"ხორცი არ უყვარდა, ვეხუმრებოდი: ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი. მანამდე იღლიაში ამოვიჩრიდი და ისე დავდიოდი" - ვისზე ხუმრობდა ასე კახი კავსაძე

kaxi

კახი კავსაძე ბავშვობიდან მოყოლებული ფიზიკური აქტივობით იყო დაკავებული. ეს მის აღნაგობას ეტყობოდა კიდეც. 

"ორივე ნავარჯიშები ვიყავით. კახი დარბოდა, მე ფეხბურთს ვთამაშობდი. ვცურავდით, წყალბურთს ვთამაშობდით" - ამბობს იმერი კავსაძე, მსახიობის უმცროსი ძმა.

ფოტო კი, რომელიც ფეისბუქგვერდმა, "ბარდების კლუბი" გამოაქვეყნა, აქამდე უცნობია. ფოტოზე სტუდენტი კახი და ზურა ქაფიანიძე არიან გამოსახულნი. აი, რას ამბობდა კახი ზურაზე. 

"1956 წელია. მეორე კურსზე ვართ. ჩვენი საკურსო სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა დარბაზში ჩავედით და იქ გადავიღეთ ეს ფოტო... ზურიკო ქაფიანიძეს ხედავთ? აკი გეუბნებოდით, თეატრალურში რომ მოვიდა, პატარა ბიჭი იყო-მეთქი. იღლიაში ამოვიჩრიდი და ისე დავდიოდით. აი, ბატონო, ნახეთ: ხომ ვარ ზურა ქაფიანიძეზე მაღალი? არავის სჯერა, არ იქნებოდიო... არადა, ვიყავი! მერე გაიზარდა, ჩემო ბატონო! ვეხუმრებოდი: ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი. ხორცი არ უყვარდა, მცენარეულ საჭმელს არჩევდა" - იხსენებდა კახი კავსაძე.