Exclusive: „დაბადების დღეზე დამირეკა და მითხრა, სახლი გაჩუქეო“ - იუბილარი ნანი ბრეგვაძე პირადსა და დაუვიწყარ საჩუქრებზე

nani

ნანი ბრეგვაძე 86 წლის გახდა. როგორც ქართული სცენის ლეგენდამ "პრაიმტაიმს" განუცხადა, დაბადების დღის აღნიშვნას ოჯახის წევრებთან ერთად, ვიწრო წრეში აპირებს.

"რა შეიცვალა? ისევ მომემატა წლოვანება. შინაგანი განწყობა უცვლელია. ჩემი ნატალიკოც და მისი ვაჟიც 21 რიცხვში არიან დაბადებულნი და მიყვარს ეს რიცხვი" - განწყობას გვიზიარებს იუბილარი.

პრიმადონამ ბევრი რამ გაიხსენა, არაჩვეულებრივი ინტერვიუ მოგვცა და თვითონაც ისიამოვნა.

მე კი შემიძლია გითხრათ, რომ თავმდაბლობა და კეთილშობილება არ ისწავლება. ის უნდა გაგაჩნდეთ და კეთილგანწყობასა და სიყვარულს თავისთავად მოიპოვებთ. ასეთია ნანი ბრეგვაძე, გულწრფელი და კეთილშობილი, დიადიც და ამავდროულად სადაც...

ნანი ბრეგვაძე: 21 ივლისს ჩემი ყველა მეგობარი აგარაკზე იყო. დედა კი აუცილებლად აღნიშნავდა ჩემს დაბადების დღეს და მეგობრები ჩამოდიოდნენ ამ დღეს თბილისში. ეს ტრადიცია იყო. წელს ვიწრო წრეში აღვნიშნავ. სად რას ვაპირებ, არ ვიტყვი.

საჩუქარი? როგორ შეიძლება საჩუქარი არ გიყვარდეს. ჩვეულებრივ დღესაც, ვარდსაც რომ მაჩუქებენ, მადლიერი ვარ. მაგრამ დაბადების დღეს ნაჩუქარი საჩუქრები უხერხულობაში მაგდებს. არ ვამეტებ, ძალიან მეუხერხულება. მე ხომ ვიცი, წუხდებიან, არიან ტანჯვა-წამებაში, რა მაჩუქონ. ძალიან მოწადინებულები არიან, რომ რამე ძვირფასი მომიტანონ. ამ დროს, სიძვირფასის მოყვარული არ ვარ. ჩემთვის ძვირფასები არიან ადამიანები. ამიტომ, ყველას ვეუბნები, მოდით თვითონ და ეს იქნება ჩემთვის დიდი საჩუქარი-მეთქი. 

ყველა საჩუქარს პატივს ვცემ და ვინახავ. ყოველთვის ვატარებ ნაჩუქარ სამკაულს.

- ქალბატონო ნანი, განსაკუთრებული საჩუქარი რა მიგიღიათ?

- ერთ დაბადების დღეზე მოსკოვიდან ახალგაზრდა ქართველმა ცოლ-ქმარმა დამირეკა. რას აკეთებთ, ქალბატონო ნანი, ზიხართო? არა, ვდგავარ, ხალხია ჩემთან სტუმრად-მეთქი, ვუპასუხე. აბა, დაბრძანდით, რაღაც უნდა გითხრათ - ბინა გაჩუქეთ მოსკოვშიო! ექიმია ეს ქალბატონი, თითქოს ჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ ჩვეულებრივი არ არის. ეს გოგო გამორჩეული ადამიანია. რომ ამბობენ, მესამე თვალი აქვს და ყველაფერს ხედავსო, ასეთია. უნიჭიერესი გოგოა. იმ დროს, როცა მე ბინა მაჩუქა, მოსკოვში მედიცინის ხაზით თავის კარიერას იწყებდა.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა ვითომ ეკას უყიდა მანქანა, სინამდვილეში მე მაჩუქა.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევისგან ნაჩუქარი კარტიეს არაჩვეულებრივი საათი დღემდე მაქვს და ვიკეთებ. 

საქართველოს ყველა დროის მთავრობისგან ყოველთვის დიდი ყურადღების ქვეშ ვარ. სულ მაფასებენ და მადლობელი ვარ.

დღეს ბევრი თაიგული მომდის სახლში. მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები მეგობრებისგან. ძალიან ლამაზია ჩემი სახლი. "ყვავილებში დამეკარგე", სიმღერა ხომ იცით? ასე ვარ. 

- რა საიდუმლოებაა იმაში, რომ ასე უყვარხართ ყველა თაობას?

- ამას საიდუმლოება არ აქვს. ან ხარ ან არ ხარ ასეთი. ამისთვის სპეციალურად არაფერს ვაკეთებ. თუ კეთილშობილი ხარ, კეთილგანწყობას იმსახურებ. ძალით მოტანილი პოპულარობა არ არსებობს. მოვა და მალევე წავა. აქ არის შენი დამოკიდებულება, შენი კარგი საქციელი. საქმე უნდა გიყვარდეს და უნდა იყო პროფესიონალი. სიძულვილი არ შეიძლება. ვერაფერს გააკეთებ. კეთილშობილი ძალით ვერ იქნები. ყველაფერში კარგის დანახვა უნდა გინდოდეს. ყველა ადამიანს აქვს კარგი მხარე. და ეს უნდა დაინახო.

- მემუარების დაწერაზე არ გიფიქრიათ?

- მე რომ დავწერო, ამაზე არ მიფიქრია. ვერ წარმომიდგენია, საკუთარ თავზე მე როგორ უნდა მოვყვე. სხვამ უნდა თქვას და დაწეროს ჩემზე. არის საუბრები, რომ დაიწეროს ჩემზე წიგნი.

- ვფიქრობ, ბესტსელერი გახდება...

- არა, არ იქნება საინტერესო. ყველას აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, რას აკეთებ... ამაზე კი არასდროს ვილაპარაკებ. რატომ უნდა ვილაპარაკო, ხომ არ იცით? ცოცხალი ადამიანი ვარ, სიყვარულიც მქონია. მაგრამ ცუდი ნაბიჯი არ გადამიდგამს. ასე მგონია, რომ გული არავისთვის მიტკენინებია. როგორ შეიძლება? ეგ კი არა, მახსოვს, ერთი ბიჭი მომწონდა, ამაზე არ ვლაპარაკობდი, ჩემ უახლოეს მეგობარს ის ბიჭი უყვარდა. ვიფიქრე, როგორ შეიძლება ამას უყვარს და მეც მომწონდეს-მეთქი და ის ბიჭი გულიდან ამოვიღე. შემდეგ ისინიც სხვადასხვა გზით წავიდნენ, მაგრამ მე მეგობრის გამო ჩემი სიმპათია დავთმე. ტვინი მუშაობდა, თავს ვერეოდი. შეიძლება იმ დროს რთული იყო, მაგრამ როცა თავთან მართალი ხარ, მერე მშვიდად ხარ. სიკეთეს რომ აკეთებ, სიკეთით გიბრუნდება. თან ამ ქვეყანაში არაფერი იმალება.

მერე რა, რომ მე ვმღერი? ამით მეპატიება რამე ცუდი საქციელი? არა. რამდენი ჭორი დადიოდა ჩემზე, ახალგაზრდა რომ ვიყავი და "ორერასთან" ერთად ვმღეროდი. ხან ბუბა, ხან რობერტ ბარძიმაშვილი მომაწებეს. მაგრამ სიმართლე არ იკარგება. სიმართლეს დრო ადგენს. ყველაზე ძლიერია. ის ყველაფერს თავის ადგილს უჩენს, კარგსაც და ცუდსაც.

დედის დარიგება სულ მახსოვს, შენი ხმა ყველას დაავიწყდება, შენი საქციელი კი სულ ემახსოვრებათ, ამიტომ ეცადე შეცდომები არ დაუშვა, იყავი კეთილშობილი, ადამიანურიო. ეს სულ თავში მქონდა. 

იცით, რამდენია ჩემზე უკეთესი და სიკეთის მკეთებელი ადამიანი. რახან მე სახე ვარ, ამიტომ ვჩანვარ. იცით, რამდენი დიდებული ადამიანია ჩემს გარშემო, რომ მათზე არავინ არაფერი იცის. მრცხვენია, რომ მე მაქებენ და ამ ადამიანებზე არაფერი იციან.

სიკეთეში გავიზარდე და არ გავფუჭებულვარ. ამას თამამად ვამბობ. სიბინძურეები არ შემხებია. 

ისეთ დროში ვცხოვრობთ ფულს დიდი ადგილი უკავია.

- თქვენს ცხოვრებაში ფულს რა მნიშვნელობა ენიჭებოდა?

- გეტყვით. მოსკოვში, პეტერბურგში, ორ განყოფილებიან კოცერტებში, ბილეთები რომ არ იშოვებოდა, მე 48 მანეთს ვიღებდი. მერე როცა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მომენიჭა, მომემატა ანაზღაურება. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ნორმალური ჰონორარი გამიხდა. ოღონდ არავისზე დიდი ფული არ მქონია. ჩემთვის ბიზნესი ზღაპარია, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ კეთდება. ჩემი სიმღერით მაქვს ყველაფერი შეძენილი. თუმცა ჩემი ოჯახისგანაც მაქვს შემორჩენილი ქონება, ნივთები, ფრანგული ავეჯი, ძვირფასი ჭურჭელი. ვამატებ და ვამატებ სახლის ნივთებს. ვგიჟდები ჭურჭლის ყიდვაზე. მაქვს ლამაზი ჭურჭელი, რომელზედაც ვჭამ. ესთეტურ სიამოვნებას მანიჭებს. მაქვს ძველი ვერცხლის საშაქრე, რომელიც მიყვარს და ძვირფასია ჩემთვის.

მაქვს დიდი მხატვრების ნახატები - ზურა ნიჟარაძის, ჩემი უსაყვარლესი პიკოს ნახატები. ჩუბჩიკას და მისი შვილის ნახატები... ნატუსია ფალავანდიშვილმა ვერ დამხატა, სულ სხვადასხვანაირი ვიყავი. ერთმა რუსმა მხატვარმა დამიბარა, დაგხატეო და რომ ვნახე, თეთრ თმაში დავუხატივარ. გული გამისკდა რომ ვნახე. სად მიგდია, არც ვიცი. ზაზა კახიანმა გულიანად დამხატა. მიყვარს ნახატები.

- კონცერტზე ხომ არ ფიქრობთ?

- არა. დიდი კონცერტები დავამთავრე. აღარ შემიძლია. თუ ვინმე ჩამოდის უცხოეთიდან და ითხოვენ ჩემს სიმღერას, დახურულ წვეულებებზე, ვმღერი. ისრაელიდან პროფესორი იყო ჩამოსული და მოითხოვა, ნანის მოსმენით ვისიამოვნებო და მიმიწვიეს. დახურულ პატარა საღამოებზე სიამოვნებით ვმღერი. დიდი კონცერტები დავამთავრე...

- დღეს 86 წლის გახდით. როდესაც თვალს ავლებთ თქვენს მრავალფეროვან ცხოვრებას, როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს?

- არაფერი ისეთი. იმდენი ნაკლი მაქვს, ეს რომ ჩამოვთვალო, წარმოდგენა შეგეცვლებათ. მე ჩემი თავი არ მომწონს, იცოდეთ. არც ჩემი სიმღერით ვყოფილვარ გადარეული. მახვილი თვალი და ყური მაქვს. ჩემი შვილიშვილები ხელში მყავს შეკლული. საშინლად კრიტიკული ვარ. ეს ცუდი არ არის. ჩემი მასწავლებელი ჩემი ოჯახი იყო. მე რომ პოპულარობის დასაწყისში ვიყავი და მაქებდნენ, ეს დედაჩემითვის განსაკუთრებული არ ყოფილა. სულ მეუბნებოდა, სიმღერა და პოპულარობა მთავარი არ არის, მთავარი ადამიანობა და საქციელიაო.

ჩემს ბიჭებს - შვილიშვილებს, შვილთაშვილებს თავში ვუდებ, ეს ცუდია, ის არ გააკეთოთ-მეთქი. უნდა ელაპარაკო, ისინი არ გისმენენ, მაგრამ მახსოვრობაში ელექებათ... 

ხომ ამბობენ, რომ ბავშვს კარგი არ უნდა ჩააცვაო. პირიქით, ლამაზი უნდა ჩააცვა, რომ გემოვნება დაეხვეწოს.

- რატომ ხართ საკუთარი გარეგნობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი?

- მე ვიცი, როგორიც ვარ და ამიტომ. ჯიში ხომ იცით... ლამაზი დეიდები და ბებიები მყავდა. კარგი სისხლის ადამიანები - წულუკიძეები, მიქელაძეები, დადეშქელიანები, ლორთქიფანიძეები... დეიდა ნამდვილი "არისტოკრატკა" იყო. მე ბავშვობაში საშინელება ვიყავი. დედა ეუბნებოდა თავის დას, გოგოლა, შენ გამსგავსებენ ნანისო და ის პასუხობდა, რა გინდა, თავი მაქვს მოსაკლავი, ამ ბავშვს როგორ მამსგავსებენო. (იცინის) ალბათ, ასაკში დავემსგავსე. ბებია იყო ულამაზესი, ქუთაისის მზეთუნახავი, ლორთქიფანიძის ქალი.

- როდის არის ქალი ლამაზი?

- ზოგი ახალგაზრდობაში ისეთი ლამაზია და მერე ასაკში რომ ნახავ, ვერ ვხდები, სად წავიდა ეს სილამაზე... გენანება. ახალგაზრდობა დიდი სიმდიდრეა. გაფრთხილება უნდა. იმ დროს ამაზე არ ფიქრობ, ასე გგონია, სულ ასე იქნება. ასაკში შენი ფერები და ფორმები მიდის. ცხვირი გიგრძელდება. მე სულ დიდი ცხვირი მქონდა, მაგრამ არ გამიკეთებია. სახეს ვუვლი, რაღაცებს "ვირჭობ" და ამას არც ვმალავ. თავს უნდა მოუარო. აქ დასამალი არაფერია. სიამოვნება უნდა მიანიჭო თავსაც და სხვასაც. უშველებელი ტუჩები რომ აქვთ და ვეღარ ლაპარაკობენ, საშინელებაა. ზომიერება ყველაფერში დასაცავია.

სიბერეში, წინა პლანზე შენი შინაგანი სამყარო ინაცვლებს და თვალებიდან ის იფრქვევა. შენი შინაგანი სამყარო გამომეტყველებაზე გეტყობა და ამით ლამაზდები. როგორ იქცევი, როგორი მანერაც გაქვს, გარეგნულადაც ისეთი ხარ. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მთავარი - ბოროტი არ უნდა იყო. ღვარძლი გარეგნულად გაფუჭებს. სითბო და სიკეთე კი გამშვენიერებს...

- მადლობა, იშვიათი ინტერვიუ მომეცით...

- იმიტომ, რომ კარგ კითხვებს მისვამდი. ენერგეტიკაც კარგი გაქვთ... მადლობა, გენაცვალე...