დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მარიტა, შორენა კოლონკელიძე, დარინა, „ნუშის“ ეკა, თამარი „მთვარის მოტაცებიდან“, „მხიარული რომანის“ ეკა – ცოტამ თუ იცის, რომ 600-მდე კინოროლი თინა მგალობლიშვილის გახმოვანებულია. უთანამშრომლია ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან – დავით რონდელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, ნიკოლოზ სანიშვილი, შოთა მანაგაძე, გურამ პატარაია, ალეკო ნინუა, თენგიზ აბულაძე, ოთარ იოსელიანი, გუგული მგელაძე;
„ახლა ფილმები რომ გადის და ჩემი ხმა მესმის, მეცინება. ქართული ფილმების მთავარი როლების ქალბატონებს თითქმის ყველას მე ვახმოვანებ. ჩემ შვილიშვილს უხარია, მაგრამ ჩემთვის დღეს უკვე ეს სევდის მომგვრელია, რადგან ეს ყველაფერი მოგონებაა. ბევრი გენიოსი მსახიობი და რეჟისორი წავიდა და უცრემლოდ ამ ყველაფერს ვერ მოვიგონებ“ – „პრაიმტაიმთან“ ისტორიებს იხსენებს თინა მგალობლიშვილი, ქართული ფილმისა და რადიოს შეუდარებელი ხმა.
თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ მსახიობი არ ყოფილა, არსად უთამაშია. მის ჯგუფელებს შორის კახი კავსაძე და ნუგზარ ჯუღელი იყვნენ.
პირადი გარემოებებიდან გამომდინარე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სცენაზე არ წავიდოდიო, ამბობს. გადაწყვეტილება არ უნანია. იყო ჯერ რადიო, მოგვიანებით ტელე დიქტორი. 20 წლის მანძილზე მიჰყავდა საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“.
იმხანად მედეა ჩახავა, გახმოვანების თვალსაზრისით, ფავორიტი ყოფილა და მის ხმაზე ყოფილა "სწორება". თუმცა რუსთაველის თეატრის მსახიობს აღარ ეცალა ამ საქმისთვის, რამაც თინა მგალობლიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი.
თინა მგალობლიშვილი: – ჩვენ, როლების გამხმოვანებლებს, „სნაიპერებს“ გვეძახდნენ. ხასიათის გარდა, არტიკულაციაში ზუსტად ვახვედრებდით. არაჩვეულებრივად ახმოვანებდა ლეილა ძიგრაშვილი, ლამზირა ჩხეიძე… მე გამიმართლა. ჩემი მონაცემიც დამეხმარა, მაგრამ ბედიც იყო ასეთი.
„ნატვრის ხის“ გამხმოვანებელთა კონკურსში, მარიტას ხმაზე, ტიტულოვანი მსახიობები მონაწილეობდნენ, თუმცა არჩევანი ჩემზე გაკეთდა.
ლიკა ქავჟარაძე მაშინ 16-17 წლის იყო, მე – 30-ს ცოტა გადაცილებული. სხვაობა იყო ასაკშიც და ხმის ტემბრშიც. ეს ორი ბარიერი დასაძლევი იყო. მუშაობისას აბულაძემ მაჩვენა კადრი, წყაროსთან ლიკა რომ იხედება პროფილით და მითხრა – შეხედე, რა ღვთაებრივი სილამაზეა, შენ მის სულიერ სიღრმეებში უნდა შეხვიდეო. ალბათ, ქავჟარაძის გამაოგნებელმა სილამაზემ და პლუს ბატონი თენგიზის შესაძლებლობებმა მომცეს ძალა, ჩემი ხმა მარიტას გამოსახულებას მისადაგებოდა. ბატონი თენგიზის იმედი გავამართლე და კმაყოფილი დარჩა. მასთან მუშაობა დიდი პატივი და სიამოვნება იყო. ლიკას არც ერთხელ არ შევხვედრივარ. სულ იმის ფიქრში ვიყავი, როგორ შეიძლებოდა, რომ ამ ანგელოზ ქალბატონს არც ერთხელ არ შევხვედრივარ-მეთქი. არც მისი აზრი ვიცი მარიტას გახმოვანებაზე. თუმცა რახან ბატონი თენგიზი ძალიან კმაყოფილი იყო, ლიკაც ასევე იქნებოდა.
ფილმის ხმის ოპერატორი, თენგიზ ნანობაშვილი მეუბნებოდა, ბატონ თენგიზს ისე მოსწონს მარიტას და გედიას შეხვედრის სცენა, გადამახვევინებს და უსმენს ხოლმეო. ჩემთვისაც, როგორც გამხმოვანებლისთვის, მარიტას და გედიას შეხვედრის სცენა იყო სამუშაოდ არაჩვეულებრივი. გახსოვთ ხომ ეს სცენა? მარიტამ არ იცის, გედია ცოცხალია თუ არა, მოსულს ეკითხება: გედი, შენ ცოცხალი ხარ? ცოცხალი ხარ, ჩემთან მოხვედიო? სრულიად ფანტასტიკური სცენაა ფილმში. გედია დაინახა და უხარია, მაგრამ იქვე მალე გამოფხიზლდება, აზრზე მოდის, სხვისი ცოლია და წადი, გედიო, შორდება.
მომწონს პაემნის სცენაც, ციციკორესთან მამა-ბებიის გარიგების შემდეგ გედიას რომ ეუბნება, მე არავინ არაფერს მეკითხება, დასხდნენ და გადაწყვიტეს – მარიტა შეთესო!
პავლე ჩარკვიანმა აღადგინა „სამი სიცოცხლე“, რომელშიც ნატო ვაჩნაძე მყავს გახმოვანებული. ერთ სიამაყედ ეს მყოფნის.
– დღევანდელი გადმოსახედიდან, ამდენი ფილმის გახმოვანების შემდეგ, გული ხომ არ გწყდებათ, რომ ცოტამ თუ იცის, ვისი ხმა ისმის ცნობილი გმირების ბაგეებიდან?
– გული არ მწყდება, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა არ იცის, რომ ამ გმირებს ჩემი ხმა აქვთ. ისეთ ხალხთან ვმუშაობდი, რომ უბედნიერესი წლები ვიცხოვრე. სესილია თაყაიშვილი რომ შეგაქებს, ღამე აღარ დაგეძინება, აბა, რა იქნება?! „მალაჩინა“, ასე იცოდა თქმა.
ასევე დაგაინტერესებთ: "კახი, ჯემალი და გურამი - სამივე ჰყავს ნაცემ-ნატყეპი, იუდა ისკარიოტელებს ეძახდა" - ზინაიდა კვერენჩხილაძე 91 წლის გახდებოდა
„მეშინოდა, მაგრამ ამირანმა გადამაწყვეტინა და..." - რა სთხოვა ამირან არაბულმა ცოლს თურქეთის კლინიკიდან