"ცეკვისას დაფრინავდა... ბოლოს, "აჭარულის" ცეკვისას წელს იტკიებდა" - რა გახდა სუხიშვილების სოლისტის გარდაცვალების მიზეზი

koba

გუშინ "სუხიშვილები" ბათუმში მესამე კონცერტს მართავდნენ, როდესაც სამწუხარო ინფორმაცია შეიტყვეს. სიმსივნესთან ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ნაციონალური ბალეტის სოლისტი, კობა მეტრეველი კლინიკაში გარდაიცვალა.  

ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი, ხატია ეკიზაშვილი "პრაიმტაიმთან" მათი დიდი ოჯახის წევრს იხსენებს.

"ერთი წელია ამ ვერაგ დაავადებას ებრძოდა. ამ ხნის მანძილზე თითქოს რემისიაც იყო, იმედი მოგვეცა. თვითონაც შემართებით იყო. ფილარმონიაში ახლახან ჩვენს კონცერტსაც დაესწრო. 

ანსამბლში 15 წელი გაატარა. ცეკვავდა თითქმის ყველა ცეკვას. "ტრიუკებიც" ჰქონდა... არაჩვეულებრივი მოცეკვავე  იყო. მასთან მუშაობა, ხელმძღვანელებისთვისაც და კოლეგებისთვისაც, კომფორტული გახლდათ.

იყო გამორჩეულად კეთილშობილი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აღარ არის. ვერავინ იტყვის, რომ კობასთან მცირედი უთანხმოება მოსვლოდა. პატივისცემით განგაწყობდა მის მიმართ. იყო წესიერი და პროფესიონალი. არასდროს არ დაუმსახურებია ერთი შენიშვნაც კი" - ამბობს ხატია ეკიზაშვილი.

მოცეკვავე კოსტა ყურაშვილი კობა მეტრეველის შვილის ნათლიაა. გასტროლების დროს მეგობრები, ბუნებრივია, ერთ ნომერში ცხოვრობდნენ.

კოსტას უმძიმს ახლობელ ადამიანზე უკვე წარსულში საუბარი. თუმცა "პრაიმტაიმის" მკითხველთან მან კომენტარი მაინც გააკეთა.

კოსტა ყურაშვილი: - მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ამ ავადმყოფობის შესახებ, მის გარდაცვალებას მაინც არ ველოდით. 

გუშინ ბათუმში კონცერტი მოვრჩით და ეს ამბავიც მალევე მოხდა...

მე კობას მეუღლისგან ყველა დეტალს ვიგებდი. ქიმიოთერაპიას იკეთებდა. რაღაც პერიოდი კარგი ანალიზებიც ჰქონდა. დაავადება ფილტვიდან დაიწყო და ღვიძლზე გადავიდა... ბოლოს ყველა ორგანო უფუნქციო იყო...

და წუხელ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა... 

საუკეთესო მეგობარი და ადამიანი იყო. ყოველთვის გვერდით ედგა ყველა ჩვენთაგანს. გულთან მიჰქონდა ყველას სიკეთეც და გასაჭირიც. განსაკუთრებული იყო.

ორი ბიჭი ჰყავს. მე ერთ-ერთის, ანდრიას ნათლია ვარ...

ჩვენ ყველა გასტროლის თუ მოგზაურობის დროს ერთად ვიყავით, ერთ ნომერში ვცხოვრობდით. 

ნაფეტვრებში "თაკარაზე" ტრადიციულ პროგრამას ვცეკვავდით, მოგეხსენებათ. კობა "აჭარულის" სოლოს ასრულებდა. ანსამბლში თავისებურად ყველა სოლისტია. და აი, მახსოვს, "აჭარულის" დროს დაეწყო ჩივილები, წელი მტკივაო, ამბობდა. წელის ტკივილი, ასე თუ ისე, ყველას გვაქვს. მერე ანალიზებს რომ მიჰყვნენ აღმოაჩინეს ეს პრობლემა. მერე კოვიდი შეხვდა და სავარაუდოდ, ამ დაავადების პროვოცირება გამოიწვია და დაჩქარა...

მხნედ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ტკივილს გაუძლო. ფილარმონიაში ოჯახთან ერთად სოლო კონცერტებზე მოდიოდა.

ძლიერი და კეთილშობილი პიროვნება. პატარა ლუკმას გაგიყოფდა, დამიჯერეთ. გარდაცვლილზე მხოლოდ კარგს ამბობენ, მაგრამ კობას შემთხვევაში ცუდი ვერც გაგახსენდება. უდიდესი ადამიანი იყო და ამას ისიც კი გეტყოდათ, ვისაც მცირე შეხება ჰქონია მასთან.

გუშინ იხსენებდა ჩემი მეგობარია, ყარაჩოღელის ცეკვისას დაფრინავდა. თავისუფლად და თავისი მანერით ცეკვავდა. უყვარდა "აჭარული". მე და კობა ცერზე დუეტში ვცეკვავდით "სინდის" შემდეგ ფინალურ შეჯიბრში. "ხევსურულის" დუეტებშიც არაჩვეულებრივი იყო. ბევრ ცეკვას ცეკვავდა, თავისებური სტილი ჰქონდა. ადრე "როკვაში" ცეკვავდა. თავისებური ცეკვის მანერა და ქართული იერი ჰქონდა.

სიტყვები ზედმეტია... ვერ გადმოგცემთ ჩვენს თავს ახლა რა ხდება. ჩვენთვის კობა ყოველთვის იცოცხლებს... ის ჩვენი გულებიდან არასდროს წავა. სულიერად ისევ ერთად ვიქნებით...