კავეას" ყველა კინოთეატრსა და "ამირანში". ბილეთები მოიკითხეთ გვერდებზე - კინოაფიშა და ბილეთები ჯიზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სად და როდის დაკრძალავენ თენგიზ არჩვაძეს

"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ

ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი... ერთ მშვენიერ დღეს...“ - 26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

80 წლის ლეგენდარული ალ ბანო თბილისს ეწვევა

"ერთხელაც, ცხოვრების გზაზე, გამოჩნდება შენი ადამიანი, რომელიც მთელ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს" - ქალი, რომელიც გია ფერაძის გვარს დღემდე ატარებს

„როცა დიასახლისი სახლს ალაგებს და თან გულში ლოცულობს, იცოდეთ, მაშინ მთლიანად სახლის კურთხევა ხდება“ - ბერი პაისი