"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ

eka

"იარე ლიზა" - აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ რეალურ ისტორიებსა და ქრონიკებზე გადაღებული ფილმი, 21 სექტემბრიდან, დიდ ეკრანზე იწყებს თავის ცხოვრებას;

ნანა ჯანელიძის ეს სურათი დიდი შერიგებისკენ ნაბიჯის მცდელობაზე თვალის გასწორებაა;

ძალზე ემოციური ფილმია; ომს სხვადასხვა რაკურსით გაჩვენებთ - არა მხოლოდ ჩვენი "ბინოკლიდან";

ყველამ უნდა ნახოთ;

რეჟისორმა ფილმი 42 დღეში კულტურის სამინისტროსა და კერძო ბიზნესმენების დაფინანსებით გადაიღო; 

სცენარის თანაავტორია ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, რომელიც ომში აწარმოებდა დღიურებს; სწორედ მან მისცა რეჟისორს იდეაც და საკუთარი ჩანაწერებიც, რის საფუძველზეც დაწერეს სცენარი;

"მე არ "მომწონდა" ეს ომი და ათი წელი მოვუნდი ამ თემაზე მუშაობას, რადგან არ ვიცოდი, ამ ფილმით რა უნდა მეთქვა" - თქვა რეჟისორმა  ჟურნალისტებისთვის გამართულ პირველ დახურულ ჩვენებაზე;

სცენარზე ათწლიანი მუშაობის შემდეგ კი, ახალ სათქმელს მიაგნო - ეს ფილმში თავად ნახეთ;

ის "ამ ამბავში" მედიას დიდ როლს აკისრებს; ფილმში მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც მიდის დასკვნამდე, რომ…

ამასაც თავად ნახავთ;

ტერიტორიებდაკარგული ჩვენი ქვეყნის მომავალზეც ბევრს დაფიქრდებით;

 ფილმში სილის გაწვნასაც იგემებთ, სარკეშიც ჩაიხედავთ, შეგრცხვებათ, ბევრს იტირებთ, ირონიულად გაგეღიმებათ, გაბრაზდებით, ომის სისასტიკეზე კიდევ ერთხელ დაფიქრდებით და გაგახსენდებათ, რომ სიმართლის თქმა მნიშვნელოვანია; თუმცა ჩვენ სიმართლის წინაშე ხომ მშიშარები ვართ, საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით ამაში; 

ნანა ჯანელიძე "პრაიმტაიმთან" თავის ფილმზე საუბრობს;

ნანა ჯანელიძე: შერიგების დრო? მოვიდა, მაგრამ მზადყოფნა, მე მგონი, ჯერ არ არის; ასე პირდაპირ არ მოდის შერიგება;

ვფიქრობ, ფილმმა, წიგნმა, სპექტაკლმა თავისი პირველი როლი უნდა შეასრულოს; არ ვიცი, ეს ფილმი რას იზამს, მაგრამ ეს რომ ჩვენი მხრიდან უნდა ამოთქმულიყო, დარწმუნებუი ვარ; იმათ თავისი სათქმელი ექნებათ; იმისთვის, რომ სწორად ვიაროთ, ასეთი რამეები უნდა ვთქვათ, სიმართლე არ უნდა დავუმალოთ არც ჩვენ თავს, არც იმათ;

ალბათ, ფილმს რთული გზა ექნება; უკვე დამოუკიდებელია, ფეხზე დავაყენეთ და ვნახოთ, რა გზას გაივლის;

- ახლა რატომ მოგინდათ აფხაზეთის ომზე ფილმის გადაღება?

- ჟურნალისტს ლია ტოკლიკიშვილს აწუხებდა ეს თემა, ჩანაწერებს აკეთებდა ომში; მითხრა, ბევრი მასალა მაქვს აფხაზეთის ომზე და წაიკითხეო; მე ამ ომისადმი დამოკიდებულება არ მქონდა; ლევან აბაშიძე უნდა გადამეღო "იავნანაში", ლევანი წავიდა აფხაზეთის ომში და დაიღუპა; მოკლედ, ამ ომის თემა ჩავკეტე ჩემთვის; 

შემდეგ ლიამ მომცა თავისი მოგონებები, დღიურები - ფილმში გამოვიყენეთ "ნიუტონას დღიურის" ფრაგმენტი;  ლიამ წიგნად გამოუშვა ეს დღიურები, რომლის პრეზენტაციაც ფილმის პრემიერას დაემთხვევა; ასე შევაგროვე ყველა ჩანაწერი, ინტერვიუ, სანამ ამხელა მასალას სცენარად ვაქცევდით;

 ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლიას ინტერვიუ გურამ ოდიშარიასთან; ამ ინტერვიუმ განსაზღვრა, რომ მე ფილმს გადავიღებდი, განსაკუთრებით მისმა ერთმა ფრაზამ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, სინდისის ხმა ამოქმედდა და გადამაწყვეტინა ამ ფილმის გადაღება; ეს ფრაზა ფილმში ჟღერს და არ ვიტყვი, რა ფრაზაა;

მე და ლია განუყრელებად ვიქეცით, სცენარს ვწერდით და საერთოდ, ამ თემაზე მუშაობამ ათი წელი წაიღო; მივხვდი, რომ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ამ ომის შესახებ; თუ შენი ისტორია და წარსული არ იცი და რაღაცებს თვალებში არ შეხედე და არ შეშინდი, უკან დაგხევს; ამიტომ გზა რომ სწორად განაგრძო, სათქმელი უნდა ამოითქვას; 

ომს პოლიტიკოსები იწყებენ და მერე ის ჩვეულებრივ ადამიანებზე ტყდება - მოქალაქეებზე, ჯარისკაცებზე, ექიმებზე, ჟურნალისტებზე; პოლიტიკოსები ამაზე პასუხისმგებლობას არ ატარებენ, დანარჩენები კიდევ სიცოცხლეს სწირავენ

- რას უშვრება ომი ადამიანს?

- ომი აბსოლუტურად გარდაქმნის მას მძიმე მხარისკენ; ომის შემდეგ ჯარისკაცები განადგურებულნი არიან; ეს არის ფენა, რომელსაც საზოგადოება ვეღარ უვლის; ისინი ფსიქიკურად, მენტალურად განადგურებულნი არიან და მსხვერპლნი არიან;

ფაქტობრივად, ჩვენ ვართ წაგებული ომის ქვეყანა, წაგებული ომის კაცების ქვეყანა; მათი როლი ქალებმა იტვირთეს, კაცები დაბეჩავდნენ; ქალები დამწკრივდნენ და წავიდნენ უცხოეთში სამუშაოდ; კაცმა დაკარგა თავისი, როგორც დამცველის და ოჯახის მარჩენლის ფუნქცია;

- თქვენ რითი შეგცვალათ ამ პროექტზე მუშაობამ?

- ომი თავის წესებს გკარნახობს, ბატონობს; ვერ ეწინააღმდეგები; ომში რომ მოხვდები, იქიდან ვერ გამოდიხარ; თუმცა ომი შეიძლება ადამიანმა ადამიანობით დაამარცხოს; მხოლოდ ადამიანობა ცვლის რეჟიმს და ამას ვერაფერი ეწინააღმდეგება;

ომის უკან უარყოფითი ძალები დგას, რომელსაც ჰუმანურობით მხოლოდ ადამიანი ამარცხებს; ანიმაცია მაგიტომ ჩავრთე, დემონი რომ ქუხს და ლენინი დაიარება, ეს ხომ ომის და შუღლის სინონიმებია;

"სოფლის კაცებმა გადაწყვიტეს, თავთავიანთ სახლებთან დამდგარიყვნენ შეიარაღებულები და მტერი ეზოებში არ შეეშვათ. ყველა თავის ეზოსთან ჩახოცეს… ქმრის დატირების დროც არ მქონდა - სოფელი უნდა დამეტოვებინა, ბავშვები გადამერჩინა... მივძუნძულებდი და დილის ბინდბუნდში ვხედავდი გაურკვეველ სილუეტებს, სახლებს რომ ძარცვავდნენ. თავ-თავიანთ ჭიშკრებთან ყრიან ქართველები: ლერი სახოკია, ვალია კვიციანი, შალვა გორდეზიანი, გრიშა ბედია.." - აფხაზეთიდან დევნილი ნადეჟდა ცირდავას მონათხრობი;

ეს დღიურები, თავისი ტრაგიზმით, ისეთი ამაღელვებელი იყო, სიტყვებად უნდა გაჟღერებულიყო, მისი გადაღება სასტიკი, ბრუტალური იქნებოდა და ჩემში ამის წარმოდგენა განზიდვას იწვევდა;

ანიმაციით სხვა რამეს ვყვები - საშინელება არსებობს, მაგრამ ერთიანი სამართალიც ხომ არსებობს - გარდაცვლილის სული ანგელოზს მიჰყავს და მისი პატივაყრილი სხეული არ ჩანს მხოლოდ;

სამყარო გაცილებით მეტია, ვიდრე მატერიალისტური; მუდმივი ერთობაა და ამას სიურეალიზმის გარეშე ვერ გააკეთებდი; ფილოსოფიურიც უნდა ყოფილიყო, ირონიულიც;

- როლების შემსრულებლებიც საინტერესო მოულოდნელობებად წარმოგვიდგინეთ; მაგალითად, მთავარი როლის შემსრულებელი ჟურნალისტი და მწერალი - ეკა ტოგონიძე, მონაზვნის როლში ანა ჩირაძე, აფხაზი მეომრის როლში ილო ბეროშვილი;

- ანა ჩირაძე ძლიერი ადამიანია, ხმა აქვს საინტერესო; მამა ანდრიაზე იმ რეალურ ისტორიას სადად ჰყვება; ვფიქრობ, საინტერესო სახე შექმნა;

ძალიან ბევრს ვეძებდით მთავარი როლის შემსრულებელს; არ მინდოდა რომ, ამ ადამიანის წარსული მცოდნოდა; არ მინდოდა, რომ ეკრანზე, როლებში მყოლოდა ნანახი;

ეკას გადაღებამდე ერთი თვით ადრე შეემთხვა ტრაგედია, მეუღლე დაეღუპა; მას ჰქონდა ის სევდა, რომელიც უბრალოდ არ აქვს ადამიანს; ეკა მჟავანაძესთან, როგორც ქასთინგის მენეჯერთან, კარგად ვითანამშრომლე; მარტო რთულია ასეთი რაღაცის გადაწყვეტა; ჯგუფში წინააღმდეგობა შემხვდა, ეშინოდათ, რომ ეკა მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა, მაგრამ მე ძალიან მომწონს; თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ მამაცი, არ შეეშინდა;

შედეგი მაყურებელმა შეაფასოს…

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა

ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა

„მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა