ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
ზეინაბ ბოცვაძე 79 წლის გახდებოდა; 13 აგვისტოს დაიბადა და თარსი რიცხვის უიღბლობა დაჰყვა. როლები იმდენი არ უთამაშია, რაც მისი შარმისა და ნიჭის მსახიობს უნდა ეთამაშა, სიყვარულშიც უიღბლო იყო. რეალურ ცხოვრებაში „მონანიების” ქეთი ბარათელი იყო – ტრაგიზმით, სევდით, შეპარული ცინიზმით და ამას თვითონაც აღიარებდა. ხასიათის ის შტრიხები, რაც ამ ფილმში მის გმირს აქვს, ზეიკოს გამოხატავს: თეთრ კაბაში გამოწყობილი, თეთრი შლაპით, ამაყად თავაწეული ქეთევან ბარათელი მოხდენილად რომ შემოაბიჯებს დარბაზში და მერე, ვიწრო საკანში განმარტოებული საკუთარ თავს ჩაღრმავული, ღრმა გულგატეხილობას, ნაღველსა და მარტოობას რომ ამჟღავნებს.
როგორც ჭეშმარიტი ლომი, იყო ყურადღების ცენტრში, კამპანიის სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი;
ადრე დატოვა სააქაო, 50 წლისაც არ იყო, სამაგიეროდ, სევდიანად დაუვიწყარია მისი პერსონა, რომელმაც გაიელვა და წავიდა...
ზეინაბ ბოცვაძე: ვთვლი, რომ მარტოხელა მგელს ვგავარ. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ პატიება არ შემიძლია. მიჭირს, რადგან მიმაჩნია, რომ რაც მაკადრეს, იმის ღირსი არ ვიყავი. ეტყობა ესეც არის იმის მიზეზი, რომ თავს მარტოხელა მგლად აღვიქვამ.
ბევრ რამეს შევცვლიდი. თუ ყველაფერი შედარებითია, მაშინ მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ სიყვარული მაქვს განცდილი, ძალიან მიყვარდა… დაგასწრებთ და გიპასუხებთ კითხვაზე – მაშინ რატომ არ შეიქმნა ოჯახი? – საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ჩვენი ცოლქმრობა ალბათ დაკარგავდა იმ ფერებს, რაც ამ გრძნობაში იყო. ყოფა ისე ცუდად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. მართლა მეცოდება ის ქალი, რომელმაც უნდა გააკეთოს სადილი, გადაანაწილოს ფული და მაინც შეინარჩუნოს უნარი, რომ იყოს მშვენიერი, მშვიდი და მოსიყვარულე. მე თავისუფლება ვერ დავთმე...
ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა და ამ ერთ აბზაცში მთელი ცხოვრება ჩატია. მისი ნაღვლიანი თვალების მიზეზსაც თითქოს აქ ვკითხულობთ.
მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ჟურნალისტებთან ვერ ვიხსნებიო, ამბობდა. მის ინტერვიუებს და მოგონებებს კი თავი მისმა დამ, ინგლისური ენის სპეციალისტმა, ქალბატონმა ცისანა ბოცვაძემ მოუყარა და დაუვიწყარ ზეიკოს წიგნი უძღვნა. „პრაიმტაიმს” ბევრი საინტერესო დეტალი სწორედ მან უამბო.
რასაც მსახიობზე საჯაროდ წაიკითხავთ არის ის, რომ ცოტა ხნით იყო გათხოვილი, ქმარს მალევე გაეყარა და მას შემდეგ არ გათხოვილა. არც შვილი გაუჩენია მიუხედავად იმისა, რომ გარს თაყვანისმცემელთა და მასზე მოტრფიალე მამაკაცთა არმია ეხვია მუდამ.
ცისანა ბოცვაძე: – გულჩათხრობილი იყო, არც ინტერვიუებს იძლეოდა. იმ დროს არც იყო ამდენი ჟურნალ-გაზეთი. რომც ყოფილიყო, ზეიკოს არ უყვარდა თავის რომანებზე საჯაროდ საუბარი.
რატომღაც ყოველთვის უიღბლო სიყვარული ჰქონდა. ძალიან მართალი იყო. კაცები ხომ იცით, როგორები არიან. ისე იღებენ, თითქოს იმსახურებენ. ზეიკო ალალი და კეთილი იყო. როცა უყვარდა, უნდოდა ესიამოვნებინა, რასაც უკუღმა იღებდნენ მამაკაცები. თვლიდნენ, რომ კიდევ ეკუთვნოდათ.
სამი თვე ჰყავდა ქმარი. ხუმრობდა, კაცს სამი თვის მერე წიხლი უნდა ჰკრა და გააგდოო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ხშირად ეტრფოდნენ. ჰქონდა რომანები, გატაცებები…
ერთი ცნობილი კომპოზიტორი უყვარდა. უპირველესად მის ნიჭს სცემდა პატივს. თვითონ ნიჭიერი იყო და სხვის ნიჭსაც აფასებდა. მისთვის გარეგნობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მასთან თავს კარგად გრძნობდა. მერე დაშორდნენ. სერგო ფარაჯანოვსაც მოსწონდა, ბორია ხმელნიცკისაც. ბევრს მოსწონდა ზეიკო.
ქორწინება აღარ უნდოდა, ამაზე არც ჰქონია პრეტენზია. შვილი კი უნდოდა, მაგრამ რახან დიაბეტი ჰქონდა, ექიმმა უთხრა, შენთვის შვილის გაჩენა არ შეიძლებაო. მამა რომ გარდაიცვალა 14 წლის იყო ზეინაბი, დედა რომ გარდაიცვალა – 21-ის. ინერვიულა და დიაბეტით დაავადდა. 300 ჰქონდა სისხლში შაქარი.
მშობლები რომ გარდაგვეცვალნენ ჩვენით მოგვიხდა თავის გატანა. ზეიკომ კერვით დაიწყო თავის რჩენა, არავის რომ არ შეცოდებოდა, რა საწყალიაო. ჩვენმა ძმამ მერე დაიცვა დისერტაცია. შრომას მიგვაჩვიეს მშობლებმა. მამა იურისტი იყო, მაგრამ ნატურით შემოქმედი, ქეიფების მოყვარული გახლდათ. ჩვენ მისი განათლებული წრისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. დედა პრაგმატული ქალი იყო…
ბნელი და ცივი 90-იანების თბილისის ელიტის ნახევარი მის პატარა და ჩიტის ბუდესავით გადმოკიდებულ სახლში იკრიბებოდა და იმ ზეიმის მონაწილე იყო, რასაც ზეიკო მუდმივად უწყობდა მეგობრებს. ჰყავდა საძმო-სამეგობრო, რომლებიც ზამთრის სუსხიან საღამოებს, ზემელის მოყინულ აღმართზე, ზეიკოს სიყვარულით ამოდიოდა. აი, ამ თბილისურ შუშაბანდებიან სახლში გადაიღო თენგიზ აბულაძემ თავის შედევრში. ეს „მონანიების” სახლია, სინანულით სავსე ქეთი ბარათელის სახლი.
მანამდე კი ოთხი სპეციალურად შერჩეული სახლი მოატარა რეჟისორმა ზეიკოს. „არა, ზეიკო, ეს არ არის შენი სახლი” – ეტყოდა თენგიზი.
მისტიკა იყო მისი ამ ფილმში მოხვედრა. ბარათელის როლში თენგიზ არჩვაძე უნდა გადაეღოთ. გადაღების წინ თენგიზ აბულაძემ სიზმარი ნახა – ვიღაცამ უთხრა, ბარათელის როლში ქალი უნდა გადაიღო და თანაც – ზეინაბ ბოცვაძეო. ნანა ჯანელიძეც, რომელიც ფილმის თანარეჟისორია (თენგიზის რძალია), მომხრე იყო, რომ ამ როლში კაცი უნდა ყოფილიყო. ის იხსენებს, როგორი ლამაზი ჩავიდა ბათუმში ზეიკო, ბეწვით, ბეჭდებით… „ისეთი მშვენიერი და ამაღლებული იყო, სუნთქვაშეკრული ვუყურებდით. თენგიზს უთქვამს, მე კი მინდა გადაგიღო, მაგრამ ნანა ქალის ამ როლში გადაღების წინააღმდეგიაო. მზეთუნახავი იყო. სასტუმროს ნომერში დავლიეთ. ასეთი საოცარი ქალი ჩემს ნომერში ისე გარდაისახა, რომ მივხვდი, რომ ის საფლავს ამოთხრიდა” – იხსენებს ნანა ჯანელიძე.
"და თუ თქვენ ამ სახლში ჩემი სული იგრძენით, ესე იგი სწორად ვცხოვრობ. მქონდა უძნელესი პერიოდი, ათი წელი ფილმში არ მითამაშია. ვკერავდი და თავს კერვით ვირჩენდი, ისე, როგორც ქეთევან ბარათელი ირჩენს თავს ტორტების ცხობით.
ახალგაზრდა ვიყავი, თამაში მინდოდა, მე კი არავის ვჭირდებოდი… გული მტკიოდა. იმ დროს ჩემ სახლში იკრიბებოდნენ ჩემი მეგობრები. ყოველი შეხვედრა სპექტაკლივით იყო. მე ეს ათი წელიწადი მარტოობა არ მიგრძვნია. ერთმანეთს ვჩუქნიდით რაღაცას, რაც ღიმილს იწვევდა.
ეს სახლი მე ნამდვილად მეხმარება. ჩემი ხელოვნება ამ სახლში დასახლდა. მე ვიყავი რეჟისორიც და მსახიობიც… შინაგანად სულ მქონდა იმის განცდა, რომ ერთ დღესაც დადგებოდა ის ჩემი დღე, საათი, წუთი. გამუდმებით ვიმუხტებოდი და თითქმის არასდროს ვიხარჯებოდი. გინახავთ ბეტონიდან ამოხეთქილი ბალახი, რომელსაც მზის დანახვის ისეთი სურვილი აქვს, რომ ბეტონსაც ხეთქავს. ამაზე ფიქრი მაიმედებდა…" – ამბობდა ზეიკო.
ცისანა: უამრავი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ბიჭები, სულ გარს ეხვივნენ. მასთან ურთიერთობისას ეტიკეტიც უნდა დაეცვათ. უყვარდა, რომ პატივს სცემდნენ და ყვავილები მოჰქონდათ, იძულებულს ხდიდა და თან ამას იუმორში აკეთებდა. კარგი იუმორი ჰქონდა.
მერე ჩემს წიგნში მისი მეგობრები მოგონებებში ამბობდნენ, ზეინაბმა რაინდებად გვაქციაო. მე კამერული ვარ, ზეიკო მჭერმეტყველი იყო. სუფრას თამადობდა. ასეთი სამეგობრო წრეში იყო, ისე კი მოკრძალებული გახლდათ.
ილიკო ფერაძემ, მსახიობ გია ფერაძის ძმამ, ზეიკოს სახლის იმ ოთახს, სადაც თითქმის თვე არ ჩაივლიდა ქეიფისა და მოლხენის გარეშე, „ზეიკოს ბუნკერი” დაარქვა. ბუნკერი გერმანულად თავშესაფარს ნიშნავს. როგორც ის წერს მოგონენებში, უგემრიელესი კერძების მომზადება იცოდა.
„ხუმრობით ვამბობდი, შემოდგომაზე ჩამოცვენილ ჩვეულებრივ ფოთოლსაც ისე შეაზავებდა მაიონეზითა და ნიგვზით, ვერაფრით მიხვდებოდი, რისგან იყო დამზადებული-მეთქი” – წერს ილიკო.
ვის არ ნახავდით ჩვენთან სტუმრად მოსულს, ძმები ფერაძეები, ამირან ბუაძე, ნანული სარაჯიშვილი, მარინა კახიანი, გოგი დოლიძე… ზეიკოს ორმოცზე ამირან ბუაძემ თქვა, სიზმარში ვნახე, გია ფერაძე და ზეიკო იქ ერთად ქეიფობდნენო. გია რომ დაიჭირეს, ილიკოს ეხმარებოდა ციხეში შესაგზავნი „პერედაჩების“ გაგზავნაში.
ყველას ზეიმს უქმნიდა, ყველას დარდს იზიარებდა. თავის დარდს თვითონ დაატარებდა, არასდროს არავის არ ენახვებოდა სევდიანი. ახმაურებული ოთახი რომ დაცარიელდებოდა და სტუმრები წავიდოდნენ, იჯდა მარტო, სევდიანი და ფიქრობდა. “მონანიებაში” საკანში რომ ზის ჩაფიქრებული და სევდიანი, აი, ასეთი იჯდა ხოლმე… ამოდი, ზეინაბ დაიძინე-მეთქი, დავუძახებდი. იჯდა სევდიანი და ფიქრობდა.
ამ დროს იყო ოპტიმისტი. სანამ ხარ, უნდა იცხოვრო, ზეიმი თვითონ უნდა მოიწყოო, ამბობდა. უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ისინიც დიდი სიამოვნებით ემეგობრებოდნენ.
მოსკოვში იყო, გრიპი შეხვდა, კლინიკაში იწვა, წამოსვლის წინა ღამეს კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. დიაბეტიანებს მაშინვე თუ არ მიაწოდე შაქარი, იღუპებიან. მოსკოვიდან დედოფალივით გადმოასვენეს.
თავს არ უფრთხილდებოდა, მე რომ ვაფრთხილებდი, ყვავივით ნუ დამჩხავიო, მეტყოდა. ურეჟიმოდ ცხოვრობდა. თამადობდა, არაყს სვამდა ეს დიაბეტიანი ქალი. ამიტომ იყო, ბოლოს უკვე ასაკი ძალიან დაეტყო.
თვითონ ქეთი ბარათელზე ასე ამბობდა.
„ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ქეთევანთან. ოდნავი ცინიზმი, სიმართლის თქმა, სევდა. მერე ბევრი რამ ვითამაშე, მაგრამ გამიჭირდა ქეთევანისგან გათავისუფლება. ქუჩაში მაჩერებდნენ არა როგორც ზეინაბ ბოცვაძეს, არამედ როგორც ქეთი ბარათელს. საზღვარგარეთაც ასე მხვდებოდნენ. მაშინ მივხვდი, რა გადაუტანია ხალხს. ქეთევანმა მათი სათქმელი თქვა.
არ ვარ სახალხო არტისტი, არ მაქვს ჯილდოები, მაგრამ მომწონს, რომ ახალგაზრდები, სიხარულითაც და მწუხარებითაც, ჩემთან მორბიან.”
ცისანა: გასვენების დღეს ზღვა ხალხი იყო ქუჩაში. დედოფალივით გამოასვენეს. თეთრები ხომ ისედაც უყვარდა, ეცვა თეთრი კაბა და გვირილებით იყო მორთული. ზეიკოს ყოფილმა ქმარმა ითხოვა, მომეცით ნება მეც ავწიო მისი სასახლეო.
ზეინაბის კუბოსთან გოდერძი ჩოხელმა და ედმონდ კალადაძემ დაიჩოქეს. სოფიკო ჭიაურელმა საოცარი სიტყვა თქვა. ყველას უყვარდა მსახიობებს, უფროს თაობასაც და უმცროსსაც.
თემურ შოშიტაიშვილმა წლისთავზე ზეიკოს სახელი დაარქვა ჩვენი სახლის ქუჩას.
ხომ ასეთი მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ერთს არ დაიწუწუნებდა.
მეუბნებოდა, დღესაც რომ გარდავიცვალო, არ ვინანებ. ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა, აბა, შენ რა გაქვს ნეტა მოსაგონარიო?
ძალიან მაკლია, სულ გვერდით მყავს...
რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."