დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
12 წლის ვუნდერკინდ კომპოზიტორს, ცოტნე ზედგინიძეს კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. ცოტნე, რომელიც სულ პატარაობიდან წერს გენიალურ და ურთულეს კლასიკურ ნაწარმოებებს, რომელმაც 9 წლის ასაკში, პირველი საავტორო კონცერტი დედის ხსოვნას მიუძღვნა, იწვევენ ევროპის ცნობილი საკონცერტო დარბაზები და ფესტივალები, ახლა პრობლემის წინაშე დგას:
მისი პედაგოგია ბებია (დედის დედა), მუსიკოსი ნინო მამრაძე. დედის გარდაცვალების შემდეგ, ცოტნე და მისი და - ნინო, სწორედ ბებიასთან იზრდებიან. ნინო მამრაძე აძლევს ბავშვებს განათლებასაც და ზოგადად, ასწავლის ცხოვრებას. მათი მეურვე და სულისჩამდგმელია.
ნინო მამრაძე: ნინიკო, დედის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გახდა სამი წლის, ცოტნე ხუთი წლინახევრის იყო. ბავშვებისთვის გარემო არცერთი დღით არ შეცვლილა. ის რომ დედა აღარ არის, ცოტნემ ღრმად გაათვითცნობიერა. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც სხვანაირად ფიქრობს მასზე, როგორც ჩანს ამიტომ წერს ასეთ მუსიკას. მას აქვს ადამიანის წასვლის აუცილებლობის შეგრძნება. კარგა ხანია აცნობიერებს, რომ დაბადებაც არ იქნება, თუ არ იქნება წასვლა.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ბიბლიაზე, მითოლოგიაზე. ამდენად ცოტნე ამ დაბადება-გარდაცვალების თემას კარგად შეიგრძნობს. თუმცა, და-ძმის სილაღეს ეს არ ეტყობა. სულ ჟივილ-ხივილში არიან.
მადლობა ღმერთს, ორივეს მაღალი ტემპერამენტი და ტონუსი აქვს. ყირაზე გადადიან და მადლობა ღმერთს, მომლხენი ბავშვები არიან, ოპტიმისტურად განწყობილი. დედიკოს ხასიათი აქვთ, ამან გვიშველა. ნათელ ფერებში ხედავენ ცხოვრებას.
მოკლედ, ფესტივალები ცოტნე ზედგინიძეს თავის პედაგოგთან ერთად იწვევენ. მამა კი ფესტივალების ორგანიზატორებს სთხოვს, რომ მოხდეს არა პედაგოგი ბებიის, არამედ მისი დაფინანსება და ცოტნესთან ერთად მიწვევა.
ამჯერად, ქართველ ვუნდერკინდს 1 ივლისს გერმანიაში, აუდის ფესტივალზე ელოდებიან, სადაც მისი ნაწარმოების პრემიერაა დაგეგმილი.
ცოტნემ გუშინ ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ არ უნდა მამასთან ერთად გამგზავრება. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ თუ მამა თავისი გზით ჩავა და დაესწრება მის საფესტივალო კონცერტს, საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
ცოტნე ზედგინიძე: უკვე მეოთხედ გოგი არ მიშვებს მე ფესტივალებზე ჩემს ერთადერთ პედაგოგთან - ბებიასთან ერთად. მან ისევ არ შეადგინა ჩემი ბებიასთან გაშვების ნოტარიულად დამოწმებული ნებართვა. ეს ისევ, უკვე მეოთხედ, უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ.
ჩემი უმწარესი გამოცდილებით, რომელსაც მისი ყოველი მოქმედება უფრო და უფრო აძლიერებს, მყარად გადაწყვეტილი მაქვს, რომ მირჩევნია 18 წლამდე საერთოდ არ გავიდე საზღვარგარეთ, ვიდრე ის იყოს ადამიანი რომელიც მე გამიყვანს. მე მისთვის ნათქვამიც და მიწერილიც მაქვს ამის შესახებ. ჩემი ყველა თანატოლი დადის კონკურსებზე და ფესტივალებზე თავის პედაგოგებთან ერთად. ყველას მშობელი აძლევს ნოტარიულად დამოწმებულ ნებართვას, რომ პედაგოგმა წაიყვანოს. არცერთი მშობელი არ ითხოვს ორგანიზატორებისაგან თავისთვის მოწვევას, თუ შეუძლიათ, თვითონ ყიდულობენ ბილეთებს და მიდიან თავისი ფულით. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამჯერ წავედი ჩემს პედაგოგთან - ბებიასთან ერთად, გოგი არც ერთხელ არ წამოვიდა! მას უნდა, რომ ორგანიზატორებმა ის მიიწვიონ და ყველაფერი გადაუხადონ როგორც ეს 2020-ში მოახერხა ჩემი სპონსორის ფულით.
მე ძალიან მჭირდება კონცერტები, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, გასვლა აუდიტორიის წინაშე, მაგრამ მე მიწევს ამაზე უარის თქმა, სხვა გზას მე გიორგი ზედგინიძე არ მიტოვებს. მას უნდა ყველა ჩემ მოწვევაში იყოს ჩაწერილი, ამისთვის იბრძვის უკვე ორი წელია, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალია თვითონ წავიდეს იქ სადაც უნდა და დაესწროს ნებისმიერ კონცერტს, მე კი მიწვევენ ისე როგორც საერთოდ მიღებულია - მოსწავლეს პედაგოგთან ერთად, ის კი ატერორებს ორგანიზატორებს, ეუბნება მათ რომ კანონიერი მამის გარეშე არ შეიძლება ჩემი წასვლა და მოწვევა.
"ეს დაუსრულებელი ჩაგვრაა!! მიყვარხარ, ჩემო ცოტნე, ნინიკოსთან და არაჩვეულებრივ ბებიასთან ერთად" - წერს ნინო ქათამაძე ფეისბუქზე.
ცოტნეს ვრცელ და ემოციურ პოსტს, ფეისბუქზე ასევე ვრცელი პოსტით ეხმიანება მისი დიდი გულშემატკივარი და ერთ-ერთი აღმომჩენი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.
ნიკოლოზ რაჭველი: - პირადად მე ყველანაირად ვცდილობდი დადებითი როლი შემესრულებინა ცოტნესა და მისი მამის ურთიერთობის დარეგულირებაში. მიმაჩნდა, რომ ეს იყო სწორი, ეს იყო ის, რაც მე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამომივიდა, საბოლოოდ ვდისტანცირდი მისგან და ბოლომდე გადმოვერთე ცოტნეს შემოქმედებითი საქმიანობისადმი თანადგომის აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საქმეში.
ახლა ვითარება ასეთია: ცოტნე თუ ვერ დაუკრავს ფესტივალზე და მით უმეტეს ოჯახში არსებული მოუგვარებელი პრობლემის მიზეზით, საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროში (ყველა ყველას იცნობს პრინციპით) უცებ გავრცელდება ხმა და ყველა საკონცერტო ორგანიზაცია თავს შეიკავებს მომავალში მისი მიწვევისაგან, ცოტნეს ფენომენით დაინტერესებული დიდი მუსიკოსები კი სიფრთხილეს გამოიჩენენ და თავს შეიკავებენ მასზე სათანადო ზრუნვისგან, რადგან არავის სურს სხვისი ოჯახური გარჩევის უნებურ თანამონაწილედ იქცეს. ყველაფერთან ერთად წყალში ჩაიყრება ლიზა ბათიაშვილის ცოტნესადმი გაწეული შეუფასებელი ამაგი (დამერწმუნეთ ლიზას ყურადღების არეალში მოხვედრას მსოფლიოში ალბათ ათიათასობით დამწყები თუ უკვე შემდგარი მუსიკოსი ოცნებობს)... მოკლედ, ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა, ხოლო მას როგორც ასაკით პატარა, მაგრამ გონებით ღრმა და საზრიან ბავშვს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დარტყმა, რის შედეგებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია...
ამიტომ ბოლოჯერ და უკანასკნელად უკვე საჯაროდ, მაგრამ ადამიანური მოკრძალებით მივმართავ ცოტნეს მამას, გიორგი ზედგინიძეს:
გოგი, გთხოვთ როგორმე გვერდზე გადადეთ ყოველი რადიკალური, თუნდაც თქვენი თვალსაზრისით სამართლიანი ფიქრი, ბავშვების ბებიის "დასჯის" სურვილი (რაშიც ვერასდროს ვიქნები თანამოაზრე), მამობრივი ამბიცია (რა ნაწილშიც თქვენი გულწრფელად მესმის!) და დროულად შეადგინეთ ის დოკუმენტი, რომლითაც თქვენ, როგორც მეურვე, ნებართვას გასცემთ ბავშვების ბებიასა და ცოტნეს პედაგოგ ნინა მამრაძეზე, რათა წამოიყვანოს ცოტნე და ნინიკო გერმანიაში! დარწმუნებული ვარ მოსამართლე ისედაც გამოიტანს ამ განაჩენს, თუნდაც მესამედ თუ მეოთხედ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დაგაშორებთ ცოტნესთან ურთიერთობის აღდგენის სანუკვარ პერსპექტივას!
საუკეთესო სურვილებით,
ნიკოლოზ რაჭველი
თქვენი შვილის, ჩემი საამაყო კოლეგის უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი...