პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გასულ კვირას გარდაცვლილ, "სუხიშვილების" 41 წლის სოლისტს, კობა მეტრეველს "პრაიმტაიმთან" ძეგვის დედათა მონასტრის მონაზონი, დედა სარა იაშვილი იხსენებს.
მონაზონი მეზობლად მცხოვრებ კობას საუკეთესო ადამიანად ახასიათებს.
დედა სარა: მეზობლები ვიყავით, ერთად გავიზარდეთ, ვმეგობრობდით. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. გამორჩეული ადამიანი იყო და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. კობა მართლა გამორჩეული იყო. ნახავდი და დაგამახსოვრდებოდა. იყო გულისმხიერი, კეთილშობილი, წესიერი, პატიოსანი ადამიანი. კობაზე თამამად ვამბობ, ყველა სათნოება და ნიჭი იყო მასში თავმოყრილი. სახლშიც და გარეთაც ყველგან ძალიან კარგი იყო.
იშვიათად რომ იბადებიან, ისეთ ადამიანთა რიცხვს მივაკუთვნებდი. მას ასეთად აღიქვამდა ყველა, ვინც კი იცნობდა.
უბანში ყველას უყვარდა. დედაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა. ის იხსენებს, არ არსებობდა, დავენახე და მანქანა არ გაეჩერებინა და არ ეკითხა, გადასასვლელ ხიდთან მივდივარ, ხომ არ წამოხვალთ, ცისანა დეიდაო?
რამდენიმე თვის წინ თბილისში ჩამოსვლისას მოვინახულე. წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი და პარაკლისი ჩავუტანე. ავუხსენი როგორ ელოცა... წმინდა ნიკოლოზი სასწაულმოქმედია და შეგეწევა აუცილებლად-მეთქი. მაშინ ვუთხარი, დედიკოს გამორჩეულად უყვარხარ-მეთქი. და მითხრა, ყოველთვის ვგრძნობდი ცისანა დეიდას ჩემდამი გამორჩეულ და თბილ დამოკიდებულებასო.
ისეთი მოსალმება იცოდა, გულს გაგინათებდა. თბილი, ტკბილი...
ბოლოს რომ შევხვდი, მანქანიდან გადმოვიდა, მომიკითხა, მისი ამბით რომ დავინტერესდი, მითხრა: მეტასტაზები გადასულია ღვიძლზე, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. იმის უფლება არ მაქვს, სულიერად დავეცე და ამ დაავადებას დავემორჩილო, რადგან ჩემს უკან უამრავი ხალხი ხართ, ვისაც გიყვარვართ და ვისი იმედებიც უნდა გავამართლოო. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვინც ასეთი შემართებით ებრძოდა მძიმე სენს. ოჯახის წევრებს აქეთ ამხნევებდა.
ღვთისმოსავი ადამიანი იყო, მორწმუნე იყო, ლურჯ მონასტერში დადიოდა. მოძღვარი იქ ჰყავდა. იქიდან მოხდა მისი გამოსვენება...
გარდაცვლილი ახლოს არის უფალთან და იმედი გვაქვს, რომ კობას ლოცვა იქიდან შეგვეწევა. გააძლიერებს მის ოჯახის წევრებს.
წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთს მაშინ გაჰყავს ადამიანი წუთისოფლიდან, როდესაც მისი ცხონების ყველაზე დიდი შანსია. უკვე რომ უნდა ცხონდეს და იმის იქით რომ ისეთს ვერაფერს გააკეთებს, კეთილ საქმეებში რომ მიემატოს. ცხონებისთვის ყველაზე საჭირო მომენტში გაჰყავსო. გვიჭირს ადამიანებს ახალგაზრდების გარდაცვალების მიღება, მაგრამ უნდა მივიღოთ...