საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
მალე 94 წლის ლანა ღოღობერიძე თავისი ახალი დოკუმენტური ფილმით წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. ფილმს ასეთი სათაური აქვს - "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი". რეჟისორმა სურათი დედაზე, ქართული კინოს პირველ ქალ რეჟისორზე, ნუცა ღოღობერიძეზე შექმნა.
ლანა ღოღობერიძე თავის ინტერვიუებში ამბობს, რომ ის ტრავმები, რაც ბავშვობაში დედის გადასახლებით მიადგა, გახდა მისი შემოქმედების ბიძგი.
ლანა ღოღობერიძე: ყველა იმპულსი იქიდან მოდიოდა. შვიდის ვიყავი, დედას რომ მომწყვიტეს და ათი წლის შემდეგ შევხვდი, რომელიც უკვე სრულიად უცხო ადამიანი იყო ჩემთვის. როდესაც დედა გადასახლებიდან დაბრუნდა და მას შევხვდი, ეს შეხვედრა ხომ თითქოს ბედნიერების წყარო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სულაც არა. შეძრწუნება და გაუცხოება მქონდა. არ ახლდა იმის განცდა, რომ დედა დაბრუნდა. შემოვიდა უცხო ადამიანი.
მილიონი ქალი და ბავშვი იყო ასეთ დღეში მაშინ. ამიტომ იყო ეს სამყარო ასეთი მკაცრი, შეუბრალებელი, ტერორზე და ძალადობაზე დამყარებული. შენი ქვეყნის თავისუფლებას არაფერი არ შეედრება.
დედა რომ დაიჭირეს, დამიმალეს. იმ დღეს ბებიაჩემთან მეძინა. ძირითადად ხომ ღამით მიჰყავდათ. დედა ეტყობა გრძნობდა და არ უნდოდა მე რომ ეს მენახა და ბებიასთან ვიყავი. მეორე დღეს მითხრეს, დედა როსტოვში წავიდა, მამის ამბის გამოსარკვევადო. მე იმ წუთს მივხვდი, რა მოხდა. მაგრამ მერჩივნა ამ თამაშში ჩავბმულიყავი და არ მცოდნოდა სიმართლე.
იმ დროზე რეალისტური სურათები კი არ მიდგება თვალწინ, რაღაც თან აბსტრაქტული და თან ემოციური.
17 წლის ასაკში რომ შევხვდი, დედა გამახსენდა მისი დაბალი ხმით და ფრაზით, რომელსაც ხშირად მეუბნებოდა: "ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა..." ეს სახე დამრჩა დედისგან. რაღაცნაირი სინაზე, რომელსაც განსახიერება ჰქონდა მხოლოდ ხმაში.
პირველი რეჟისორი ქალი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, ნუცა ღოღობერიძე გახლდათ. მისი ქალიშვილობის გვარი ხუციშვილი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. ფლობდა რუსულ გერმანულ და ფრანგულ ენებს. მოგვიანებით, ცოდნის გასაღრმავებლად გერმანიაში გაემგზავრა.
ნუცა ღოღობერიძე პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში, 25 წლის ასაკში გახდა.
სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. პირველი დოკუმენტური ფილმი მან მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო. „მათი სამეფო“ ასე ჰქვია ამ ფილმს. ნუცას მეორე ფილმი იყო „ბუბა“, 1932–33 წლებში კი გადაიღო თავისი უკანასკნელი მხატვრული ფილმი „უჟმური“.
30-იანი წლების შუა ხანებიდან ნუცას, ქმრის, ცნობილი საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის გამო ავიწროებდნენ. ლევანი 1937 წლის 21 მარტს დახვრიტეს, რადგან იგი ბერიას მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ნუცა კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც მიატოვეს.
ნუცა ღოღობერიძე, 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს.
საქართველოში დაბრუნებულ ნუცას აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობდა...
რაც შეეხება ლანა ღოღობერიძის ბოლო ნამუშევარს, რომელიც მან დოკუმენტურ ფილმამდე, 2019 წელს გადაიღო, ეს გახლავთ "ოქროს ძაფი", რომელიც არაერთ კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები. მასში მთავარ როლებს ასრულებენ - ზურა ყიფშიძე, ნანა ჯორჯაძე, ნინო კირთაძე, გურანდა გაბუნია, დავით კვირცხალია.
პანდემიის დროს კი დაწერა ავტობიოგრაფიული შინაარსის წიგნი "ვისთვის გალობს შაშვი", რომელიც გასულ წელს "საბას" პრემიის ლაურეატი გახდა.