"მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა" - რეზო გაბრიაძე 88 წლის გახდებოდა

ucmindesi

რეზო გაბრიაძე 29 ივნისს 88 წლის გახდებოდა. ივნისში დაბადებული ივნისშივე შეერთო მარადისობას. სამი წლის წინ წავიდა. წავიდა და დიდი სევდა დატოვა...

გენიალური რეზო გაბრიაძე დაგვრჩა კინო შედევრებში, ქუთაისურ, ცხელ ქარებიან ქუჩებში, მარიონეტების თეატრში, პოეტურ საათის კოშკში... შეგხვდებათ ყველგან, რაც მის ასოციაციას მოგიტანთ.

***

1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ერთდროულად იყო მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, რეჟისორი... არის 35-ზე მეტი ფილმის ავტორი. მისი სცენარებითაა გადაღებული დაუვიწყარი ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „არ იდარდო“ (1968), „ფეოლა“, „ქვევრი“ (1970), „თეთრი ქარავანი“ (1972), „შერეკილები“ (1973), „მიმინო“ (1977), „ქინ-ძაძა“ (1986) და სხვ. დაწერილი აქვს მოთხრობები და რომანი „ქუთაისი ქალაქია“. 

წერდა ქუთაისზე, თბილისზე, თუმცა ისეთ ჭრილში, რომ მის პერსონაჟებს ჩვენი პლანეტის ნებისმიერ წერტილში აცხოვრებ და იქაურიც გეგონება. 

"მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა პარიზში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა", - ასე წერდა თავად.

მისი მარიონეტების თეატრის სცენიდან გმირები - თოჯინები დიდების სათქმელს ამბობენ. 80 კაცზე განკუთვნილი თეატრი ძველ თბილისში 1981 წელს დააარსა. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, და სხვა.

ო, რა მარტივი ჭეშმარიტება და გენიალურია ფილმებში მიმობნეული მისი ფრაზები... წლები გადის, ჩვენ კი ამ შესისხლხორცებულ ფრაზებს, ვიმეორებთ და არ გვბეზრდება. გაბრიაძე ჩვენი ესთეტიკაა... ჩვენი სული, გული და  არსია.

ბედნიერებაა გყავდეს გაბრიაძე. 

"ასეთი მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის ესთეტი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათად იქნება: რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, სკულპტორი, წიგნების ილუსტრაციათა ავტორი, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი... მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით. ეს საათი მარადისობის მკვიდრი ბატონი რეზოსთვის უკვე სამუდამოდ გაჩერდა" - ნათქვამი იყო პატრიარქის სამძიმრის წერილში. 

***

რეზო გაბრიაძე: – ბავშვობა – ეს პროცესია. შეგრძნებით ის არასოდეს მთავრდება. როცა მუსიკა გესმის ან ხელოვნებას ხედავ – მთლიანად მეორდება, ბედნიერება მეორდება. ბავშვობა, ალბათ, ბედნიერებაა. გახსოვთ, ბავშვობაში რამდენი მზიანი დღეა? და ქარის ან ნიავის მხოლოდ ორი-სამი დაკვრა, რომლებიც მთელი ცხოვრება გამახსოვრდება. ერთი ქარი – თბილია, თითქოს შენობიდან გიბერავთ, უბერავს, როცა გაზაფხული მოღონიერდება… არის სუნები, რომლებიც გეწევიან, რაღასაც გახსენებენ. ცხოვრების ისეთი, ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის. ახლად შეღებილი მერხის, ოლიფის, აცეტონის სუნი… კიტრისაც… ის ჩემში ტალღის სუნის ასოციაციას იწვევს.

ჩემს ბავშვობაში კიტრი ზაფხულსა და ზღვას ემთხვეოდა. ყველაზე მშვენიერი მაინც – ქარია. ყველა მდგომარეობა მიყვარს: უნაზესი მსუბუქი ქროლვიდან დაწყებული – გრიგალით, ქარიშხლით დამთავრებული. ნუთუ შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი ხმა, ვიდრე თუნუქისა, რომელიც ქარისგან გრიალებს? ან როცა მილშია?..

ახლა კიდევ რა გავიფიქრე: სცენაც ათი კვადრატული მეტრი მივიღე. ესე იგი, სცენა შეიძლება უფრო დიდი იყოს, მაგრამ მას ჩემი ბავშვობის ათ მეტრამდე ვავიწროებ. მათში ისევ ეტევა მთელი პლანეტა, გზები, ისტორია. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ემთხვევა. ღმერთო, რამდენი საოცრებაა ამ სამყაროში…

ასევე დაგაინტერესებთ:

"ეჰ, თამუნია, თამუნია" - ვინ იყო სინამდვილეში ქუთაისელი ლამაზმანი

"გივი, გივი, ჩვენ ვართ!“ - ვინ იყო  სინამდვილეში უჩინარი გივი?

"კლინიკური სიკვდილის მერე, დამირეკა და მითხრა: ნუ გეშინია, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, სანამ..." - ლანა ღოღობერიძე გია ყანჩელზე