კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
"თეთრ ბაირაღებში" "ლიმონას" და ნუნუ ექიმის სცენა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია; რომანის ეკრანიზაციაში მას რომანტიკის და დრამატიზმის სურნელი ახლავს;
უგუნებოდ მყოფ პატიმართან საკანში შედის ექთანი, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრება, ის კი მოულოდნელად, მას ხელში აიტაცებს, მაგიდაზე შესვამს და ბესიკის "ტანო ტატანოს" უკითხავს;
ეს თავის მოსაწონებლად უბრალოდ ლექსის თქმა არ არის; მასში დიდ დრამატიზმს დებს ეკრანზე - გმირი, მის უკან კი - გია ბურჯანაძე, რომელსაც ნინო ლორთქიფანიძეზე იმხელა ზეგავლენა მოუხდენია, რომ მსახიობი ცრემლად დაღვრილა; სცენას ერთი დუბლის მეტი არც დასჭირვებია...
გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილი, მამის მიერ გადაღებულ ეკრანიზაციამდე, გიას მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შეხვდა და "დიდოსტატის მარჯვენაში" შორენა კოლონკელიძე ითამაშა; გიორგი მეფე რაინდული გარეგნობის გია ბურჯანაძეს ანდეს;
ამჟამად განსაცდელში მყოფ მეგობარს, ნინო, "პრაიმტაიმის" მეშვეობით, გამოჯანმრთელებას უსურვებს და მასთან ერთად ნათამაშებ როლებზე საუბრობს;
ნინო ლორთქიფანიძე: გიას სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ, ვმეგობრობთ, ოჯახებითაც, მიყვარს და ვგულშემატკივრობ;
"თეთრი ბაირაღების" გადაღების დროს ახალგაზრდები ვიყავით ორივე, 26-27 წლისები; გია "ლიმონამდე" პოპულარული იყო, მაყურებელი სპექტაკლებიდან იცნობდა, თეატრში ბევრი როლი ჰქონდა ნათამაშები; არ აკლდა ცნობადობა, თუმცა "თეთრი ბაირაღების" შემდეგ, ერთიორად გაიზარდა;
ჩვენი სცენა იმდენად რომანტიკული და ამაღელვებელი გამოვიდა, რომ ცრემლი სავსებით ბუნებრივად წამომივიდა; ეს ემოცია, რა თქმა უნდა, გიამ გამოიწვია ჩემში; ისე ბრწყინვალედ კითხულობდა ლექსს, რომ მეორე დუბლი არ დაგვჭირვებია; მამაც ძალიან კმაყოფილი იყო, ბუნებრივია, რახან ერთ დუბლს დასჯერდა;
ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, გია და მამა მეგობრობდნენ;
პირველად "დიდოსტატის მარჯვენაში" ვითამაშეთ ერთად; მე ძალიან მიყვარს ფილმი "წიგნი ფიცისა", სადაც გია ლევან ბატონიშვილის როლს ასრულებს, მეც საინტერესო როლი მაქვს; იქაც უშუალო პარტნიორები ვიყავით;
მუშაობის დროს ძალიან კომფორტს გიქმნის, ყურადღებიანია, ხელს გიწყობს;
გია მსახიობად არის დაბადებული და ღმერთს ვთხოვ, რომ დაამარცხოს თავისი ავადმყოფობა და დროზე გამოჯანმრთელდეს;
ბევრი ხიფათი და ავადმყოფობა დაძლია და მისი შინაგანი სიძლიერე, ამ ვერაგ ავადმყოფობასაც მოერევა;
გამიკვირდა, გიას ფოტო რომ გავრცელდა, შეცვლილი იერით, რადგანაც მას არ სჩვევია თავისი მდგომარეობით სპეკულირება; მის ცოლს, ნინას, გიას თანდასწრებით არ ვესაუბრები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; ვუფრთხილდები და მგონია, რომ არ ესიამოვნება, მივიდე და ამ მდგომარეობაში ვინახულო; ამით ჩემს თავსაც ვუფრთხილდები;
მოკლედ, იმედი მაქვს, გამოჯანმრთელება, აღიდგენს ძალებს, ენერგიას, გარეგნობას და მერე მოვინახულებ.
ასევე დაგაინტერესებთ: