„ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი... ერთ მშვენიერ დღეს...“ - 26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

lika

დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა... მზიანი და ბროწეულის ყვავილივით ალაკრული მარიტასი...

64 წლის გახდებოდა... 

ამბობენ, "ნატვრის ხის" პერსონაჟი, საბედისწერო როლი აღმოჩნდა სათუთი ფსიქიკის მქონე პატარა გოგონასთვის. მარიტა სამუდამოდ ჩასახლდა მასში და… ის არასდროს დაუტოვებია.

მარიტას როლისთვის ათას ხუთასი გოგო ნახეს, სინჯებზე შეამოწმეს... რეჟისორს მაინც ვერ მიეგნო იმ სახისთვის, რაც სურდა. მერე თექვსმეტი წლის ლიკა იპოვა.

როლმა მთლიანად მოიცვა. გადაღებიდან სახლში დაბრუნებული, მარიტას კაბას არ იხდიდა, თურმე...

"ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებული სოფლების სკოლებშიც კი. ერთ მშვენიერ დღეს, თენგიზ აბულაძე სტუდიაში შემოვიდა, ამწუთას ეზოში მარიტა და გედია ვნახეო. ლიკა და სოსო რეზო გაბრიაძის ფილმის გამო კინო სტუდიაში ყოფილან და შემთხვევით გადაყრიან მას.

მომაჯადოებელი იყო, თან – სადა, არა პრანჭია. იყო ძალიან მოწესრიგებული, მხიარული, გულღია. ხანდახან მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან… მაგრამ ლიკა ისეთი ოჯახის შვილი იყო, შეუძლებელია, ასეთი სასაცილო რამეები დამართოდა", – იხსენებს ნანა ჯანელიძე.

როდესაც თენგიზ აბულაძესთან სინჯებზე მისულა, მაესტრომ გედიასთან მარიტას შეხვედრის კადრების გადაღება ითხოვა. მარიტა უკვე გათხოვილია, გედია თვეებია არ უნახავს, გარეთ ადრიანი გაზაფხულის მომაბეზრებელი წვიმებია... და მოულოდნელად თავს საყვარელი ადამიანი ადგება.

"გედია..." - ემოცია ამოხეთქილი ლიკა სოსო ჯაჭვლიანს რომ ჩახუტებია, თენგიზ აბულაძეს ცრემლი მორევია. მისულა და ორივეს გადახვევია. ლიკაც და სოსოც როლებზე დამტკიცდნენ...

ასმათ ტყაბლაძე: – მახსოვს, “ნატვრის ხის” გადასაღებ მოედანზე ანგელოზი რომ დავინახე… ულამაზესი იყო, შველი! მითხრეს, ეს გოგო ითამაშებს მარიტას როლსო.

16 წლის იქნებოდა. ძალიან ნორჩი იყო. გაშტერებული ვუყურებდი. თხელი, ლამაზი, ღიმილიანი… საოცარი გოგო.

დედა და ბებია თან დაჰყვებოდნენ. სიღნაღში, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით.

ისეთი საყვარელი იყო გადაღების დროს, მართლა დაშტერებული ვუყურებდით ასეთ სილამაზეს.

მახსოვს, სესიალიას ნათქვამი, “კაკაია ანა აჩერავაწელნაია”. გენიალური, უშუალო და არაჩვეულებრივი ბუნების გოგოაო. კმაყოფილი იყო სესილია. ეს რა გადასარევი შვილიშვილი მაჩუქეთ, საკუთარივით მივიღეო.

გემრიელი ბავშვი იყო. იმდენად სუფთა იყო, რომ ბიჭებიც ვერ “კადრებდნენ”, მიყვარხარო. ბუნებითაც სუფთა იყო…

ბერტა ხაფავა: – ნაღდი ბავშვი იყო. თავს ევლებოდნენ, სულს უბერავდნენ. ულამაზესი ხომ იყო და არაჩვეულებრივად იყო აღზრდილი.

არისტოკრატი და დიდებული გეიდარ ფალავანდიშვილის დისშვილი იყო. გადასაღებ მოედანზე ხან დედა ჰყავდა გვერდით, ხან – ბებია. არ ტოვებდნენ. ისეთი ბავშვი იყო, ვინ დატოვებდა.

ჩვენი ბიჭები, შეთეც და გედიაც, ორივე მასზე იყო შეყვარებული. არ შეიძლებოდა გენახა და არ გყვარებოდა. ყველანი შეყვარებულები ვიყავით.

სიღნაღის სოფლებში ვიღებდით. ვირზე რომ ზის და ტალახს ვესვრით, ამ სცენებს გაზაფხულზე ვიღებდით. წვიმიანი დღეები იყო. ციოდა, თან მე მცივანა ვარ. მციოდა, თან სველიც ვიყავი.

ლიკასთვის ტალახის სროლა ყველას გვიჭირდა. სოფლის ქალები მეკითხებოდნენ, ასეთი ანგელოზი როგორ გაიმეტე ტალახის სასროლადო…

ზაზა კოლელიშვილი: გადასაღებად რთული სცენა იყო, მე რომ ოთახში შემოფრენილ ჩიტს მათრახით ვუსწორდები და ვლეწავ ყველაფერს. ბატონ თენგიზს უნდოდა უწყვეტი კადრი ყოფილიყო. ინტერიერი ისე იყო მოწყობილი, რომ ლიკა მაგრად უნდა ჩამებღუჯა. მგონი, გულზე მიბჯენისგან ვალურჯებდი კიდეც. ორი დუბლი დაიწუნა, ამ დროს ილეწებოდა რეკვიზიტები. მაგრამ არ მოსწონდა, რადგან დამაჯერებელი არ ვიყავი, შებოჭილობას მამჩნევდა, თან ლიკა მეკვროდა... ამ მომენტისთვის ხომ ვემზადებოდი და... რაღაც არ გამომდიოდა, მაინც პირველი როლი იყო.

და ბატონმა თენგიზმა თქვა, მესამე დუბლს ვცდი და თუ არ გამოვიდა, ეს ეპიზოდი ფილმში აღარ იქნებაო. წარმოიდგინეთ, "ნატვრის ხეში" ეს ეპიზოდი რომ არ ყოფილიყო.

ბიძაჩემმა, რეჟისორმა გია მატარაძემ, რომელიც იმ დროს აბულაძის მოწაფე იყო, ისე "ამაგდო", რა კეკელკასავით იქცევიო, რომ გამწარებულმა ისეთი ლეწვა ავტეხე, შემოფრენილ ჩიტს თავი წავაწყვიტე. ამაზე უკვე ლიკას რეაქციაც და მთელი სცენაც ბუნებრივი გამოვიდა. თენგიზს მოეწონა - "მალადციო", გვითხრა. მანამდე მეუბნებოდა, საბავშვო ბაღიაო. აბულაძის შექება ცოტა არ იყო. სტიმული მომეცა.

ვირზე შესმული ლიკას კადრების გადაღების დროს, როცა ტალახისგან და წვიმისგან სველდებოდა, მისი ნებით, მხოლოდ მე ამყავდა ხელში და მანქანაში ვსვამდი, რომ სიღნაღის სასტუმროში წაგვეყვანა, სადაც ერთ ნომერში ცხელ აბაზანას იღებდა, რომ არ გაცივებულიყო. ხელში აყვანილი მანქანამდე დიდხანს რომ მეტარებინა, მძღოლს ვეუბნებოდი, მანქანა შორს დააყენე, თორემ საბურავებს დაგიჭრი-მეთქი.

მე მარიტას შინაგანად ვუთანაგრძნობდი, განსხვავებით ლეონიძის შეთესგან, რომელსაც აღწერს: მგლის იერის, ნაცრისფერი სახის ყომრალი კაციო... ზოგადად, მე ვცდილობდი ადამიანური თვისება უფრო წინ წამომეწია, ვიდრე ავტორს ჰქონდა ლიტერატურულ პერსონაჟში ჩადებული.

ერთი კადრია, რომელიც ძალიან მომწონს, მარიტას იდაყვი შეთეს უჭირავს, თან თანაუგრძნობს, თან - ვერ! სოფლის ნების წინააღმდეგ ისიც ვერ წავიდა. შეთე კაცი იქნებოდა, ციციკორეს წინააღმდეგ და სოფლის წინააღმდეგ რომ წასულიყო. მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი. მარიტას არ უღალატია ქმრისთვის, გააფრთხილა გედია, წადი, თორემ მოგკლავენო. სოფელმა გედიაც მოკლა და მარიტაც. დღესაც ერევა სოფელი პირად ამბებში. არაფერი იცვლება...

რამდენია გასახსენებელი... კიდევ რამდენი როლი დარჩა ლიკას უთამაშებელი.

ნათელი დაადგეს ლიკას სულს!

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ლიკა იყო ჩემი ნამდვილი სიყვარული... ცოლად ვერ მოვიყვანე და..." - მხატვრის აღიარება, რომელიც ლიკა ქავჟარაძის სიყვარულმა რეჟისორად აქცია

ქვეყნდება პირველად - "ლიკა კრაბის სალათით გამიმასპინძლდა და..." - რა ფოტოსა და ისტორიას აქვეყნებს მსახიობის მეგობარი

„ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა. ორივე დაბნეულები ვიყავით...“ - რას იხსენებს ნიკა ნიკვაშვილი ინგა ფერაძეზე