„მხოლოდ გია ყანჩელს ჰქონდა და ახლა უკვე ცოტნეს აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება...“ - ნიკოლოზ რაჭველი 12 წლის ვირტუოზი მუსიკოსის შესახებ

ნიკოლოზ რაჭველი

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, 12 წლის ვირტუოზი მუსიკოსის, ცოტნე ზედგინიძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი მუშაობის პროცესის დროს განცდილ ემოციებს საზოგადოებას უზიარებს.

„ყოველი ეპიზოდის შემდეგ (გერმანიაშიც და აქაც) ვეკითხებოდი აზრს თუ რამდენად პასუხობს ჩემი დირიჟორობა ან ორკესტრის შესრულება მის ჩანაფიქრს, რამდენად აკმაყოფილებს ჩვენი ინტერპრეტაცია მას, როგორც მუსიკის ავტორს. ვინ მოთვლის მართლაც რამდენ კომპოზიტორთან მაქვს თანამშრომლობის გამოცდილება და

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მხოლოდ გია ყანჩელს ჰქონდა და ახლა უკვე ცოტნეს აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება: ნებისმიერი, თუნდაც კრიტიკული აზრის გამოხატვას იწყებს ორკესტრისადმი კომპლიმენტით, შექებით და მადლიერებით, მხოლოდ შემდგომ ამბობს შენიშვნას, უფრო მეტად გამოთქვამს სურვილებს, რაშიც აქვს უმაღლესი სტანდარტის სიზუსტე, ცოდნა, გააზრება და პროფესიონალიზმი! მუშაობისას საერთოდ ვერ აღიქვამ, რომ საქმე გაქვს 12 წლის ადამიანთან, ამას მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც რეპეტიცია მთავრდება და გენიოსობიდან უცებ ცელქ და მხიარულ ბავშვად გადაიქცევა…12 აგვისტოს საღამოს 8 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გელით ჩვენი მორიგი სასცენო ტანდემის საგულშემატკივროდ გია ყანჩელისადმი მიძღნილი “კონცეპტარტის” საფესტივალო დღეების დახურვაზე“,- წერს ნიკოლოზ რაჭველი.