,,იქ არაფერი არ არის მოგონილი, ყველაფერი სინამდვილეში მოხდა“ - როგორ იხსენებდა ნანა მჭედლიძე იმერულ ესკიზებს

მჭედლიძე

„იმერულ ესკიზებს“ რეჟისორი ნანა მჭედლიძე იხსენებდა.

„ვეძებდი მოვიარე მთელი საქართველო და ვერავინ ვერ ვნახე. ვეძებდი ხასიათით იმერელს. მითხრეს ნანა აქ ისეთი ბავშვი მოვიდაო, რომ ზუსტად ისეთი გჭირდებაო. მაჩვენეს წითური გოგო.  იქ არაფერი არ არის მოგონილი ჩემს მიერ, ყველაფერი მოხდა.

ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ. საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი _ „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძის „ცოლს“ ვინც თამაშობს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ, შეიძლებოდა, ეთამაშა.

გავიარეთ გორში. დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის – დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო. პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს. სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე“. – იხსენებდა ნანა მჭედლიძე, ერთ-ერთ ინტერვიუში.