1728312638
"ის საოცრებაა, ზოგჯერ მოცარტსაც ამსგავსებენ... და მისი ვარსკვლავობა გარდაუვალია" - რას წერენ უცხოეთში ცოტნე ზედგინიძეზე გადაღებულ ფილმზე
ხომ ყოველთვის გახსოვთ, რომ ვუნდერკინდი ცოტნე ზედგინიძე გვყავს?! 17 აგვისტოს 12 წლის გახდა. რა ხანია საკუთარ, საავტორო ნაწარმოებებს წერს. საკუთარი ხელწერაც აქვს უკვე. სულ ახალი კომპოზიციაც, როგორც "პრაიმტაიმს" ვუნდერკინდი მუსიკოსის ბებია უყვება, ცოტნესთვის დამახასიათებელი დრამატიზმით სავსეა.
"თავის ახალ თხზულებას ჯერჯერობით არქმევს "ფანტაზიას." დრამატიზმით აღსავსე და მასშტაბური ნაწარმოებია. 24 ოქტომბერს დაუკრავს კონცერტზე. ახლა არჩევს ბევრ ნაწარმოებს და დააკომპლექტებს, რათა შემდეგ სოლო კონცერტებზე დაუკრას. ახლა გარჩევით არის გატაცებული", - გვეუბნება ნინო მამრაძე.
რაც შეეხება სიახლეს, დოკუმენტური ფილმი Atonal Glow ("ატონალური ბზინვარება"), რომელიც მუსიკოსზე ალექსანდრე ქორიძემ გადაიღო, მალე მაყურებელი თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე იხილავს.
ნინო მამრაძე: - ალექსანდრე ქორიძემ ცოტნეზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ატონალური ბზინვარება", რომელიც უკვე სამ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. კარგი რეცენზიები დაიწერა. დეკემბერში ჩვენი დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე იქნება ნაჩვენები.
ფილმი ცოტნეს პიროვნებაზე და იმ გარემოზეა, რაშიც ის ცხოვრობს და რითაც სუნთქავს.
ფილმის სხვადასხვა რეცენზიებში ვკითხულობთ - ის არის 10-ის (აგვისტოში გახდა 12 წლის) და ის საოცრებაა! მას მოცარტსაც ამსგავსებენ. ის ცხოვრობს თავის ქარიზმატულ ბებიასთან და დასთან ერთად. ბებია არის მისი აღმზრდელიც და საერთაშორისო კარიერის მენეჯერიც. რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე დახვეწილად აბალანსებს ბავშვის საოცარუნარიანობას გარე დამკვირვებლის პერსპექტივიდან, იკვლევს ბავშვის აღზრდის ეკლიან რეალობას, რომლისთვისაც ვარსკვლავობა გარდაუვალი ჩანს.
აი, კიდევ ერთ-ერთი რეცენზია.
ქორიძე ყურადღებას ამახვილებს 10 წლის ცოტნე ზედგინიძეზე, ახალგაზრდა ქართველ ბიჭზე, რომელიც უჩვეულო უნარს ავლენს კლასიკურ ფორტეპიანოში და დაწყებული აქვს საკუთარი მოკრძალებული ნაწარმოებების შექმნა. ეს ბავშვი უბრალოებისა და რთული მომწიფებული ემოციების უნიკალური კომბინაციაა. თავის მჭიდროდ დალაგებულ 67 წუთში ქორიძეს ეძლევა თვალსაჩინო წვდომა ბავშვის ცხოვრებასა და ასევე მის მოუსვენარ ოჯახზე, რომელთანაც ყოველთვის ინარჩუნებს პატივისცემით კეთილგანწყობილ დისტანციას. ცოტნეს დასთან ერთად ზრდის ბებია ნინა, რომელიც მისი მუსიკალური ხელმძღვანელია. ნინა საოცარ მოთმინებას ავლენს ამ სფეროში თავისი მკაცრი სტანდარტების დანერგვითა და ცოტნეს ინტენსიური ვარჯიშის რეჟიმის გამომუშავებით.
რაც შეეხება თავად რეჟისორის ნააზრევს ფილმზე. ალექსანდრე ქორიძე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ფილმში ვუნდერკინდის შინაგანი სამყარო ეჩვენებინა.
ალექსანდრე ქორიძე: ფილმის მთავარი გმირი არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. ცოტნე ზედგენიძე უდავოდ დატოვებს თავის კვალს ისტორიაში, ისევე როგორც მოცარტმა, ბეთჰოვენმა და სხვა ლეგენდარულმა კომპოზიტორებმა დატოვეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ფილმში ბავშვის უნიკალური შინაგანი სამყაროს ჩვენება, რაც შეიძლება ბუნებრივად და ტაქტიანად.
ფილმს ჰყავს კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟი - ცოტნეს ბებია, ქალბატონი ნინო მამრაძე (ცნობილი ფორტეპიანოს მასწავლებელი საქართველოში). ცოტნეს და მის დას, მან შეუცვალა დედა, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნინო მხოლოდ ცოტნეს ახლო ნათესავი არ არის. ის ასევე მისი მუსიკის მენტორია, რომლის გარეშეც ბავშვის უნიკალური ნიჭი შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. თავისი დრამატული ყოფნით, ქალბატონი ისეთივე გმირია ფილმის, როგორც ცოტნე.
ცოტნეს უახლოეს მომავალში საინტერესო მოვლენები ელის. ის შენიშნეს ქართული მუსიკის თანამედროვე საყრდენებმა - გია ყანჩელმა და ნიკოლოზ რაჭველმა. ახალგაზრდა კომპოზიტორი საერთაშორისო ასპარეზზე გავა. ეს მოვლენები სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ფილმის ნარატიულ და დრამატულ კომპოზიციაზე.
ფილმის სტრუქტურა შედგება ორი ნარატივისაგან - ერთი არის მასალა, რომელსაც თავად ცოტნე იღებს მობილური ტელეფონით. ეს გვაძლევს საშუალებას პირდაპირ მის შინაგან სამყაროში ჩავიხედოთ. ამ სცენების გადაღებას ფილმის რეჟისორიც კი არ ესწრებოდა. მეორე არის კლასიკური ნარატივი, რომელიც გადმოცემულია დოკუმენტური კამერის თვალით.