ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმად „მოქალაქე წმინდანი“ დაასახელეს.
საქართველოს საკონკურსო ფილმის სტატუსის მოპოვებას ოთხი ქართული ფილმი ცდილობდა:
„გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ (რეჟისორი – ლელა წიფურია), „მოქალაქე წმინდანი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი), „მშვენიერი ელენე“ (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი), „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).
თინათინ ყაჯრიშვილის რიგით მესამე ფილმი საქართველო-საფრანგეთი-ბულგარეთის კო-პროდუქციაა;
სურათი 2021-2022 წწ სამ ქალაქში - ჭიათურაში, რუსთავსა და მცხეთაში გადაიღეს;
დრამის სცენარის ავტორიც თინათინ ყაჯრიშვილია, თანაავტორი - ბასა ჯანიკაშვილი; დამდგმელი ოპერატორია კრუმ როდრიგესი; მხატვარია გიორგი გორძამაშვილი, მუსიკა თაკო ჟორდანიამ დაწერა;
ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაშია, თინათინ ყაჯრიშვილის მეუღლე;
როგორც ლაშა "პრაიმტაიმს" უყვება, მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, თუმცა დროისა და სივრცის კონკრეტიკას რეჟისორი თავს არიდებს; ქალაქში მრავალი საუკუნის წინ ჯვარცმული წმინდანის ქანდაკება დგას; ის ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობა და მოქალაქეთა მფარველია; მაღაროელები დიდ იმედებს ამყარებენ წმინდანის მფარველობაზე, მასზე ლოცულობენ და სწამთ, რომ თავიანთ სახიფათო საქმეს, ასე უფრო დაცულად ასრულებენ;
ლაშა ხალვაში: ერთ მშვენიერ დღეს, მაღაროელები ამ წმინდანის ჯვარცმის რესტავრაციას გადაწყვეტენ; დილით აღმოაჩენენ, რომ ჯვარი ადგილზეა, მასზე გაკრული წმინდანი კი - გაუჩინარებული; მთელი ქალაქი ეძებს, რადგან მათთვის ის უდიდესი სიწმინდეა; მერე აღმოაჩენენ ადამიანს, რომელიც არ საუბრობს, თუმცა ესმის მათი;
ხვდებიან, რომ ის სწორედ გაუჩინარებული წმინდანია, ოღონდ გაცოცხლებული; თავიდან უხარიათ, მაგრამ მერე უჩნდებათ კითხვები, რამდენად სწორია, რომ წმინდანი მათთან ერთად ცხოვრობს და მათ შორის თანაცხოვრებისას, იფარავს თუ არა მათ ძველებურად?
მთავარ როლშია ლევან ბერიკაშვილი, წმინდანის როლში კი გიორგი ბაბლუანი; ძალიან ვისიამოვნეთ მასთან თანამშრომლობით და საერთოდ, ყველა მსახიობთან მუშაობით; არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლი შეიკრა; მიუხედავად იმისა, რომ დიდი შეზღუდვების ფონზე - კომენდანტის საათი მოქმედებდა - გვიწევდა გადაღებები, სამუშაო პროცესი იყო სასიამოვნო;
იყო შემთხვევა, გადაღება ვერ დავასრულეთ ცხრა საათამდე და მთელ ჯგუფს შუა მინდორში გვეძინა; ასეთმა გარემომ ისე დააახლოვა ჯგუფი, რომ გადაღების დასრულება არ სურდათ, სინანულს გამოთქვამდნენ;
გადაღებებზე გვერდით გვედგა "ჯორჯიან მანგანეზი", მადლობა მათ; ფილმს მოქმედ მაღაროებში ვიღებდით; გადაღების გამო, მაღაროელებისთვის მუშაობის შეწყვეტა შეუძლებელი იყო; ჩვენ ვიღებდით და იქვე, ორას მეტრში სამუშაოები მიმდინარეობდა; ვიწრო, ბნელი კლაუსტროფობიული სივრცეა, ჩადიხარ ორ კილომეტრამდე მიწის სიღრმეში; მსახიობებმა თითქმის გადალახეს შიში, მარტივი არ იყო; ყველანი მაღაროელებივით ვიყავით აღჭურვილნი, ერთმანეთისგან ვერ გაგვარჩევდით;
- და საბოლოოდ ასე ტკბილად მოიმკეთ; ემოცია?
თინათინ ყაჯრიშვილი: ძალიან გაგვიხარდა, რადგან საინტერესო ფილმი გამოვიდა; საერთაშორისო კრიტიკოსებმა რეცენზიებში ფილმი აქეს, კარგად მიიღეს, ძლიერ ნამუშევრად და საუკეთესო ფილმად დაასახელეს; ორ ფესტივალზე იყო და ჯილდოებით დაბრუნდა; აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ მხოლოდ კრიტიკოსები კი არა, სხვებიც დაინახავდნენ; ასეც მოხდა და გვიხარია;
ლაშა: თინა ძლიერ რეჟისორად ითვლება; მისი წინა ორი ფილმი საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია; კარგი სცენარი, კარგი ოპერატორი, კარგი მსახიობები, მშვენივრად გადავიღეთ და ცუდი რატომ უნდა გამოსულიყო?
რაც შეეხება ოსკარზე საქართველოს სახელით წარდგენას, ეს მეორეჯერ არის ჩემთვის, როგორც პროდიუსერისთვის; 2018 წლის ფილმი "საშიში დედა" იყო წარდგენილი და მე მაქვს ფილმის საპრომოუშენო კამპანიის გამოცდილება; ამერიკაში გამგზავრებაზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვიფიქრებ;
საქართველოში ფილმის პრემიერა 21 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე - ბიაფზე შედგება; კინოთეატრებშიც მალე გამოვა;
ასევე დაგაინტერესებთ:
„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა